ვის რამდენი დაუჯდა მეორე ტური

არჩევნების მეორე ტურის წინ 13 დღეში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 4 მილიონზე მეტი ლარი (4 170 643) მიიღეს და ამ თანხის დიდი ნაწილი (3 798 898) რეკლამაზე დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საპრეზიდენტო კანდიდატების დეკლარაციების მიხედვით, რომელიც 15 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, მიღებული შემოწირულებებით და, შესაბამისად, ხარჯების ოდენობით სალომე ზურაბიშვილი ბევრად უსწრებს გიორგი ვაშაძეს.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა 3 038 654 ლარი მიიღო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან. გრიგოლ ვაშაძის შემომწირველებს შორის მოცემულ პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, მიღებული 1 131 989 ლარიდან თითქმის ნახევარი ( 464 094 ) კი სახელმწიფო დაფინანსებას შეადგენს.

სალომე ზურაბიშვილი

შემოწირულებები

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 13 დღეში 174 შემოწირულებაა დეკლარირებული. ფიზიკური პირებისგან მან 2 168 564 ლარი მიიღო, სხვადასხვა კომპანიისგან კი - 770 000 ლარი.

შემოწირულებებს შორის არის უსასყიდლო მომსახურება თუ მიღებული პროდუქტი. მაგალითად, პოლიგრაფიული მომსახურება სამმა კომპანიამ (დ&ლ სერვისი, ფორტაქს გრუპი და შპს ბემონი) გაუწია სალომე ზურაბიშვილს და შედეგად მიიღო ბილბორდებზე განთავსებული რეკლამები და მათი უსასყიდლოდ განთავსება.

უსასყიდლო პოლიგრაფიული მომსახურების ოდენობა დეკლარაციაში 398 068,74 ლარად არის შეფასებული და, გარდა ამ სამი კომპანიის სერვისისა, მოიცავს 649 000 ცალი ფლაერის უსასყიდლო ბეჭდვას, რაც პირადად მირიან ყარაულაშვილმა იტვირთა, და გარე ბილბორდის სარეკლამო ბეჭდვას, რაც ალექსანდრე მეგუთნიშვილმა უზრუნველყო.

მარნეულში კი ადილ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს 8 000 ლარად შეფასებული კონცერტი შესწირა - მღეროდა მომღერალი უზეირ მეხდიზადე რუსთაველზე.

მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს 15-მა პირმა შესწირა შესაწირის უმაღლესი რაოდენობა, 60 000 ლარი, შემომწირველ კომპანიებს შორის კი არიან შპს „მილადა ინტერნეშენალი“, „ჯეო სენდი“, „ჯეო კვარცი“, „ჰელსი“, „ეი ბი სი“ და „ემ თი ჯი ჯორჯია“.

ხარჯები

არჩევნების მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე მიიღო.

15 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე მისმა ხარჯებმა 3 260 810 ლარი შეადგინა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი რეკლამაზე მოდის.

რეკლამა

საერთო სარეკლამო ბიუჯეტიდან (2 882 319 ლარი) უდიდესი ნაწილი (2 523 549) ტელერეკლამაზე დაიხარჯა. სალომე ზურაბიშვილს დაქირავებული ჰყავდა ინტერნეტრეკლამისთვის სააგენტო, ბილბორდების ნაწილი კი უფასოდ, შემოწირულებად მიიღო.

ხელფასები

დეკლარაციის მიხედვით, საარჩევნო კამპანიაში დასაქმებული იყო 12 ადამიანი, რომელთა ხელფასმაც მოცემულ პერიოდში 21 875 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთი მივლინება ქვეყნის შიგნით, ქუთაისში, რომელიც 1345 ლარი დაჯდა.

ზარალი კურსთაშორისი სხვაობიდან

დეკლარაციების ხარჯების ნაწილში ცალკე გრაფად არის გამოყოფილი ზარალი კურსთაშორისი სხვაობიდან, რომელმაც სალომე ზურაბიშვილისთვის 1 084 ლარი შეადგინა.

გრიგოლ ვაშაძე

შემოწირულებები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურის წინ 1 31 989 ლარის შემოსავლები მიიღო. მის სასარგებლოდ შემოწირულება 58-მა ფიზიკურმა პირმა გააკეთა. შემომწირველებს შორის არ არიან იურიდიული პირები და საერთო თანხის დიდ ნაწილს შეადგენს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა - 464 094 ლარი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სოლიდური თანხა, 60-60 ათასი ლარი, ორმა ადამიანმა - დავით იმედაშვილმა და გელა ჩხეიძემ - შესწირა. მსხვილ შემომწირველებს შორის არიან მედეა აბაშიძე, 59 994 ლარით, ხატია დეკანოიძე (45 000), შოთა მალაშხია (40 000).

ხარჯები

გრიგოლ ვაშაძემ, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილმა, თანხის უმეტესობა წინასაარჩევნოდ რეკლამაზე დახარჯა. ჯამში, მან არჩევნების მეორე ტურის წინ 1 258 096 ლარი დახარჯა და აქედან თითქმის ნახევარი, 916 579 ლარი, რეკლამაზე დაიხარჯა. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი მივლინება ფიქსირდება, რომელიც 160 ლარი დაჯდა.

რეკლამა

რეკლამაში გრიგოლ ვაშაძემ, ჯამში, 916 579 ლარი დახარჯა. დიდი ნაწილი აქაც სატელევიზიო რეკლამაზე მოდის. პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის ბეჭდური რეკლამის დამატებითი რესურსი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არ გამოუყენებია და ამომრჩეველთან ხმის მიწვდენას მხოლოდ ტელევიზიითა და ინტერნეტით ცდილობდა.

ციფრულ რეკლამაში გრიგოლ ვაშაძემ 12 235 ლარი დახარჯა და ამ სერვისისთვის დეკლარაციაში კონტრაქტორი ფირმა არ იძებნება.

ხელფასები

მნიშვნელოვანია განსხვავება ორი კანდიდატის მიერ გაცემულ ხელფასებს შორის. გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში დასაქმებული იყო 17 ადამიანი, თუმცა მათმა ხელფასმა მხოლოდ 1 377 ლარი შეადგინა. უფრო მეტი, 56 840 ლარი, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში წარმომადგენლებს გადაუხადეს. ამ ტიპის ხარჯი სალომე ზურაბიშვილთან არ გვხვდება.

ზარალი კურსთაშორისი სხვაობიდან

გრიგოლ ვაშაძემ ლარის კურსის ცვალებადობით 4,15 ლარის ზარალი მიიღო.