ვის დეოლიგარქიზაციას აპირებს "ოცნება" - ევროკომისიის სადავო და სავალდებულო #5 რეკომენდაცია

ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართული აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2022 წელი.

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ორი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტის ისევ მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნება უწევს. თუმცა, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ამ კანონპროექტში მხოლოდ 5 შესწორების შეტანა იგეგმება.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული შენიშვნები გაცილებით ფართოა. კომისია სარისკოდ მიიჩნევს „პერსონალურ მიდგომას“, რაზეც არის დაფუძნებული „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინულიდან ნათარგმნი კანონპროექტი და ქართულ მხარეს სისტემურ მიდგომას ურჩევს. ასევე, კომისიისთვის მიუღებელია, რომ პროექტის ქართულ ვარიანტში, უკრაინულისგან განსხვავებით, ოლიგარქების რეესტრის შედგენის უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება, რადგან აქ პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ხედავს.

ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სამომავლოდ თავად კანონის შინაარსმა უნდა განსაზღვროს, თუ ვინ ჩაითვლება ოლიგარქად, თუმცა, მეორე მხრივ, თითს ისევ ოპონენტებისკენ იშვერს. ირაკლი კობახიძემ 21 მარტს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ჩალის ფასი“ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომლებშიც საქართველოს ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა საქართველოში სისტემური მიდგომით უნდა აღმოიფხვრას, რაც, თავის მხრივ, დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოსაც მოითხოვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტს შესწორებების შეტანა ვერ გააუმჯობესებს.

ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ 12 რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაცია #5 და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის კვლავ მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნებისა და შემდგომი საკომიტეტო მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება, 21 მარტს, პარლამენტის სხდომაზე მიიღეს. მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტრიბუნიდან განმარტა, რომ ამოცანა იმ საკითხებზე მუშაობაა, „რომლებიც ვენეციის კომისიის შეფასებით საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას და გამართვას“ და შემდეგ, სწორედ „გასწორებული ვერსია“ უნდა წარედგინოს პლენარულ სხდომას.

მანამდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვენეციის კომისიას აქვს „5 კონკრეტული შენიშვნა, რეკომენდაცია ამ კანონთან დაკავშირებით“ და, შესაბამისად, საბოლოო დამტკიცებამდე, „ამ კანონში შევა 5 შესაბამისი შესწორება“.

„ეს არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ უნდა გავყვეთ ვენეციის კომისიის დასკვნას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დავით კეზერაშვილის საჩივარი

21 მარტს, ირაკლი კობახიძემ ოლიგარქად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი მოიხსენია და მისი გვარი ჟურნალისტებთან არაერთხელ გაიმეორა.

მედიის წარმომადგენლებმა კობახიძეს ამავე საუბრის დროს შეახსენეს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების საჯარო განცხადებები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას ანგარიშსწორების მოლოდინს უჩენს.

ამ დღეს კეზერაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 მილიონი ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დააკისრა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კეზერაშვილი „თვითაღიარებული ოლიგარქია“, „თვითონ ამტკიცებს, რომ ოლიგარქია“, ხოლო „კანონი არის ზოგადი და ვერც ერთ სახელზე და გვარზე ვერ იქნება მორგებული“, „ვის მოერგება საბოლოო ჯამში კანონი, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი სტრუქტურები“ და „კანონის შესაბამისად იქნება გატარებული შესაბამისი ზომები“.

„კანონის თვითნებური გამოყენების რისკი უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რომ დამტკიცების შემთხვევაში მისი გამოყენება მოხდება ოპოზიციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ოლიგარქის სტატუსი არცერთ შემთხვევაში არ მიესადაგება პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და თუკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინის მსგავს კანონმდებლობას მიიღებენ, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდება არა ივანიშვილი, არამედ, მაგალითად - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი - ეგულებათ.
ერთადერთ ოლიგარქად სწორედ ივანიშვილია მოხსენიებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ 3 რეზოლუციაში.
„ოცნება“ მუდმივად აცხადებს და კობახიძემ 21 მარტსაც გაიმეორა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს.

„[ვენეციის] კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და შეეხება მრავალ სფეროს, მათ შორის - კანონმდებლობას დაკავშირებულს მედიასთან, ანტიმონოპოლიურ საქმიანობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, საგადასახადო სისტემასთან, კორუფციასთან ბრძოლასთან, ფულის გათეთრებასთან და ასე შემდეგ“, - წერია ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში და აქვე ნათქვამია, რომ საქართველოში შემუშავებული კანონპროექტი ამის საპირისპირო პრინციპს - „პერსონალურ მიდგომას“ ემყარება.

„ასეთი [პერსონალური] მიდგომა, ვენეციის კომისიის შეფასებით, მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევისა და თვითნებური გამოყენების მაღალ რისკებს“ და ქმნის საფრთხეებს „პოლიტიკური პლურალიზმის საზიანოდ“.

საკითხისადმი სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოიცავს არაერთ მიმართულებას:

  • სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეფორმების გატარება, მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის განმტკიცების მიზნით;
  • ოლიგარქების გადამეტებული ზემოქმედების კონტროლი კონკურენციის სფეროში, სადაც ასევე იგულისხმება, მაგალითად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გაუმჯობესება;
  • ახლად შექმნილი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გაუმჯობესება;
  • მედიამფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სხვა.

თუკი კანონში მაინც „პერსონალური მიდგომა“ დარჩება, „უკიდურეს შემთხვევაში“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ „პირების „ოლიგარქად“ იდენტიფიცირების უფლებამოსილება გადაეცეს სხვა ორგანოს, მთავრობის ნაცვლად“. ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მთავრობას ანგარიშსწორების ბერკეტს აძლევს და შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა „დასახული მიზნების შესრულების ნაცვლად“.

ასევე აუცილებელ შესწორებებს შორის არის, მაგალითად: კრიტერიუმების, პროცედურებისა და დაცვის გარანტიების მკაფიოდ გაწერა „პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასა“ თუ „მასმედიაზე მნიშვნელოვან ზეგავლენასთან“ დაკავშირებით. კომისიას სარისკოდ მიაჩნია - „ოლიგარქებად“ აღიარებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიებისა თუ მანიფესტაციების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილებები.

ასევე ნახეთ შენიშვნები ვენეციის კომისიიდან - დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა

ოპოზიციისა და მესამე სექტორის დიდი ნაწილის აზრით, დეოლიგარქიზაციის პრობლემის გადაწყვეტისათვის სპეციალური კანონის მიღება არ არის საჭირო და ეს პრობლემა ევროკომისიის ყველა სხვა რეკომენდაციის ფუნდამენტური შესრულების გზითაც შეიძლება იყოს მიღწეული. ამ კუთხით, საგანგებო აქცენტი კეთდება სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელსაც შეეხება ვენეციის კომისიის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა.

ოპოზიციონერი დეპუტატები 21 მარტს თითქმის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ თუკი „ოცნება“ ამ კანონპროექტს მხოლოდ მცირედი შესწორებებით დაამტკიცებს, ვალდებულებების #5 პუნქტი შესრულებულად ვერ ჩაითვლება. როგორც „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს - ეს იქნება „დივერსია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ“; ხოლო დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით, თუკი კანონის მიღება გადაწყდა, სამუშაო სულ თავიდან უნდა დაიწყოს.

სავალდებულოა თუ არა კანონის დამტკიცება?

ამ საკითხზე მწვავე დისკუსიებში ისმის მოსაზრება, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ევროკომისია საქართველოსგან დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას ითხოვს. თუმცა, როგორც ეს უშუალოდ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ევროკომისია საქართველოს, ზოგადად - ოლიგარქების ჭარბი ზეგავლენების აღმოფხვრისკენ მიუთითებს.

ევროკომისიის 17 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მითითებული არ არის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული #5 რეკომენდაციის შესრულება მაინცდამაინც კანონის მიღებას საჭიროებს.
„დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეულ იქნეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით“, - წერია 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მეხუთე პუნქტში.

ასევე ნახეთ ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობის თემაზე ბრიუსელში ევროკომისრებს შეხვდა 

სანქციები და პრორუსი ოლიგარქები

დეოლიგარქიზაციაზე, როგორც კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ დაწესებულ ვალდებულებაზე, ხშირად წერს საერთაშორისო მედია და ეს საკითხი ნახსენებია გამოცემა Politico-ს მიერ 20 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაშიც, რომელიც პრორუსი ოლიგარქების სანქცირების თემას შეეხება.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებაა სანქციების დაწესება პრორუსი ოლიგარქებისთვის მოლდოვასა და საქართველოში“ - Politico-ს მიერ ამ სათაურით დაბეჭდილი სტატია 21 მარტს ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მათ შორის - ტვიტერზეც. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ევროპელი მინისტრი მოითხოვს სანქციების დაკისრებას იმ ოლიგარქებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ვითარების „დესტაბილიზების მცდელობებს“ ამ ორ ქვეყანაში „რუსეთის ჩარევის მზარდი საფრთხის ფონზე“.

სტატიაში მოყვანილია ციტატა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას კომენტარიდან, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი შეხვედრის დაწყებამდე:

„ეს ორი ქვეყანა [საქართველო და მოლდოვა] აწყდება დესტაბილიზაციის მცდელობებს, რაც ჩვენი მხრიდან უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და გამართლებული იქნებოდა, რომ დაგვეწყო ასეთ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების მიზანში ამოღების განხილვა“.

ამავე სტატიაში მოყვანილია რუმინეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების კომენტარები, იმავე თემაზე, მოლდოვასთან დაკავშირებით.

მართალია, სტატიაში ოლიგარქად კონკრეტულად არავინ არის მოხსენიებული, მაგრამ რუსეთის ზეგავლენებთან მიმართებით, საქართველოს შემთხვევაში, მაგალითად მოყვანილია ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ხელისუფლებამ მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო და ასევე ნახსენებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს „მჭიდრო კავშირი რუსეთთან, სადაც მან დააგროვა თავისი ქონება 1990-იან წლებში“.

ასევე ნახეთ Politico: ევროკავშირს მოუწოდეს სანქციები დაუწესოს პრორუს ოლიგარქებს მოლდოვასა და საქართველოში

„არ ვიცი, [ევროკავშირის] საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობენ, არ საუბრობენ, ვინ საუბრობს და ასე შემდეგ... შეკვეთილი სტატიები ძალიან ბევრი იწერება“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტების მიერ Politico-ს სტატიასთან დაკავშირებული შეკითხვების საპასუხოდ და აღნიშნა ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილს კავშირი არა აქვს რუსეთთან.

„კეზერაშვილზე ვფიქრობ, რომ დასასანქცირებელია... თუ მასზეა საუბარი, მივესალმები“, - ამბობს კობახიძე და განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე, ძალადობას და პარლამენტზე შტურმს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებდა.

პოლიტიკური ოპონენტები კი „ოცნებას“ ურჩევენ, პროცესი ადეკვატურად შეაფასოს, რადგან პრორუსი ოლიგარქებისა და მათ შორის - ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული დისკუსია სულ უფრო აქტიურდება და, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყო სწორედ „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებულმა მოვლენებმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ სალომე სამადაშვილისთვის ლოგიკურია, რომ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის შექმნის გეგმა ევროპულ დღის წესრიგში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ევროპელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ „რუსი ოლიგარქების გავლენების შეჩერება სწორედ სანქციების გზით არის შესაძლებელი“.