ვის დარჩება ფილარმონია?

თბილისის საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემა შოუბიზნესს რღვევამდე და კატასტროფამდე მიიყვანს, - მიიჩნევს საკონცერტო დარბაზის დირექტორი გიორგი კერესელიძე. შეწყდება თუ არა სახელმწიფოსა და ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსს“ შორის ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გიორგი კერესელიძის თანახმად, საკითხი მთავრობის სხდომაზე გასატანად ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მოამზადა.

„ამდენი ხანია პრობლემის გადაჭრას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, ამ ფონზე მაინც იქნება გადახედილი და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკონომიკის სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი კერესელიძემ. მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა გადაწყვეტილება მიღებული კომპანიის სასარგებლოდ. იგი ამბობს,რომ ეკონომიკის სამინისტროსთან კონტაქტი ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხზე ზოგად განმარტებას აკეთებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

როდის მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

ეროვნული სააგენტოს მიერ 2 აპრილს გავრცელებული განმარტების მიხედვით, ამ ეტაპზე სააგენტოში კვლავ მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ წერილობით წარდგენილი მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი. იგულისხმება მიზეზები, რის გამოც კომპანიას პრობლემები შეექმნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. სააგენტოს თანახმად, გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სწორედ აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებს.

„ინტერნეიშენალ ივენთსს“ სახელმწიფოს თანადგომის იმედი აქვს

კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსს“ თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი მართვის უფლებით 2007 წელს გადაეცა. ქონების ეროვნული სააგენტოს თანახმად, „ინთერნეიშენალ ივენთსს“ სახელმწიფოს მიმართ მართვის საზღაურისა და პირგასამტეხლოს სახით 3 მილიონ ლარზე მეტი და თითქმის 200 000 დოლარის დავალიანება დაუგროვდა. თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განმარტებით, პირველადი შეთანხმებით, მართვის საზღაური 10-დან 25 000 ლარამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების მომენტში აღმოჩნდა, რომ ეს რიცხვი 100-დან 250 000 ლარამდე ფარგლებში მერყეობდა.

გიორგი კერესელიძე

”მაშინვე გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ ეს ძალიან დიდ ტვირთად დააწვებოდა დარბაზს და არარეალური გადასახდელი იყო, რაც დარბაზის განვითარებას ხელს არ შეუწყობდა. იმ წუთსვე იყო აღთქმული სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან, რომ ამ საკითხს აუცილებლად განიხილავდნენ, გაიტანდნენ და ამ ციფრს გადაასწორებდნენ. ამ შეპირების შემდეგ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვაწერეთ ამ ხელშეკრულებას ხელი და დაიწყო ეს პროცესი", - განაცხადა გიორგი კერესელიძემ. მისი განმარტებით, 2010 წლიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად შპს აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან.

„12 მინისტრი იყო ეკონომიკის აქამდე, ვისთანაც პირადად მქონია კომუნიკაცია და ჩვენი გაგზავნილი წერილებიც ამას ადასტურებს, რომ ისევ ამ პრობლემის გადაჭრას ვითხოვთ. ეს იყო პრინციპული საკითხი“, - აღნიშნავს გიორგი კერესელიძე. იგი ამბობს, რომ 2014 წელს საკითხი მთავრობის სხდომაზე გასატანადაც მომზადებული იყო, მაგრამ მორიგმა სამთავრობო ცვლილებამ პროცესი შეაჩერა და მერვე წელია მოჯადოებულ წრეზე დარჩა. ასეთ ფონზე, გიორგი კერესელიძის შეფასებით, შპს „ინთერნეიშენალ ივენთსისთვის“ მოულოდნელი გამოდგა ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრით დათარიღებული ოფიციალური წერილი, რომელშიც მან კომპანია დავალიანების გადაუხდელობის გამო გააფრთხილა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ აცნობა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაწყვეტილა:

რას ითხოვს „ინთერნეიშენალ ივენთსი“ მთავრობისგან

„ინთერნეიშენალ ივენთს“-ის მოთხოვნები საქართველოს მთავრობის მიმართ ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება:

  • პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება;
  • მართვის საზღაურის, 250 020 ლარის-100 000 ლარამდე შემცირება;
  • არსებული დავალიანების გადახდის 9 წლიან გრაფიკზე გადანაწილება;
  • 100 ადგილობრივი ღონისძიების ნაცვლად, 60 ადგილობრივი ღონისძიების ჩატარება

„კანონმდებლობით შემიძლია ხვალვე მივმართო სასამართლოს და ეს პირგასამტეხლო, რომელიც დაეკისრა ამ წარმოქმნილ ვალს, ჩამოვიწერო, მაგრამ მე ეს არ ვიკადრე. პირველ რიგში მინდა მოვისმინო სახელმწიფოსგან, რომ ეს საკითხი განიხილეს“, - განაცხადა თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ.

საქართველოს მთავრობასა და „ინთერნეიშენალ ივენთსს“ შორის ურთიერთობებისა და თბილისის საკონცერტო დარბაზის სტატუსის საბოლოოდ გარკვევას ელოდება ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველიც.

დაბინავდება თუ არა ევგენი მიქელაძის სიმფონიური ორკესტრი ფილარმონიაში

რამდენიმე დღის წინ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა თხოვნით, ორკესტრი თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ.

საკონცერტო დარბაზი

„ჩვენ დარბაზის საკითხზე ყველა დროის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ყველა დროის კულტურის მინისტრებთან გვქონდა საუბარი, მაგრამ შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი სიმფონიური და მრავალფუნქციური დარბაზის აშენება საკმაოდ ძვირია. ყველაზე მცირე რაც აშენდა ბოლო პერიოდში დაჯდა 40-დან 60 მილიონ ევრომდე. ლარებში წარმოუდგენლად დიდი თანხაა და მივიჩნიეთ, რომ ახალი დარბაზის აშენება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ძალიან დიდ ტვირთად დააწვება. დღეს, როდესაც არსებობს ჩვენი ორკესტრისთვის აშენებული დარბაზი, სადაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო ბევრი მიმართულებით, მე მგონი გაცილებით სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში“, – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

მისი ეს განცხადება „გიგანტომანიად“ შეაფასა საქართველოს განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ. მისი განმარტებით, სახელმწიფომ სიმფონიურ ორკესტრს 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოუყო, 25 000 კი ახალი შენობის პროექტისთვის, თუმცა პროექტი არ შექმნილა. თავის მხრივ, ფილარმონიის დირექტორმა განაცხადა, რომ სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნა დარბაზის გადაცემასთან დაკავშირებით ხშირად სპეკულაციურია, დარბაზს არ აქვს სათანადო ინფრასტრუქტურა და არ არის სარეპეტიციო ფართი.

ფილარმონიის დირექტორის ეს არგუმენტები მიუღებელი გამოდგა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორისთვის, ნიკოლოზ რაჭველისთვის. " ტექნიკურად ორკესტრი ვერ განთავსდება ფილარმონიაში?-ამ არგუმენტს სერიოზულად ვერ მივიჩნევ იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში განეთავსებინა სპორტდარბაზი, ტრენაჟორები, საუნა, სამშენებლო კომპანიის შოურუმი და სხვა მსგავსი დაწესებულებები,"-განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნიკოლოზ რაჭველმა.

„აქ თუ ჩვენ 150-იან კოლექტივს მუდმივად მივიღებთ, პრაქტიკულად, სხვა კონცერტის ჩასატარებელი ადგილი აღარ გვრჩება“, - აღნიშნა გიორგი კერესელიძემ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, „ინტერნეიშენალ ივენთთან“ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება და ფილარმონიას ახალი მეპატრონე მოუძებნოს.

საია „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ხელშეკრულებას სამართლებრივად უკვე შეწყვეტილად მიიჩნევს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე დარწმუნებულია, რომ 4 იანვარს ქონების ეროვნულმა სააგენტომ ცალმხრივად, ოფიციალურად შეუწყვიტა ხელშეკრულება ფილარმონიის მმართველ კომპანიას. საბუთად მას ამის დამადასტურებელი წერილი მოჰყავს.

სულხან სალაძე

„მე მაქვს გონივრული ეჭვი,რომ 4 იანვარს, როდესაც ეს წერილი მისწერა ქონების მართვის სააგენტომ კომპანიას, ამის შემდეგ იყო არაფორმალური კომუნიკაცია გარკვეულ პირებს შორის სავარაუდოდ და დღეს ეს პროცესი თითქოსდა გადაიყვანეს მოლაპარაკების პროცესში“, - აღნიშნავს სულხან სალაძე და დასძენს, რომ „ეს არის კომპანია, რომლის მეწილეებიც თავის დროზე იყვნენ მიხეილ გიორგაძე და მისი ერთ-ერთი მოადგილე , კულტურის მინისტრობის დროს. ეს არის კომპანია რომელიც წლების განმავლობაში იყო იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული ბატონი გიორგაძის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაში. ამ ფონზე ნორმალურ სიტუაციაში დღეს არც კი იქნებოდა განხილვის საგანი, რომ ეს ხელშეკრულება გაგრძელებულიყო ინტერნეიშენალ ივენთთან“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 3 წელია, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის საკითხს სწავლობს. დარბაზის სახელმწიფოს მართვაში დაბრუნების მოთხოვნით ქონების ეროვნულ სააგენტოს ორგანიზაციამ გასულ წელს მიმართა. მიმართვის ადრესატი იყო პროკურატურაც, რომლისგანაც საია გამოძიების დაწყებას ითხოვდა.