საპროტესტო აქციაში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა აქტივისტებმა - მოქალაქეებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბალდის კანიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებით, ნადგურდება და სახეს კარგავს ხელუხლებელი ველური ბუნება.
აქციის მონაწილეების თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა 2022 წელს საერთო სარგებლობის ქონება - ბალდის კანიონი 40 წლით იჯარით გადასცა კერძო კომპანია „კანიონ 350“-ს, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მსგავსი მიდგომა აქვს სხვა რეგიონებშიც და ამის ნათელი მაგალითია როგორც რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კომპანიებისთვის ტყეებზე გაცემული ლიცენზიები, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდი, სადაც მანგანუმის მოპოვებით გარემო ნადგურდება.
აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა შეიცვალოს და არ უნდა გაიყიდოს ბუნების ძეგლები კერძო ინვესტორებზე, რომლებიც მხოლოდ ფინანსურ სარგებელს ეძებენ და “ბუნების ჩაბეტონებით” არიან დაინტერესებული.
პროტესტის მონაწილეებმა დაგმეს ქვეყნის მასშტაბით გარემოს დამცველ აქტივისტებზე გახშირებული თავდასხმები. მოითხოვეს ბალდაში 12 ივნისს დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას გათავისუფლება:
“ასე გამოდის, რომ ამ ველის გასუფთავება უნდათ, იმ ადამიანების გაქრობა უნდათ, ვისაც საღი აზრი შერჩათ და შეუძლიათ დამოუკიდებელი პროტესტი გამოხატონ… ვერ შეგვაშინებთ, დღეს მარტვილში ვართ, ხვალ ჭიათურაში გესტუმრებით, სოფელ ზოდში. ჩვენი მხარდაჭერა ბალდას, რადგან ერთიანი პოლიტიკაა ყველგან და სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, როგორ განავითაროს ქვეყანა”, - თქვა სიტყვით გამოსვლისას აქტივისტმა კოტე აბდუშელაშვილმა, მოძრაობის “ზოდის გადარჩენისთვის” წევრმა.
აქციას ასევე შეუერთდნენ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლებიც, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი დარწმუნებულია, რომ ხალხის პროტესტს ხელისუფლება წინ ვერ აღუდგება და ბალდა დარჩება ბალდელებს.
ასევე ნახეთ "არ დავთმობთ" - აქცია ბალდის კანიონზე მშენებლობის შესაჩერებლადმარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თითქმის ერთი წელია მართავენ. ისინი 2023 წლის 24 ოქტომბრიდან ღამეს კანიონის მიმდებარედ მოწყობილ კარავში ათევენ. ამ ხნის განმავლობაში მშენებლობის მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეები არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
2024 წლის 11 ივლისს სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც გაშლილია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მონაწილეთა კარავი, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად დაჭრეს ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, რომლებიც მშენებლობის წინააღმდეგი არიან.
მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს ასევე ბალდაში მცხოვრები ძმები გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ.
გარდა ამისა 12 ივნისს, ასევე კანიონის თემაზე დაწყებული დავის შემდეგ პოლიციამ სოფელ ბალდის მცხოვრები, მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ინდიკო ბჟალავა დააკავა მუქარის ბრალდებით.
შსს-ს ცნობით, 11ივნისს, ბრალდებული მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეთა თქმით, ინვესტორი აქეზებს მოსახლეობას რათა სოფელში მოხდეს დაპირისპირება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ცოტნე თვარაძის თქმით, მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, პროტესტი არ შეწყდება, „დაიცავენ ბალდას” და არ მისცემენ ინვესტორს აქციების გამო ერთი წლის წინ შეწყვეტილი მშენებლობის კვლავ გაგრძელების საშუალებას.
თავის მხრივ დათმობაზე წასვლას არ აპირებს კომპანია “კანიონ 350”, რომლის ხელმძღვანელმა გიორგი მერკვილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება. მერკვილაძის სიტყვებით, გარდა კანიონის ტერიტორიისა, რომელიც იჯარით აქვს აღებული სახელმწიფოსგან, კომპანიამ ადგილობრივებისგან დამატებითაც შეიძინა მიწის ნაკვეთები:
“პროექტს ჩვენ არ ვთმობთ, გავაგრძელებთ. რამდენიმე თვის წინ ნახევარი ჰექტარი ვიყიდეთ კიდევ ადგილობრივი მოსახლეობისგან. და როგორ წარმოგიდგენიათ ეს, მოსახლეობა რომ მართლა წინააღმდეგი იყოს? მანდ აქციაზე დღეს არ ყოფილან ადგილობრივები. იქ იყვნენ ჩემები და დაითვალეს. ადგილობრივი მანდ იყო 60 კაცი. 200 კაციდან აქციაზე რომ 60-ია ბალდელი და დანარჩენი ჩასული… რა სოფლის აქციაზეა აქ საუბარი?... ახლა პროექტი შეჩერებულია, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვიშვებენ… მაგრამ ეს პროექტი გაგრძელდება”.
როგორ აპირებენ კომპანიის თანამშრომლები პროტესტის ფონზე კანიონის ტერიტორიაზე შესვლას, გიორგი მერკვილაძე არ აკონკრეტებს. მისი სიტყვებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯერ კიდევ არის დრო, სამი წელი.
მერკვილაძის განცხადებითვე, აქციის მონაწილეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა. გიორგი მერკვილაძის თანახმად, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ის ირწმუნება, რომ ბალდელების უმრავლესობა მშენებლობას ემხრობა.
მერკვილაძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე აქტივისტს მშენებლობის შეჩერება სურს იმ მიზნით, რომ შემდეგ თავად მიიღონ ფინანსური სარგებელი.
ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს იჯარით 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.
საპროტესტო აქციების გამო ბალდის კანიონზე მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.