ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აცხადებს, რომ ამნისტია „კონვენციურ დანაშაულებებს“ არ შეეხება
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 25 აპრილს ჩატარებული შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.
„ჯალათებზე არ ვრცელდება ამნისტია“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს - ეს არის ჩვენი სულისკვეთება“.
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში: მეუფე სტეფანემ ტაძარი პოლიციის დახმარებით დატოვა
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. მას მხარდამჭერებმა დერეფანი გაუკეთეს და ოვაციებითა და შეძახილებით „გვიყვარხარ” გააცილეს.
მანამდე კი იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბზობის დღესასწაულის აღნიშვნის დროს. ერთმანეთს ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსის მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლაში ჩართული იყვნენ სასულიერო პირებიც.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.
დღეს გაიმართება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა
დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაა დაგეგმილი. ამის შესახებ 23 აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ გამოყენება იქნება. ამ ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან უნდა გაიხსნას.
„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესის დაწყება მაისში, სააღდგომო დღესასწაულების დასრულების შემდეგ იგეგმება იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მას ამ დროისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.
დღეს ქვეყანაში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 25 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში სულ 37 590 ადამიანია აცრილი.
ნიკოლ ფაშინიანი გადადგა. სომხეთი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნებამდე ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
„პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით დღეს მე თანამდებობას ვტოვებ, რათა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს. პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს. ამ პერიოდის განმავლობაში მე განვაგრძობ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას, კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სრული დაცვით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ჩავუშოღლუ ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: ჩვენს ისტორიაზე გაკვეთილებს არავისგან მივიღებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად აღიარა გენოციდად სომეხთა ხოცვა-ჟლეტა პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიაში. ბაიდენის ეს განცხადება გავრცელდა 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღეს, და თურქეთის გულისწყრომა გამოიწვია.
„ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ემსხვერპლა ოსმალეთის პერიოდის სომეხთა გენოციდს და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ წინ აღვუდგებით ამგვარ სისასტიკეს, რათა ის აღარასოდეს განმეორდეს“, - აცხადებს ბაიდენი და დასძენს, რომ ეს საზარელი მოვლენები ისტორიიდან არ უნდა დაიკარგოს და უნდა გვახსოვდეს, „რომ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ სიძულვილის ყველა ფორმის დამაზიანებელი გავლენის მიმართ“.
ამ ოფიციალური აღიარებით, ბაიდენმა შეასრულა საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს დადებული პირობა, რომ გადადგამდა ამ, დიდწილად სიმბოლურ ნაბიჯს. სომხები ათწლეულების განმავლობაში ითხოვენ ამ ცნების, გენოციდის გამოყენებას მაშინდელი მასობრივი მკვლელობების და დეპორტაციების აღსაწერად, მაგრამ ამ სიტყვას გადაჭრით უარყოფს თურქეთი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, ეს ნაბიჯი არ ემსახურება თანამედროვე თურქეთის დადანაშაულებას.
უდავითოდ...
დავითი 1931 წლის 24 აპრილს, დღის 12 საათზე გარდაიცვალა, რაც არავისთვის ყოფილა თავზარდამცემი მოულოდნელობა. საქართველოში ყველამ იცოდა დიდი მწერლის მძიმე ავადმყოფობის ამბავი. დავითმა მართლაც დიდხანს იავადმყოფა, დიდხანს იტანჯა, მეხსიერებაც კი დაუზიანა ვერაგმა დაავადებამ, დაუზიანა იმდენად, რომ ერთხელ შვილს, სერგო კლდიაშვილს, რომელიც წიგნს უკითხავდა, აღფრთოვანებულმა ჰკითხა, რა არის ეგ, რაღაც ძალიან საინტერესოს კითხულობო. შენი მოთხრობაა, „სამანიშვილის დედინაცვალიო“, უპასუხა შვილმა, რაზეც გაოცებულს წამოუძახია, არ ვიცი, რა ჩემი მოთხრობა, რა სამანიშვილიო!
27 აპრილს, დავითის ცხედრის თბილისში გადასასვენებლად სიმონეთში მწერალთა დელეგაცია ჩავიდა: გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, სიმონ წვერავა... - ის მწერლები, რომლებმაც, საქართველოსთან ერთად, სულ რაღაც ერთი წლით ადრე, სამწერლო ასპარეზზე 40-წლიანი მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს ცოცხალ კლასიკოსს. მწერალი სერგი ჭილაია ასე იხსენებდა თბილისის ოპერის თეატრში გამართულ ამ საღამოს: „დარბაზი სავსე იყო მწერლის პატივისმცემლებით. საიუბილეო კომისიის თავმჯდომარემ თავის შესავალ სიტყვაში მოკლედ დაახასიათა დავით კლდიაშვილის ღვაწლი და, სხვათა შორის, თქვა: „დავით კლდიაშვილი ულმობლად ამხილებდა და დასცინოდა დეგრადაციის გზაზე დამდგარ იმერეთის ხელმოკლე აზნაურობას...“ თავმჯდომარე ამაში ცდებოდა.
წაიკითხე მეტი დავით კლდიაშვილის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
რომან არაქელოვი - იყო ასეთი თბილისელი მხატვარი, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც წლები მუშაობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში და ხატავდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.
ასობით კალმით ჩანახატში არაქელოვს მთელი საწარმოო პროცესი აქვს აღწერილი, ქარხნის მუშების პორტრეტები, ეტიკეტების მიკვრის თუ ყუთებში ჩალაგების პროცესი, შესვენებაზე სკამზე მიწოლილი თანამშრომლები... ყველაფერი, რაც წლების წინ თბილისის ლიმონათის ქარხანაში ხდებოდა.
მისი ეს ჩანახატები, არაქელოვის ავტოპორტრეტებთან, მის საბუთებთან, საბჭოთა თემატიკის პლაკატებთან, სასმელების ეტიკეტებსა და თბილისის თემაზე შექმნილ სხვა ნახატებთან ერთად ჯერ ბუკინისტების ჯიხურში მოხვდა, მერე კი გასტრონომიის თემით დაინტერესებულ კოლექციონერთან, გიორგი იოსავასთან, რომლის შესახებაც რადიო თავისუფლებამ უკვე გიამბოთ.
თავიდან, როცა გიორგი იოსავამ არაქელოვის რამდენიმე ნახატი იყიდა, მასზე გამოსახული ადამიანები ჩაცმულობით მზარეულებს მიამსგავსა, მაგრამ მერე, როცა ამ ავტორის არქივიდან სხვა მასალებიც შეიძინა, აღმოაჩინა, რომ ეს იყო მხატვარი, რომელიც მუშად მუშაობდა ლიმონათის ქარხანაში.
ინტერნეტში რომან არაქელოვზე თითქმის არაფერი იძებნება. იმ ძველ საბუთებში კი, რომელიც გიორგი იოსავას კოლექციაშია, მითითებული იყო არაქელოვის მისამართი მთაწმინდაზე. ამ ოთახს, მხატვარი, სავარაუდოდ, ქირაობდა და იქ მუშაობდა.
ამ მისამართზე მისვლისას მართლაც დაგხვდა ერთი ოთახი სხვენში, სადაც გადასაყრელ ქაღალდებს შორის მისი ნახატებიც იყო მიმოფანტული.
ამ სახლის მფლობელმა კი გვითხრა, რომ უკვე საკმაოდ მოხუცი არაქელოვი იქ ბოლომდე მიდიოდა ხოლმე და ხატავდა. შემდეგ შვილმა წაიყვანა და მეტი მასზე აღარაფერი იციან.