იგეგმებოდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევით? – მეუფე იაკობის განცხადებებიდან გამომდინარე, ამ შეკითხვაზე პასუხს საჯაროდ აღარც საპატრიარქო ეძებს და აღარც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს 12 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ. თუმცა ოპოზიციას კომისიის შექმნის იმედი არა აქვს.
მეუფე იაკობი აღარ ჩანს, მისი ბრალდებები რჩება
საკითხის გასატანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ეტაპზე 50-დან 10 ხმა აკლდება. დეპუტატ რომან გოცირიძისთვის ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს არ აძლევს პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილი სავარაუდო შეთქმულების ფაქტის გამოძიება, მაგრამ ჯერ ისევ არსებობს „ღრმად მორწმუნეების“ იმედი.
„უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ამ პარლამენტში ხშირად გამოდიოდა ეკლესიის დასაცავად. ისინი ძალიან ხშირად ახსენებდნენ ღმერთებს და ანგელოზებს... იმედია, ეს ადამიანები დაგვიჭერენ მხარს, შეგვივსებენ 10-კაციან დანაკლისს და შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია“, - უთხრა გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.
რატომ არის კომისიის შექმნა აუცილებელი? ამ შეკითხვაზე პასუხად დეპუტატი რამდენიმე ასპექტს ასახელებს:
- ეს არის არნახული შეთქმულების სავარაუდო ფაქტი - „სიტყვა "სავარაუდოს" ვამბობ ზრდილობისთვის, თორემ ყველაფერი აშკარაა“;
- ირღვევა კონსტიტუცია, რადგან კონსტიტუციით გარანტირებულია საეკლესიო ცხოვრებაში ჩაურევლობა - „სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ეკლესიაში დაამყაროს თავისთვის ხელსაყრელი წესრიგი“;
- ირღვევა კონკორდატი, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას.
ასევე ნახეთ ეკლესია-ხელისუფლება: დიდი ვაჭრობა არჩევნებისთვის?
თავიდან მხოლოდ სიმთვრალეს დაბრალდა, როცა 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, სატელეფონო ჩართვისას, მეუფე იაკობმა თქვა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმით მას პრემიერის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“: იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი - ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი - გიორგი გახარია.
ასევე, მისი თქმით, პროცესში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო (სავარაუდოდ - ჩხარტიშვილი), ხოლო დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა - „ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა“. ამ ვერსიით, ილია მეორე, სავარაუდოდ, მოსაყდრე შიო (მუჯირს) უნდა ჩაენაცვლებინა.
შემდეგ კი, უკვე სიმთვრალეს ვეღარ დაბრალდებოდა, როცა 28 ოქტომბერს საპატრიარქოში მისულმა მეუფე იაკობმა ბრალდებების დიდი ნაწილი ესევ გაიმეორა - „ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“.
შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალაში დარჩა მეუფე იაკობის წინასაარჩევნო მუქარაც „ქართული ოცნების“ მისამართით:
- „ასე თუ გააგრძელეს, ხმებს ვერ მიიღებენ ესენი - 25%-საც ვერ მიიღებენ“
- „2020 წლის არჩევნები?! ყველას მივხედავ მე მაგათ“;
- „ჭკვიანად თუ არ იქნებიან, ყველას გადავუვლი თავზე“.
მეუფე იაკობის ბოლო (უკან არწაღებულ) სკანდალურ განცხადებებს ბევრი არაფერი მოჰყოლია:
- მეუფე იაკობს წმინდა სინოდმა მხოლოდ გაფრთხილება მისცა (საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფემ ქორეპისკოპოსობა და საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა საკუთარი სურვილით დატოვა);
- საქართველოს პროკურატურამ განაცხადა - გამოძიების საფუძველი არ არსებობს, რადგან სავარაუდო შეხვედრის მონაწილეები ფაქტს უარყოფენო;
- „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ოპოზიციის (და დიდწილად - „ნაციონალური მოძრაობის“) პოლიტიკურ ინტრიგებს დააბრალა;
- მეუფე იაკობის განცხადებებს სისულელე უწოდა ბრალდებების ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა, პრემიერმა გახარიამ;
- მეუფე იაკობი დადუმდა და ჟურნალისტების თვალსაწიერიდან გაქრა;
- საკითხი თანდათან დავიწყების გზას დაადგა.
სახელმწიფოსთვის სახიფათო ბრალდებები რომ გამოსაძიებელია, ცხადია „ევროპული საქართველოსთვის“, თუმცა ამ პოლიტიკურ ძალას იმედი არა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუშვებს. გიგი უგულავას თქმით, „კომისია, ცხადია, უნდა შეიქმნას, მაგრამ კომისია არ შეიქმნება - უმრავლესობა ამას არ დათანხმდება“.
Your browser doesn’t support HTML5
იოლად გამოსაცნობია, რას იზამს „ქართული ოცნება“. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ თქვა, არ არსებობს საფუძველი არც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და არც ბრალდებების პროკურატურის მიერ გამოსაძიებლად.
მართალია, კომისიის შექმნას „გადაჭარბებულად“ თვლის, თუმცა ხმაურს მთლად უსაფუძვლოდ არ მიიჩნევს უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში - „გარკვეული საფუძველი არსებობდა, რის გამოც მეუფე იაკობმა აღნიშნული განცხადებები საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი... ფორმა ნამდვილად არ იყო საუკეთესო“.
როგორც ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ამბობს, მსჯელობის გაგრძელება აღარც საპატრიარქოს აძლევს ხელს და აღარც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რადგან:
- ხმამაღალი განცხადებების „დავიწყების“ სანაცვლოდ, 2020 წლის არჩევნებისთვის საპატრიარქო მეტ სარგებელს მოითხოვს და მიიღებს კიდეც;
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაითვალისწინებს წარსულის არცთუ სახარბიელო გამოცდილებას (რაც მან, მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში იწვნია) და შეეცდება, 2020 წლის არჩევნებისთვის არ გააღიზიანოს ეკლესია.
პეტრეს განცხადებებმა დაჩრდილა იაკობის განცხადებები
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი... ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“, - 31 ოქტომბერს სინოდის სხდომიდან გამოსული მეუფე პეტრეს ამ განცხადებამ ყველაფერი გადაფარა.
ეს სინოდის სწორედ ის სხდომა იყო. რომელსაც მეუფე იაკობის დასჯის მოლოდინი უკავშირდებოდა, თუმცა იქიდან დასჯილი მეუფე პეტრე გამოვიდა. თეოლოგების ნაწილის აზრით, საპატრიარქომ გზიდან უფრო გავლენიანი და სახიფათო მეტოქე მოიშორა.
ასევე ნახეთ მიდის პეტრეს გზა მონასტრისკენ?მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სწორედ მეუფე პეტრე იყო მათ შორის, ვინც სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის განცხადებების უფრო დეტალურ განხილვას შეეწინააღმდეგა.
რატომ? - ეს შეკითხვა მეუფეს 10 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა დაუსვა. პასუხი ასეთი იყო:
„იცით, მე ვიყავი ჩემს კონტექსტში... როცა თქვა, აღსარება ჩავაბარე პატრიარქს და ვინანიებო, მე ვუთხარი - რას ინანიებ: მე რომ მილიონების გაფლანგვა თუ მითვისება დამაბრალე, მე რომ პატრიარქის მკვლელობაში მონაწილეობა დამაბრალე, მე რომ რუსეთის აგენტობა დამაბრალე, ამას ინანიებ-თქო?! ... დავინახე, რომ აზრი არ ჰქონდა... და ვფიქრობდი, რომ იქნებ პატრიარქს უნდა, რომ მშვიდად გადავიდეს (სხვა თემებზე)... იქ ვფიქრობდი, რომ უკრაინის თემის იქნებოდა სავარაუდოდ განხილვა...“
Your browser doesn’t support HTML5
მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ:
- მისთვის უფრო მნიშვნელოვანია „სოდომიის ცოდვის“ მხილება საქართველოს ეკლესიაში და, მათ შორის - პატრიარქის მხილებაც;
- შესაბამისად, ის უკან ვერ დაიხევდა, მიუხედავად იმისა, რომ სინოდზე დადებითად გადაწყდა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტისთვის მიმართვა;
- მამალაძის საკითხის განხილვა სინოდზე თავისთავად მივიდოდა ჰომოსექსუალური კავშირების მხილებამდე - „მამალაძის სახით მე ვიცავდი ეკლესიის ღირსებას“;
- პატრიარქი გიორგი მამალაძეს (და სხვადასხვა დროს - სხვა სასულიერო თუ საერო პირებს) ჰომოსექსუალური კავშირის ამსახველი ფილმების ჩვენებას სთხოვდა;
- პატრიარქს ჰქონდა „ლტოლვა“ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ;
- სინოდის შემდეგ, ის ხმამაღლა, საჯაროდ არ აპირებდა პატრიარქის მხილებას, მაგრამ კარგია, რომ ჟურნალისტებმა დამატებითი შეკითხვები დასვეს - „ღვთის ნებად ჩავთვალე, რომ ეს იქ უნდა თქმულიყო - ემოციურ ფონზე“.
მეუფე პეტრე წერტილის დასმას ცდილობს - ამბობს, რომ ბევრ სხვა ფაქტს, რომელიც მან იცის, მხოლოდ წმინდა სინოდის სხდომაზე დაასახელებს. სხდომა უნდა იყოს საჯარო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმ გარანტიით, რომ ამოქმედდება რჯულის კანონი და ყველა მტყუანი მიიღებს თავისას. თუკი მისი ბრალდებები არ დადასტურდება, მეუფე პეტრე მზად არის, ცილისწამებისთვის აგოს პასუხი.