წელიწადზე მეტია, რაც ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირში თაფლის გაყიდვის უფლება მისცეს, თუმცა ამ ბაზარზე ქართული პროდუქცია ისევ არ შედის. ევროპას თაფლის ხარისხი არ აკმაყოფილებს. ლაბორატორიული კვლევებით დგინდება, რომ ქართული თაფლი ანტიბიოტიკური პრეპარატებისა და პესტიციდების ნარჩენებს შეიცავს.
ანტიბიოტიკზე ლაბორატორიული კვლევები გერმანიაში ან ლატვიაში სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაფინანსებით იგზავნება, გროვდება მინიმუმ 100 ნიმუში და ამის შემდეგ ხვდება ევროპაში. პასუხი მოდის 5-6 თვის შემდეგ, როდესაც თაფლი ძირითადად უკვე გაყიდულია...გიორგი მერაბიშვილი
ახალციხელი მეწარმე გიორგი მერაბიშვილი ერთ-ერთია იმ მეფუტკრეთა შორის, რომელსაც უნდა, რომ თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ შეძლებს. მის პროდუქტში ახლახან არასასურველი ნივთიერებები აღმოჩნდა. ფუტკრების მოვლისას გიორგის არასდროს უსარგებლია ანტიბიოტიკური პრეპარატებით, მაგრამ ეჭვობს, რომ ნივთიერებები შეძენილი ცვილის ფირფიტებს გამოჰყვა. პირველი ფუტკრის ოჯახები მან დაახლოებით ათი წლის წინ, დასავლეთ საქართველოში იყიდა.
“90-იანი წლებიდან საქართველოში ფუტკრის დაავადება, ე.წ. ამერიკული და ევროპული სიდამპლე გაჩნდა. მაშინ მეფუტკრეები პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკს უსაფუძვლოდ იყენებდნენ, ამის გამო ამდენი წლის შემდეგაც პრობლემები იქმნება", - ამბობს გიორგი მერაბიშვილი.
2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა სურსათში, მათ შორის თაფლში, მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი. 2019 წლიდან აკრძალულია იმ ვეტერინარული პრეპარატების შემოტანა და გაყიდვაც, რომლებიც მავნე ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.
მეფუტკრე ზურაბ სადათიერაშვილი წამლებს არ ხმარობს, მაგრამ თავის წარმოებული თაფლის ხარისხზე თავს მაინც ვერ დებს. ფიქრობს, რომ მავნე ნივთიერებები თაფლში ხეხილის შეწამვლის გამოც ხვდება.
"საჭიროა თუ არა, ფერმერი თავის დაზღვევის მიზნით, ანტიბიოტიკს მაინც იყენებს. არადა, თუ დაავადება არ აქვს ცხოველსა თუ მცენარეს, მის გამოყენებას აზრი არ აქვს. მაგალითად, ევროპაში, თუ ფუტკრის ოჯახს ევროპული ან ამერიკული სიდამპლე აღმოაჩნდა, მთლიანად ანადგურებენ", – ამბობს ახალგაზრდა მეფუტკრე.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებული სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.
ახალციხელი მეწარმე გიორგი მერაბიშვილი, რომელიც ამავე დროს ფერმერთა საბჭოს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ქართველ მეფუტკრეებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შანსიც აქვთ და სურვილიც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. საქართველოში ლაბორატორიის არარსებობის გამო წვრილი მეწარმეებისთვის თაფლის ხარისხის შემოწმება ფინანსებისა და დროის დიდ ხარჯს ნიშნავს.
"ანტიბიოტიკზე ლაბორატორიული კვლევები გერმანიაში ან ლატვიაში სურსათის უვნებლობის სააგენტოს დაფინანსებით იგზავნება, გროვდება მინიმუმ 100 ნიმუში და ამის შემდეგ ხვდება ევროპაში. პასუხი მოდის 5-6 თვის შემდეგ, როდესაც თაფლი ძირითადად უკვე გაყიდულია”, - ამბობს იგი.
დაწუნებული თაფლი უნდა განადგურდეს. თუმცა გიორგი მერაბიშვილს თაფლი პასუხის ჩამოსვლამდე უკვე გაყიდული ჰქონდა.
ასევე ნახეთ მესხი ფერმერები ემზადებიან ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელადპრობლემა რომ მრავალმხრივია ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი კოტე ჟღენტი საუბრობს.
"500 ევრო გადაიხადო და გაარკვიო, რომ თაფლი არ ვარგა?! ცოდოა ქართველი მეწარმე. ქვეყანაში რაციონალურად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ყველას ჰგონია, რომ თაფლის გატანა მარტივია. სანამ მეფუტკრეობის მიმართ სერიოზული მიდგომა არ იქნება, ეს დარგი საქართველოში არ განვითარდება. სანამ ცოდნა არ იქნება, ბიზნესი არ განვითარდება. ერთი მეფუტკრის მიერ 1 ტონა თაფლის გატანა ამინდს ვერ შექმნის”.
კონსტანტინე ჟღენტის აზრით, მეფუტკრეობა საქართველოში ჩამოყალიბებული ბიზნესი არ არის და პრობლემა მანამდე ვერ მოგვარდება, სანამ მეწარმეებს ხუთიდან ათსკიანი მეურნეობა ექნებათ.
ასევე ნახეთ თაფლის წარმოება კახეთში - პრობლემები და პერსპექტივებისაქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი იხსენებს, 2015 წელს ENPARD-ის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მუშაობის შედეგს.
"არაბეთის ნახევარკუნძულზე თაფლი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. საელჩოს დახმარებითა და ჩვენი ჩართულობით მოვახერხეთ, რომ დაგვეკავშირებინა ქართველი მეფუტკრეები არაბული ბაზრისთვის. გაიგზავნა სამი ნიმუში, აქედან ორზე ითქვა, რომ საერთოდ არ იყო თაფლი. მესამე ე.წ. ალპურ თაფლს რომ ვეძახით, მოეწონათ, მაგრამ მასში შაქრიანობა იყო მაღალი. შაქრიანობას ეშველებოდა, მაგრამ ბითუმად შესყიდვისთვის 15 ტონა მოითხოვეს. ამდენი თაფლის მოგროვება შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა 8.5 დოლარს იხდიდნენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ქართველი მეწარმე ბევრი რამისთვის არ არის მზად”.
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოდან წაბლის თაფლი კონტრაბანდული გზით ახლა მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანში ხვდება. ესეც იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს ქვეყნები ადგილობრივ ფალსიფიკატორებს ვერ უმკლავდებიან.