„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივ დავას იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია იაკობაშვილის, წინააღმდეგ. საქმე ეხება სამეურვეო საბჭოსა და პროფკავშირების ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის, სავარაუდოდ, გია იაკობაშვილის მიერ თვითნებურად განადგურების ფაქტს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მთავარ პროკურატურას გია იაკობაშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის დადგენის მიზნით მიმართა.
როგორც „საიას“ ადვოკატი მარიამ გოგოსაშვილი აღნიშნავს, „სამეურვეო საბჭოს ჩანაწერის წაშლის გადაწყვეტილება სხდომაზე არ განხილულა, საბჭოს სხვა წევრები ინფორმირებულნი არ ყოფილან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს, რეალურად წაიშალა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. თუ გია იაკობაშვილის მხრიდან ინფორმაციის განადგურების ფაქტი დადასტურდება, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომელიც ელექტრონული მონაცემების წაშლას შეეხება“.
რას ნიშნავს გაანადგურო ჩანაწერი, მართალი გითხრათ, არ მესმის. გარდა ამისა, არის ასევე სრული თვითნებობა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მაგ ჩანაწერის განადგურება-არგანადგურებაზე საბჭოს არ მიუღია, კენჭისყრაზე არ დაუყენებია...ქეთევან მსხილაძე
კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ დაზიანებას, წაშლას, შეცვლას ან დაფარვას სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლი არეგულირებს. დანაშაულისთვის სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია იაკობაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხებს. მომხდარიდან გავიდა თითქმის ერთი კვირა და დღემდე ცნობილი არ არის, ადასტურებს თუ უარყოფს იგი 12 სექტემბერს გამართული სხდომის ვიდეოჩანაწერის წაშლის ფაქტს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე განმარტებას იგი 26 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გააკეთებს.
როგორც სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ქეთევან მსხილაძე, ამბობს, წინასწარი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 26 სექტემბრის სხდომაზე იმსჯელებენ ერთ-ერთი ახალი გადაცემისა და ბიუჯეტში ამ გადაცემის გამო მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. ქეთევან მსხილაძე გვეუბნება, რომ სამეურვეო საბჭოს, მენეჯმენტისა და პროფკავშირების 12 სექტემბრის გაფართოებული სხდომის ჩანაწერის განადგურების საკითხი დღის წესრიგში ოფიციალურად არ შედის, მისი პირადი მოსაზრებით კი, გია იაკობაშვილი თვითნებურად და ვანდალურად მოიქცა:
„რას ნიშნავს გაანადგურო ჩანაწერი, მართალი გითხრათ, არ მესმის. გარდა ამისა, არის ასევე სრული თვითნებობა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მაგ ჩანაწერის განადგურება-არგანადგურებაზე საბჭოს არ მიუღია, კენჭისყრაზე არ დაუყენებია. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე არაოფიციალურ შეხვედრაზეც, როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა, სამუშაო შეხვედრებზე კენჭისყრით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. გია იაკობაშვილმა რის საფუძველზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ მესმის, მართალი გითხრათ“.
ქეთევან მსხილაძე ამბობს, რომ 12 სექტემბერს გამართული სხდომის ჩაწერის წინადადება თავად მას ეკუთვნოდა იმ მოტივით, რომ სხდომაზე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ვებგვერდზეც აიტვირთებოდა და მტკიცებულებადაც გამოდგებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
25 სექტემბრიდან კი უკვე პროკურატურის ძიების საგანი ხდება ის, მართლაც წაშლილია თუ არა საზმაუს სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის გაფართოებული სხდომის ჩანაწერი და დაარღვია თუ არა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა.
12 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ახალი სეზონიდან ახალ ხელშეკრულებაზე საზმაუს 42 თანამშრომლის გადაყვანის, ე.წ. ოპტიმიზაციისა და ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ 45 მილიონის ოდენობის სესხის აღების საკითხებზე მსჯელობდნენ. სხდომა სამსაათ-ნახევარს გაგრძელდა და ხმაურის, დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის ფონზე წარიმართა. შეხვედრა პროფკავშირის თხოვნით იყო მოწვეული. სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რამდენიმე წევრმა ჩანაწერის ვებგვერდზე დადებას მხარი არ დაუჭირა, მოგვიანებით კი იგი, გაუსაჯაროებლობის პირობით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა მოითხოვა. საბოლოოდ, სწორედ ამ მოთხოვნის შემდეგ გაირკვა, რომ ჩანაწერი აღარ არსებობდა და იგი 18 სექტემბერს გია იაკობაშვილმა გაანადგურა. ნინო ზაუტაშვილის განმარტებით, ბორდის მდივანს გია იაკობაშვილმა ჩანაწერი უმრავლესობის სახელით გამოართვა და უმრავლესობის სახელითვე წაშალა, მაშინ როდესაც მას მხარს მხოლოდ ერთი ადამიანი, ზაზა შათირიშვილი, უჭერდა.
ზაზა შათირიშვილის შეფასებით კი, შეხვედრა არაოფიციალური იყო და, შესაბამისად, იურიდიული ძალის არმქონედ ითვლებოდა მისი ვიდეოჩანაწერიც. „ოფიციალური შეხვედრა რომ ყოფილიყო, პირდაპირი რეპორტაჟით უნდა გადაცემულიყო. იურდიული თვალსაზრისით, არაოფიციალური შეხვედრის ჩაწერა არის ნონსენსი, ანუ ეს თავიდანვე წაშლილია, ასე რომ ვთქვათ. ეს ჩანაწერი არ არის რეალობა, ეს ჩანაწერი არის აბსურდი“, - გვითხრა ზაზა შათირიშვილმა 19 სექტემბერს.
25 სექტემბრიდან კი უკვე პროკურატურის ძიების საგანი ხდება ის, მართლაც წაშლილია თუ არა საზმაუს სამეურვეო საბჭოს 12 სექტემბრის გაფართოებული სხდომის ჩანაწერი და დაარღვია თუ არა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროკურატურისგან პირველად ინფორმაციას რამდენიმე დღეში გამოითხოვს.
საია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნითაც დავობს. ორგანიზაციამ გაასაჩივრა მაუწყებლის მენეჯმენტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც საია-სმაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმის გადაცეზე ეთქვა უარი. ტექნიკური გადაიარაღებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი 40 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბანკო სესხის აღებას აპირებს.