ვინ შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას საპრეზიდენტო არჩევნებში?

გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ბოლო, ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე 2 მაისს ღიად დარჩა საკითხი იმის შესახებ, აპირებს თუ არა იგი პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მომავალ არჩევნებშიც გააგრძელოს. ოპოზიციის ნაწილი მის პასუხს ელოდება, თავად გიორგი მარგველაშვილმა კი მედიასთან განაცხადა, რომ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატობა მისთვის არავის შეუთავაზებია, თუმცა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ღიაა და მზადაა ნებისმიერ ძალას ესაუბროს.

მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებამდე დახლოებით ხუთი თვეა დარჩენილი:

  • ოპოზიციური გაერთიანების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას მიაღწია ათზე მეტმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ამსტერდამში.
  • ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს.
  • გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატობა მისთვის არავის შეუთავაზებია.
  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განაცხადი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
  • პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს „გირჩის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე.
  • პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს მმართველ „ქართულ ოცნებაში“.

ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობისთვის კონსულტაციები გრძელდება და ამ ეტაპზე განსაკუთრებულად აქტუალური ხდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო ფრონტითა და ერთიანი კანდიდატით გამოსვლის საკითხზე კონსოლიდაცია. გასულ კვირაში „ახალმა მემარჯვენეებმა“ პოტენციურ პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ზეპარტიულობის, დამოუკიდებლობის ხარისხისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მომავალი პრეზიდენტობისთვისაც შესაფერისი კანდიდატია.

“ჩვენი შეთავაზებისა და პრინციპების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატი ყველასი უნდა იყოს და გიორგი მარგველაშვილი ყველაზე კარგ ასეთ კანდიდატად მიგვაჩნია. თუმცა აქვე ვამბობთ, რომ თუ იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა და თუ იქნება ამ ერთობის უზრუნველმყოფელი ზეპარტიული კანდიდატი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია სიამოვნებით დავსხდეთ და განვიხილოთ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შესაძლო სხვა კანდიდატი.ჩვენ ღია ვართ მსჯელობისათვის.“

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმ ნიშნით, რომ საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს პრეზიდენტს, მეორე მხრივ, კი იმიტომ რომ მმართველი პარტიის აშკარა უპირატესობის პირობებში, კონკურენცია მასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების გაერთიანების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ერთ-ერთი ასეთი ოპოზიციური გაერთიანების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას ათზე მეტმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო ორგანიზაციამ დაახლოებით ერთი კვირის წინ მიაღწია ამსტერდამში, სადაც მათ მოლაპარაკებები გამართეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. გაერთიანება სახელწოდებით “ღია პლატფორმა“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას შეფასებით, არც კოალიციაა და არც საარჩევნო ბლოკი და მისი მიზანი ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის მოედნის შექმნაა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, რომელზეც „ღია პლატფორმის“ წევრები საუბრობენ, გასაგები მიზეზების გამო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და საერთო ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის პრინციპებია:

“ჩვენი აქცენტი და ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ მოხდეს ნოვაცია და კანდიდატი შეირჩეს არა პოლიტიკურ პარტიებს შორის კულუარული დიალოგით, არამედ პროცესში საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით. „ღია პლატფორმაში“ შემავალი პარტიები შევთანხმდით, რომ შეიქმნას კანდიდატის შერჩევის სისტემა, გამოვიყენოთ, მაგალითად, პრაიმერის გზა და მოგეხსენებათ ამ პრაიმერისშიც არის რამდენიმე ფორმა. საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან ერთად, „ღია პლატფორმა“ მიზნად ისახავს ასევე შეთანხმებას პარტიებს შორის თავდაუსხმელობისა და ერთმანეთის ხმების დაცვის შესახებ. ვგულისხმობთ ერთმანეთისგან იდეოლოგიურად შორს მდგარი ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის ნების გამოხატვის უფლების დაცვას“.

ამსტერდამში გამართულ შეხვედრაზე, ბაჩუკი ქარდავას თქმით, პერსონალურად საპრეზიდენტო კანდიდატები არ დაუსახელებიათ. თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ განმარტავენ, რომ ზოგადი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატით გამოსვლაა, კანდიდატურებზე მსჯელობა გრძელდება, თუმცა ვინ არიან ისინი, ჯერ საზოგადოებისთვის დაფარულია.

ოპოზიციაში სხვა ვითარებაა, ჯერჯერობით ასეთი კანდიდატი არ ჩანს, თუმცა ჩემი შეფასებით, კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ოპოზიციური ელექტორატი რომ გააერთიანოს, შეიძლება იყოს თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მეორე ასეთი კანდიდატი შეიძლება იყოს დავით უსუფაშვილი...
ვახტანგ ძაბირაძე

საპრეზიდენტო არჩევნებამდე დახლოებით ხუთი თვეა დარჩენილი და საპრეზიდენტო ამბიციაც საჯაროდ რამდენიმე პოლიტიკოსს აქვს გამოხატული - მათგან პირველი იყო ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, რომელმაც 2017 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განაცხადი გააკეთეს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და „გირჩის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს მმართველ „ქართულ ოცნებაშიც“. გავრცელებული ცნობით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გახდეს. მანამდე ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ რჩეულებად სახელდებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ პრეზიდენტობის პარტიულ კანდიდატს დაახლოებით ორ თვეში, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დაასახელებენ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ პარტიას ჯერ ნამდვილად არ ეჩქარება.

“გარდა იმისა, რომ მას სისტემა ორგანიზაციულად გამართული აქვს, არც ოპოზიციის რიგებიდან ჩანს სერიოზული მოწინააღმდეგე და არც გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანობა“, - შენიშნავს ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლიდერად უკვე გამოიწვია გარკვეული ძვრები და შესაძლოა უმაღლესი რანგის პოლიტიკური პერსონების გადაადგილებაც მოხდეს. ასეთ ფონზე ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაასახელოს. რაც შეეხება ოპოზიციას:

ვახტანგ ძაბირაძე

“ოპოზიციაში სხვა ვითარებაა, ჯერჯერობით ასეთი კანდიდატი არ ჩანს, თუმცა ჩემი შეფასებით, კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ოპოზიციური ელექტორატი რომ გააერთიანოს, შეიძლება იყოს თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მეორე ასეთი კანდიდატი შეიძლება იყოს დავით უსუფაშვილი. არ გამოვრიცხავ არც ელისაშვილის კანდიდატურას, თუმცა ამ ორთან შედარებით ალეკო ელისაშვილს ელექტორატის გაერთიანების ნაკლები შანსი აქვს, რადგან ცნობადობა საქართველოს მასშტაბით ისეთი არ აქვს, როგორც თბილისში.“

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ სწორედ იმაზე უნდა იფიქროს, რომელი კანდიდატი შეძლებს ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას და სწორი გათვლების შემთხვევაში, მისი კონკურენტუნარიანობა იმის წინაპირობა იქნება, რომ 2020 წელს ხელისუფლებასთან სერიოზული საპარლამენტო ბრძოლა გამართოს.