რომელია ყველაზე აქტიური დეპუტატების სამეული? რა მიზეზით აცდენენ დეპუტატები პლენარულ სხდომებს? ვინ მიეკუთვნება ე.წ. უხმო დეპუტატებს, რომლებიც ერთხელაც კი არ გამოსულან სიტყვით? - ყველა ამ კითხვას უპასუხებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა („საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება“), რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
Your browser doesn’t support HTML5
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 29 დეპუტატს, რომელთაგან 25 უმრავლესობის წევრია.
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 68 პლენარული სხდომა გამართა, მათ შორის 19 რიგგარეშე, კვორუმის არარსებობის გამო კი ერთი ჩაიშალა. უმცირესობამ 5-ჯერ გამოუცხადა ბოიკოტი პარლამენტის მუშაობას, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ - 2-ჯერ. „საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა აქტიური დეპუტატის სიმბოლური პრიზი გადასცა რომან გოცირიძეს, რომელიც წლის განმავლობაში 132-ჯერ გამოვიდა სიტყვით.
რომან გოცირიძეზე ხშირად (264-ჯერ) სიტყვით მხოლოდ უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოვიდა. კვლევის მიხედვით, პარლამენტის 25-მა წევრმა დასვა 182 შეკითხვა. ყველაზე მეტი - 38-38 - კითხვა დასვეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სერგო რატიანმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 29 დეპუტატს, რომელთაგან 25 უმრავლესობის წევრია:
ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე, რუსლან გაჯიევი, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, გოჩა ენუქიძე, მუხრან ვახტანგაძე, გიორგი თოთლაძე, გიორგი კოპაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, თამაზ ნავერიანი, კობა ნაკაიძე, რუსლან პოღოსიანი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, თეიმურაზ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე. სიტყვით არ გამოსულან ასევე: ზაზა კედელაშვილი (უმცირესობა), გელა მიქაძე („საქართველოს პატრიოტები“, რამაზ ნიკოლაიშვილი (უფრაქციო).
Your browser doesn’t support HTML5
როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, თამარ ტატანაშვილი, ამბობს, დეპუტატების აქტიურობის, სხდომებზე მათი დასწრებისა და ეთიკური ქცევის გარდა, გამოიკვეთა სხვა პრობლემებიც:
„საანგარიშო პერიოდში არც ერთი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე როგორებიც იყო ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება და ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას, ცემა. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, აღნიშნული საკითხი არ გახდა პარლამენტის განხილვის საგანი. გარდა ამისა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები. ვფიქრობთ, რომ გამოწვევაა პარლამენტის წევრების სხდომებში მონაწილეობა. გაზრდილია მაჩვენებელი მათი მხრიდან ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სხდომების გაცდენის მიმართულებით და ამ მხრივ ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს დეპუტატების სხდომებში მონაწილეობა. ასევე პრობლემაა ის, რომ პარლამენტი ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეთიკის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით. არადა, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ უნდა იქნეს მიღებული პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი”.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა პირველ წელს დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილა, მაშინ როცა მე-8 მოწვევის პარლამენტმა 4 წელიწადში - 437
საპატიო მიზეზებით ყველაზე ხშირად პლენარული სხდომა კობა ნაყოფიამ (62) და ნიკანორ მელიამ (58) გააცდინეს, არასაპატიო მიზეზით კი - შოთა შალელაშვილმა (14) და დავით ჭიჭინაძემ (10).
საპატიო გაცდენების ოთხი ძირითადი მიზეზი კი ასეთია: ავადმყოფობა, პოლიტიკური მოსაზრება, მივლინებაში ყოფნა და ოჯახური მდგომარეობა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ „ოჯახური მდგომარეობა“ ბუნდოვანი განმარტებაა და მეტ დაზუსტებას მოითხოვს.
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში“ ასევე ნეგატიურ პრაქტიკად მიიჩნევენ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებულ ვადებში: მე-9 მოწვევის პარლამენტმა პირველ წელს დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილა, მაშინ როცა მე-8 მოწვევის პარლამენტმა 4 წელიწადში - 437.
კვლევის ცალკეული კომპონენტების კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტისი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ადეკვატურად ხედავს და აფასებს კვლევაში წარმოჩენილ ამ გამოწვევებს და მზად არის დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უკეთესად უპასუხოს მას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრების საშუალო ასაკი 47 წელია, ყველაზე ასაკოვანი დეპუტატი 76 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი - 30-ის. პარლამენტის წევრებს შორის არის 2 აკადემიკოსი, 15 დოქტორი, 5 მეცნიერებათა კანდიდატი. ამასთან, 34 დეპუტატი ორდიპლომიანია.