ყოველი მერვე მიგრანტი - ბავშვია.
ათობით მილიონ ადამიანი საკუთარი თავისა და თავიანთი ოჯახებისთვის თავშესაფრის ან უსაფრთხო ცხოვრების ძიებაში გაურბიან ომს, რეგიონული კონფლიქტებს, კლიმატის ცვლილებას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რეპრესიულ კანონებსა და პოლიტიკას.
მიგრაციის მორიგ ტალღაში, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოჰყვა არა მხოლოდ მილიონობით უკრაინელი, არამედ ის ასიათასობით რუსიც, რომლებიც მათი ხელისუფლების მიერ დაწყებულმა ომმა, იძულებითმა მობილიზაციამ და რეპრესიულმა კანონებმა აქცია ლტოლვილად.
ომი ისევ გრძელდება. რა შეიცვალა მას შემდეგ უკრაინელი და რუსი მიგრანტების ცხოვრებაში?
ბევრი უკრაინელი მიგრანტი ბრუნდება სამშობლოში
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის (UNHCR) კვლევის თანახმად, 21 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინა დატოვა 6,3 მილიონ ადამიანზე მეტმა, აქედან 5,9-მა მილიონმა დევნილმა - ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, რომლებმაც ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი.
ბრიუსელმა ოპერატიულად გამოაცხადა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ომს გაქცეულმა უკრაინის მოქალაქეებმა მიიღეს თითქმის იგივე უფლებები, რაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა: დასაქმების, განათლების, უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე სახელმწიფო სოციალური დახმარება, რაც ყოველთვიურ გადასახადებსა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოიცავს.
უკრაინელი ლტოლვილების დროებითი დაცვის სტატუსი ევროკავშირში ძალაშია 2024 წლის გაზაფხულამდე, თუმცა ვინაიდან ომი გრძელდება, მოსალოდნელია, რომ ეს პროგრამა გაისადაც შენარჩუნდება.
მიგრანტის სტატუსი არ შეუნარჩუნდებათ იმ უკრაინელებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების დაბომბვის მიუხედავად, წელს დაბრუნდნენ უკრაინაში. ა
დეკემბერში განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში დღეისთვის 4 მილიონ 238 ათასი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი - 1,21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გერმანიაში, 960 ათასი პოლონეთში და 365 ათასი - ჩეხეთის რესპუბლიკაში.
უკრაინის ხელისუფლება, რომელიც ასევე აქვეყნებს საკუთარ სტატისტიკას, მიუთითებს, რომ ბევრი ლტოლვილი დაბრუნდა საკუთარ სახლში და ამჟამად ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებლები არ აღემატება ომამდელ დონეს. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი კვეთს საზღვარს ნათესავების სანახავად და რამდენი რეალურად ბრუნდება. გარკვეული დასკვნების გაკეთება შესაძლებელია ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან.
ასევე ნახეთ
უკრაინელი დევნილები ევროპაში - რას აჩვენებს რიცხვები და რას ამბობს რუსული პროპაგანდამაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა 2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში მოსახლეობის ცვლილებების დეტალური სტატისტიკა. ქვეყნის მოსახლეობა გაზრდილია ომის წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა. მაგრამ, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, როდესაც ქვეყანა უკვე აქტიურად იღებდა უკრაინელ ლტოლვილებს, ჩეხეთის მოსახლეობა 229 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.
ცხადია, ეს მაჩვენებელი მოიცავს არა მხოლოდ უკრაინელ ლტოლვილებს, არამედ გარდაცვლილებსაც, ასევე ჩეხეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქეების გარკვეულმა რაოდენობამ, რომლებსაც დროებითი დაცვა ჰქონდათ, დატოვა ჩეხეთი.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, თებერვლის შემდეგ 2.7 მილიონი ლტოლვილი დაუბრუნდა თავიანთ სახლებს.
ამავე დროს, ხუთ მილიონზე მეტ უკრაინელს აქვს დროებით დევნილთა (იძულებით გადაადგილებულთა) სტატუსი.
ლაპარაკია მოქალაქეთა იმ ნაწილზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მაგრამ დარჩნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 7820-მა კომპანიამ შეიცვალა ადგილი და დაბომბვის საფრთხის გამო უსაფრთხო რეგიონებში გადავიდა. ასეთი ევაკუაციის დროს კომპანიებს თანამშრომელთა უმრავლესობაც თან მიჰყვებოდა.
მოქალაქეობა იძულებით - როგორ ცხოვრობენ რუსეთში უკრაინიდან დევნილები?
სხვადასხვა რუსული წყაროს თანახმად, ამჟამად რუსეთში 2,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვები არ ასახავს რეალობას და რუსეთში უკრაინიდან დევნილი დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.
„ეს საკმაოდ ბევრია იმასთან შედარებით, თუ რამდენი ადამიანი ჩამოდის ჩვენთან სხვა ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ მათ არ ვუშვებთ, ლტოლვილის სტატუსს არავის ვაძლევთ. ამ თვალსაზრისით, უკრაინელები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან. ამასთან დაკავშირებით და, ზოგადად, ლტოლვილთა მდგომარეობაზე, რუსეთში მიღებულია მთელი რიგი საპრეზიდენტო განკარგულებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს სპეციალურ ანგარიშში. ზოგადი ტენდენცია მიმართული იმისკენ, რათა დაეხმაროს უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. რუსეთის მთავრობისთვის სასურველია, რომ უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უფლებადამცველმა სვეტლანა განუშკინამ, ორგანიზაცია "სამოქალაქო დახმარების" ხელმძღვანელმა.
განუშკინა და მისი ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოეთის აგენტების რეესტრშია შეყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უკრაინიდან დევნილმა რუსეთში ნებაყოფლობითაც მიიღო მოქალაქეობა, განუშკინას თქმით, ბევრი აიძულეს.
"ეს შეეხოთ, მაგალითად უკრაინიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომლებიც რუსეთში ამ ე.წ. სპეცოპერაციის (ჩვენ ამას ომს ვუწოდებთ) დაწყებამდეც ჩამოვიდნენ. მათ არ გაუგრძელდათ უფლება დარჩენილიყვნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, თუ უარს იტყოდნენ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები დაგვიკავშირდნენ, ჩვენ შევძელით ამ პრობლემის მოგვარება. იმედი მაქვს, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც დაგვიკავშირდნენ, უკვე დაამთავრეს ჩვენი ელიტური ინსტიტუტები“, - ამბობს განუშკინა.
ცალკე პრობლემაა უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადასული დევნილების საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფა. ბევრი მათგანი ჯერაც ყაზარმული ტიპის დროებით განთავსების პუნქტებში ცხოვრობს.
RBC-ის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, უკრაინელები ნებაყოფლობით კი არ გაემგზავრნენ რუსეთში, არამედ იმიტომ, რომ საომარი მოქმედებების პირობებში სხვაგან გასვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთში გაქცეული უკრაინის 146,846 მოქალაქიდან რუსეთის სახელმწიფო საბინაო სერტიფიკატები მხოლოდ 95,616-მა მოქალაქემ გამოიყენა. მათაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება მხოლოდ ოდნავ მოახერხეს, რადგან სახელმწიფოსგან მიღებული თანხა მხოლოდ რუსეთის შორეულ რეგიონებში ოთახების, ან სოფლად ნახევრად დანგრეული სახლების დაქირავებისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, ე.წ. გზის ფულის - 10 ათასი რუბლის მიღებისთვის, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხვაზე დაიბარა.
საუბარი ძირითადად ოკუპირებული და სეპარატისტული რეგიონებიდან დევნილებზეა.
დევნილის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სარჩელების შეტანას აიძულებდნენ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც უარი თქვა „საგზაო ფულსა“ და დევნილის სტატუსზე უკან, უკრაინაში დაბრუნდნენ.
ამასთან, უკრაინელებისთვის რუსეთის მთავრობა ლეგალიზებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ ვერ სთავაზობს სამუშაოს და სამედიცინო მომსახურებას. მათი ნაწილი ტოვებს რუსეთს და ევროპაში მიდის, ზოგი კი ბრუნდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ სახლში ცხოვრება მაინც უკეთესია, ვიდრე დროებითი განთავსების პუნქტში.
რუსი სამხედროებისთვის დეზერტირობა სანატრელია
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან რუსეთის აგრესიას, ცდილობენ რუსეთის დატოვებას და სხვა ქვეყნებში დამკვიდრებას.
პროექტ „ვიორსტკას“ თანახმად, ომის პირველ წელს რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებში, სულ მცირე, 11,863 რუსი ემიგრირდა. ეს თითქმის ორჯერ აღემატება ბოლო 10 წლის პერიოდის საშუალო მაჩვენებელს.
„ვიორსტკა“ ამ დასკვნამდე შენგენის ქვეყნების მომსახურების სტატისტიკური ანალიზის შემდეგ მივიდა.
Forbes-ის მონაცემებით, რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შედეგად კი მხოლოდ ყაზახეთში გაიქცა 200 ათასი რუსი, ბევრმა კი საქართველოს შეაფარა თავი.
ასევე ნახეთ ქართველები ვერ ხვდებიან, რუსეთში რა ხდება და გვადანაშაულებენ - მობილიზაციას გამოქცეული რუსებიForbes-ის შეფასებით, საერთო ჯამში, შეიძლება ვისაუბროთ რუსეთის 700 ათას მოქალაქეზე, რომლებმაც თავიანთი სახლები დატოვეს იმის გამო, რომ არ სურდათ ფრონტზე მოხვედრა.
შედარებისთვის „ვიორსტკამ“ შეისწავლა ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ნორვეგიის სტატისტიკა.
2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსების უმეტესობა, 6003 ადამიანი, ფინეთში გადავიდა; მეორე ადგილზეა ლიეტუვა - 2,188 ადამიანი. ესტონეთი ახალ საცხოვრებელ ადგილად აირჩია 1918-მა რუსეთის მოქალაქემ, ლატვიას რუსეთიდან - 924-მა, ხოლო ნორვეგიას - 830-მა ადამიანმა მიაშურა.
რუსეთიდან მოქალაქეთა გამგზავრების პირველი ტალღა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს მალევე მოჰყვა.
ეს გამოწვეული იყო კრემლის პოლიტიკით მრავალი რუსის უკმაყოფილებითა და მათ მიმართ გაზრდილი პოლიტიკური რეპრესიების რისკით. ემიგრაციის მეორე ტალღა გასული წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომისთვის რუსების მობილიზაცია გამოაცხადა. შემდეგ სამხედრო ასაკის მამაკაცებმა დაიწყეს რუსეთის დატოვება, ბევრი ოჯახთან ერთად გარბოდა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა, საქართველო, სომხეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსების ემიგრაციის ყველაზე ხშირი მისამართები გახდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით სამხედრო ასაკის 3500-მა რუსმა მამაკაცმა მიმართა. ეს რიცხვი დაასახელა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბუნდესტაგის მემარცხენე ყაიდის დეპუტატის, კლარა ბუენგერის მოთხოვნაზე. ხოლო მიგრაციისა და განვითარების ფედერალურ ოფისს (BAMF) უკვე აქვს მიღებული რუსეთის 1500 მოქალაქის განაცხადი. შედეგად, დაახლოებით 90-მა რუსმა, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას, მიიღო ლტოლვილის სტატუსი.
მაგრამ ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ამჟამად გერმანიის სასამართლოები ხელმძღვანელობენ იმით, რომ მობილიზაციიდან თავის არიდება ან დეზერტირობა არ არის აღიარებული თავშესაფრის მიღების საკმარის მიზეზად.
ლტოლვილის სტატუსის მოპოვების პირობად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, თუ მობილიზაციაზე უარის მთქმელები განსაკუთრებით მკაცრი სასჯელის წინაშე დგანან და, შესაბამისად მიეკუთვნებიან, დისკრიმინირებულ ადამიანთა ჯგუფს.
სისხლისსამართლებრივი დევნა მობილიზაციისგან თავის არიდების გამო შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ დევნად, თუ ლტოლვილის სტატუსის მსურველი იძულებული გახდებოდა ან გახდა, მონაწილეობა მიეღო ომის დანაშაულების ჩადენაში.
ასეთი განმარტების ქვეშ ექცევა უკრაინაში მიმდინარე ომი, რადგან, გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ამ ომს თან ახლავს მშვიდობიან მოსახლეობაზე დანაშაულებრივი თავდასხმები.
ამავე დროს, გაიზარდა იმ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, რომლებსაც აღარ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა: 2023 წლის შემოდგომაზე, ჯარიდან დეზერტირობაში დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 89%-ით გაიზარდა.
ეს არის ორგანიზაციის „იდიტე ლესომ“ („იარე ტყე-ტყე“) მონაცემები. ეს ორგანიზაცია ეხმარება რუსებს თავიდან აიცილონ უკრაინის ომში მონაწილეობა. დეზერტირობის შემთხვევების ზრდას ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფ „მოქალაქე. არმია. კანონის“ დირექტორი, სერგეი კრივენკოც.
პროექტ „იარე ტყე-ტყეს“ ხელმძღვანელის გრიგორი სვერდლინის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ დეზერტირობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ისინი ბრძოლის ველზე დაშავდნენ და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. სამხედრო მოსამსახურეები ხედავენ, რომ როტაცია არ ხდება და მძიმედ დაჭრილებიც კი მკურნალობის შემდეგ ფრონტზე ბრუნდებიან. ეს კი მათ არ აწყობთ.
მაგრამ სამხედრო ნაწილებიდან გაქცევას ბევრი ვერ ბედავს, ვინაიდან დეზერტირებს იჭერენ, ჯერ სამხედრო ჰაუპტვახტებში აგზავნიან ან სულაც ე.წ. ორმოებში ყრიან, ხოლო იქიდან პირდაპირ ფრონტზე გზავნიან.
ასევე ნახეთ
ომს ყველა ისე გაურბის, როგორც შეუძლია
მოხალისეები რუს ჯარისკაცებს ზოგჯერ უშუალოდ ფრონტის ხაზიდან დეზერტირობაშიც კი დაეხმარნენ, მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთობ მცირეა. სამხედროებს, რომლებიც ფრონტზე იმყოფებიან, ხშირად არ აქვთ კავშირი და, თანაც, ყოველგვარი კანონის საწინააღმდეგოდ ჩამორთმეული აქვთ დოკუმენტები. მეთაურები სამხედროებს პასპორტებს მხოლოდ მაშინ უბრუნებენ, თუ ისინი შვებულებაში მიდიან ან საავადმყოფოებში სამკურნალოდ წვებიან.
ომის გამო სულ უფრო მეტი რუსი ცდილობს საზღვარგარეთ წასვლას
ევროკავშირის სახელმწიფოებისა და ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების გარდა, რუსები ცდილობენ ახალი ცხოვრება შეერთებულ შტატებში დაიწყონ. როგორც აშშ-ის სასაზღვრო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გამომდინარეობს, 2023 ფისკალურ წელს, ანუ 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე, რუსეთის 57 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა შეერთებული შტატების საზღვარი და მოითხოვა თავშესაფარი.
ომის დაწყების წინ, 2021 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 4,5-ჯერ ნაკლები იყო. ანუ 2022 წლის თებერვლამდე, თავშესაფრის საძებნელად, რუსეთის 13 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა აშშ-ის საზღვარი. 2022 ფისკალურ წელს ეს რიცხვი თითქმის სამჯერ გაიზარდა და 36 271 გახდა.
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დაიწყო 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და პიკს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიაღწია. ამ თვეების განმავლობაში, აშშ-ის საზღვრები რუსეთიდან, შესაბამისად, 6931-მა და 9227-მა ლტოლვილმა გადაკვეთა. 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე კი, დაახლოებით 2 ათასმა რუსმა ითხოვა თავშესაფარი.
რუსეთიდან წასული თავშესაფრის ბევრი მაძიებელი, როგორც ადრეც აღნიშნულა, შეერთებულ შტატებში ხვდება სამხრეთ საზღვრის გავლით ანუ მექსიკიდან, ამ ქვეყანაში უვიზო შესვლის უფლების გამოყენებით. მთავარ მიზეზებს შორის, რის გამოც რუსებმა თავშესაფარი ითხოვეს შეერთებულ შტატებში, არის რუსეთში მიმდინარე მობილიზაცია, პოლიტიკური მიზეზების გამო დევნა და კრემლის აგრესიული პოლიტიკისადმი უთანხმოება.
2022 წელს აშშ-ში 9800-ზე მეტმა რუსმა გააფორმა „გრინ-კარტა“ („მწვანე ბარათი“ - ბინადრობის უფლება. რედ.), მათგან მეოთხედზე მეტმა ბინადრობის ნებართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ლატარიის შედეგად მოიპოვა. ასევე, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებზე აშშ-ის მიერ გაიცა 97 საინვესტიციო ვიზა - ბევრად მეტი, ვიდრე წინა წლებში.
ასევე ნახეთ
რუსები რუსებს საქართველოდან - „დაგღალა პუტინმა? - დაისვენე საქართველოში!“
სხვადასხვა წყაროს თანახმად, 150-დან 800 ათასამდე ადამიანმა დატოვა რუსეთი ომისა და მობილიზაციის დაწყების შემდეგ. ზუსტი მონაცემები უცნობია. როგორც წესი, უმრავლესობა არ ითხოვს თავშესაფარს და სხვა ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მიღებას ცდილობს. რუსეთიდან წასული ადამიანების სოციალური შემადგენლობა უცნობია, მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ახალგაზრდა, კარგად განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც ადვილად ინტეგრირდებიან მათ მიერ დასამკვიდრებლად არჩეული ქვეყნის ცხოვრებაში: სწავლობენ ენას, აქტიურად ეძებენ სამუშაოს და ცდილობენ გახსნან საკუთარი ბიზნესი.
გაზეთ „ბუმაგის“ ცნობით, რუსებმა, რომლებიც ომს 2022 წელს გაექცნენ, მხოლოდ თურქეთში, საქართველოსა და ტაილანდში 10 ათასზე მეტი უძრავი ქონება შეიძინეს.
„ყველა პირობა გაწერილია, წესები ნათელია და თუ მათ დაიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ბინადრობის ნებართვის გაცემა არის [სახელმწიფოს] უფლება და არა ვალდებულება. არ ღირს გაბრაზება იმის გამო, რომ არ მოგცეს ბინადრობის ნებართვა. ეს შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს“, - ამბობს მედიამენეჯერი ნიკოლაი ლივშიცი, რომელიც რუსეთიდან გადავიდა საქართველოში და ორი წლის წინ იქ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა.