სტანდარტული პროცედურა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება, - ზუსტად 7 წლის თავზე მისი ამ პოზიციაზე დამტკიცებიდან.
ამის შემდეგ სტანდარტული პროცედურა ასეთია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს საბჭოს მოქმედი წევრებიდან. შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გახდეს, ადამიანი ჯერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი უნდა იყოს.
საბჭოში, - რომელიც ეროვნული ბანკის უმაღლესი და, ამავე დროს, საზედამხედველო ორგანოა, - მოქმედი რეგულაციებით, 9 წევრი უნდა იყოს, ბანკის პრეზიდენტის ჩათვლით, - და ბანკის პრეზიდენტი ავტომატურად ხდება საბჭოს პრეზიდენტი.
საბჭოს წევრებს, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტის უმრავლესობა (76 დეპუტატი) ამტკიცებს.
ამ წესების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამტკიცება ქვეყნის პრეზიდენტზეა დამოკიდებული - სალომე ზურაბიშვილზე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ეროვნული ბანკის ფუნქციებში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც ყოველი მოქალაქის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს:
- ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა;
- ზედამხედველობა ფინანსური სტაბილურობისათვის, - საფინანსო სექტორის, ბანკების ზედამხედველობა;
- ფულის გამოშვება;
- საერთაშორისო რეზერვების მართვა და ა.შ.
დაჩქარებული ცვლილებები - „ქაოსის გამოსარიცხად“
კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორებმა ამ ცვლილების აუცილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, უშუალოდ კანონში არ წერია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას. თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საჯარო განხილვებზე სხვა მიზეზიც დაასახელა:
„ეს კეთდება იმიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა, საბოტაჟის მცდელობა და ქაოსი ამ ინსტიტუციაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ, პლენარულ სესიაზე 8 თებერვალს. „დარწმუნებული ვარ, რომ [ეროვნულ ბანკს] ეყოლება ახალი პრეზიდენტი, მაგრამ რომ გამოვრიცხოთ თეორიული დაშვებები, ამიტომ კეთდება ეს“, - დააზუსტა მან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005-2007 წლებში, რომან გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ცვლილებების მიზანია, მთავრობას რისკი გადაუზღვიოს, - რისკი იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - რომელიც მთავრობას არაერთი გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს, - ბანკის ახალ პრეზიდენტს არ დაამტკიცებს.
ცვლილებების ინიციატორების განცხადებებიც ამაზე მიანიშნებს. როდესაც კანონპროექტის მომხსენებელს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს პაატა კვიჟინაძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, დაინახეს თუ არა უმრავლესობაში რისკები, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ვერ აირჩიონ, მან თქვა:
„რისკები არ გაჩენილა, მაგრამ ზოგადად, რომ წარმოვიდგინე, რომ რაღაცები არ არის არჩეული, და რაღაც გაუგებრობა მოხდეს, დაუშვებელია“. იქვე თქვა, რომ „ფაქტია, ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე“.
ეროვნული ბანკის საბჭოს ამჟამად, 9-ის ნაცვლად, 8 წევრი აკომპლექტებს. ესენი არიან:
- კობა გვენეტაძე, ბანკის პრეზიდენტი
- არჩილ მესტვირიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი
- პაპუნა ლეჟავა, ვიცე-პრეზიდენტი
- ნიკოლოზ გაგუა, ვიცე-პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
- ნათია თურნავა, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი
- ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე
- ეკატერინე გალდავა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველი, წარსულში „ქართუს“ აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
- რობერტ სინგლეტარი, საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტი.
შენიშვნები აქვს ეროვნულ ბანკს
კანონპროექტის პირველადი ვერსიის წარდგენის შემდეგ, კრიტიკული შენიშვნები ეროვნული ბანკის მოქმედმა ადმინისტრაციამაც გამოთქვა.
8 თებერვალს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, საბჭოში 2009 წლიდან მყოფმა არჩილ მესტვირიშვილმა შენიშვნები ასე ჩამოაყალიბა:
მესტვირიშვილის თქმით, როდესაც ეროვნულ ბანკში სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მისია იყო, ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა: „მათი რეკომენდაცია იყო, რომ … არააღმასრულებელი წევრები კანონით უფრო მეტნი ყოფილიყვნენ. ეს ცვლილება სავალუტო ფონდთან ტექნიკური დახმარების ფარგლებში მზადდება და დღეს შემოთავაზებული ვერსია ამის საწინააღმდეგოა“.
2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში IMF-ი წერდა, რომ „საბჭოზე ზედამხედველობის დამოუკიდებელ პროცესს აფერხებს საბჭოში აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა“ და „საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები ამ ნაპრალის ამოსავსებად“.
მესტვირიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრაქტიკაში ეროვნული ბანკის საქმიანობა არასოდეს შეფერხებულა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ასრულებდა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. ეროვნულმა ბანკმა ასევე დაიწუნა პროცესის დაჩქარება - კანონის დაჩქარებული წესით განხილვა.
ცვლილებები ცვლილებებში
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ეროვნული ბანკის შენიშვნებზე პასუხად ასეთი გამოსავალი მოიფიქრეს და მეორე მოსმენაზე შეიტანეს დამატებითი ცვლილებები, რომლის შემდეგაც:
- კანონში შემოვიდა „გარდამავალი პერიოდის“ ცნება. ეს პერიოდი გაგრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს არ ამოეწურება უფლებამოსილების ვადა;
- უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში ეწურება არჩილ მესტვირიშვილს;
- გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს 2023 წლის დეკემბრამდე ეყოლება სამი ვიცე-პრეზიდენტი და, დამატებით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
- ბალანსის პრობლემა მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება - არჩილ მესტვირიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ეროვნულ ბანკს მუდმივად ეყოლება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მხოლოდ ორი ვიცე-პრეზიდენტი, რაც ნიშნავს, რომ აღმასრულებელი წევრების რაოდენობა 4 იქნება;
- თუმცა ბალანსის პრობლემა, სულ მცირე, 10 თვის განმავლობაში გადაუჭრელი რჩება.
9 თებერვალს პარლამენტმა მეორე-მესამე მოსმენით დაამტკიცა დაზუსტებული ცვლილებები.
„ლელოს“ ფრაქციის წარმომადგენელმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა დავით უსუფაშვილმა იკითხა, თუკი ცვლილებების მიზანი მხოლოდ წესის კანონით მოწესრიგებაა, „რატომ არ შეიძლება, რომ კანონში ჩაიწეროს, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არსებული სამი მოადგილიდან იქნას არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით და საბჭოს გადაწყვეტილებით?“
უსუფაშვილის ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა: „რატომ არ უნდა მივცეთ საბჭოს შესაძლებლობა, აირჩიოს, ვინც უნდა? რატომ უნდა შევზღუდოთ? რატომ დავავალდებულოთ, მაინცდამაინც ამ სამი ადამიანიდან აირჩიეო?“
იგივე გაიმეორა „ოცნების“ მომხსენებელმა პაატა კვიჟინაძემ, - თქვა, რომ „ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, აირჩეს ამ თანამდებობაზე“ და დასძინა: „საბჭოს წევრებს აქვთ ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია“.
ვინ იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი?
უსუფაშვილის შეკითხვას ოპოზიციაში ასე პასუხობენ: „ახალი ცვლილებები ნიშნავს, რომ მთავრობა არ აპირებს, სამი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტიდან რომელიმეს დანიშვნას პირველ ვიცე-პრეზიდენტად. მარტივად იკითხება, თუ ვინ იქნება ამ როლში და ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. ყველამ ვიცით, რომ ეს იქნება ნათია თურნავა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი.
ნათია თურნავა 2019-22 წლებში იყო ეკონომიკის მინისტრი. მან პოსტი წინა წლის 9 თებერვალს დატოვა. როგორც კი მინისტრის პოსტი დატოვა, მედიაში მაშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები თურნავას მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტის შესაძლო დაკავების შესახებ. თურნავამ მაშინ განაცხადა, რომ სფეროს შეცვლისა და „ძალების სხვა ასპარეზზე მოსინჯვის“ სურვილი ჰქონდა, თუმცა გეგმები არ დაუზუსტებია.
2022 წლის მაისში თურნავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარადგინა, ივნისში კი პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. შესაძლო პრეზიდენტობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მას საჯაროდ ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.
„ეს არის გზა, როგორ გახდე პრეზიდენტი ისე, რომ არ გახდე პრეზიდენტი“, - ასე შეაფასა „გირჩის“ პარლამენტარმა, ეკონომისტმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის მიღებული ცვლილებები.
„ეს სიტუაცია, უმრავლესობის განსაკუთრებული მოტივირებულობა [სწრაფად მიიღოს ცვლილებები] მიუთითებს, რომ საქმე ეხება თანამდებობების განაწილებას და არა იმას, რომ რაიმე გაუმჯობესდეს ეროვნულ ბანკში“, - თქვა რაქვიაშვილმა 9 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
„გადატრიალება ეროვნულ ბანკში“
რომან გოცირიძის შეფასებით, „მთავრობას უნდა, მთელი ეროვნული ბანკი დააკომპლექტოს „გამოცდილი“, უფრო ზუსტად კი, მისი მორჩილი ფიგურებით“:
„დღეს საბჭოში, არააღმასრულებელი წევრები არიან ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი. ვიღებთ გადატრიალებას ეროვნულ ბანკში, რაც არასდროს არ მომხდარა. არასოდეს მომხდარა, რომ საბჭო ასე ღიად ინიშნებოდეს კლანური წესით“, - ამბობს იგი.
რა პოზიცია აქვს IMF-ს?
რა პოზიცია აქვს მიღებულ ცვლილებებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს? ორგანიზაციას ჯერჯერობით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
რომან გოცირიძემ სავალუტო ფონდის ქართულ წარმომადგენლობას მოუწოდა, „ნუ იქნება ასეთი პასიური, როდესაც ირღვევა ბანკის რეკომენდაციები“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა IMF-ის წარმომადგენლობას. მათს პოზიციაზე პასუხს რედაქცია მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
განახლება: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, ჯეიმს ჯონი 17 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადებით აკრიტიკებს ცვლილებს და წერს:
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შესატანად გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რაც სებ-ის მართვის სტრუქტურას ცვლის, აჩენს რისკს, დაიკარგოს თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობა. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერ ცვლილებას განსაკუთრებული დაფიქრება სჭირდება და იგი შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა“