საქართველოს ოფშორებში შენახული სიმდიდრის „გადმოქაჩვა“ უნდა, ვინ იხეირებს?

ბიძინა ივანიშვილი. 2011 წ.

“ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილებება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.

ასევე ნახეთ პარლამენტმა ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები გააუქმა

ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია საშემოსავლო და მოგებისა გადასახადისგან ერთჯერადად გაათავისუფლდება.

მარტივად რომ ვთქვათ აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამას გარდა, თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი აქვს: მაგალითად, თვითმფრინავი, ავტომობილი საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის.

ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის შეღავათიანი პირობები 2028 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ინიციატორი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულია 3 ათასამდე კომპანია, რომელთაც საქართველოში შვილობილი კომპანიები ჰყავთ და ელიან რომ ეს ბიზნესი საქართველოში გადმოვა.

“ეს ხალხი თუ ქვეყანაში გადმოვა თავისთავად გადასახადსაც მეტს გადაიხდიან, გამჭვირვალე იქნება მათი ქცევა და ქვეყანაში მეტი ფული ჩაიდება. ეს რატომ არის ცუდი არ მესმის?!”, - ამბობს კვიჟინაძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ოფშორებში კომპანიებს საქმიანობა გაურთულდათ, მეტი გამჭვირვალეობა; მონიტორინგია და გადასახადებმა იმატა. ამ ფონზე ოფშორებიდან გადიან და როგორც კვიჟინაძე ამბობს, საკუთარ ქვეყნებს უბრუნდებიან. “რადგან მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, ქვეყნები ცდილობენ ეს კაპიტალი არ დაიკარგოს და მათთან წავიდეს. ამიტომ იღებენ ისეთ კანონებს, როგორზეც ახლა ვსაუბრობ”.

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანებს იგივე ოფშორულ ზონებს “საგადასახადო სამოთხესაც” უწოდებენ, რადგან იქ რეგისტირებული კომპანიებისთვის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ ეტაპზე ოფშორულ ზონად 64 ქვეყანა მიიჩნევა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.

ეკონომიკის ხელშეწყობა თუ ივანიშვილის ინტერესებზე მორგება?

პარლამენტის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ამ კანონის რეალური მიზანია ივანიშვილს აქტივების საქართველოში გადმოტანა გაუადვილდეს. როგორც ის ამბობს, ოფშორულ ზონებს ბიზნესი მხოლოდ დაბალი გადასახადების გამო არ ირჩევს და იქ სასამართლო დავების გადაჭრაც უფრო მარტივია.

“ვინ შეიძლება იყოს [ამ კანონის] ბენეფიციარი?! ადამიანი, რომელიც ჩვენს სასამართლოს ენდობა, აქ გადმოაქვს ფული და აქაურ სასამართლოს ანდობს დავების გადაწყვეტას. მეორე, იმდენი ფული აქვს რომ უღის ამის გაკეთება, ანუ მინიმუმ მილიონერია და მესამე იმდენი პოლიტიკური გავლენა აქვს, რომ პარლამენტს დაჩქარებული წესით აღებინებს კანონს. მე უბრალოდ ივანიშვილის გარდა აზრად სხვა არავინ მომდის ამ ვითარებაში”, - გვეუბნება რაქვიაშვილი.

ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ცვლილებების ავტორი პაატა კვიჟინაძე: “ივანიშვილის დროს მოხდა ყველა სიკეთე საქართველოში, ქველმოქედებაშია და ჯერ რატომ უნდა დაადონ სანქცია და თუ დაადეს საქართველო მას როგორ დაიცავს?! 100 დოლარი რომ გადარიცხო თიბისი ბანკიდან საქართველოს ბანკზე ამერიკის ბანკების გავლით უნდა მოხდეს.. რაც შეეხება აქტივებს, აქ საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე [რაც] ოფშორშია და ამ კომპანიას საქართველოშიც აქვს წილი”.

მმართველმა პარტიამ საგადასახადო კოდექსში ცვილებებს „აგენტების კანონის” პარალელურად დაუჭირა მხარი. ამ კანონის გამო ბოლო დღეებია პარლამენტთან ათასობით ადამიანი იკრიბება, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს.

რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ეს კანონი ივანიშვილს სანქციების გავლენისგან მნიშვნელოვნად ვერ დაიცავს, მაგრამ გარკვეული ტიპის პრობლემებს მაინც აარიდებს.

“ასეთი კანონით მაინც ვერ დაიცავ ფულს თუ სერიოზულად გებრძვიან და მხოლოდ “მსუბუქ” სანქციებს გაექცევი. მაგალითად, მე რომ საბანკო ანგარიშზე დოლარები მაქვს, ის შეიძლება ტექნიკურად თიბისი ბანკშის ანგარიშზეა, მაგრამ რეალურად ამერიკაში ინახება, ამიტომ ამერიკელებმა რომ დამასანქცირონ თანხას მაშინვე დავკარგავ. ამიტომ თუ დოლარებზეა [ივანიშვილის შემთხვევაში] საუბარი ამ კანონით სანქციებს ვერ გაექცევი”.

რატომ დაჩქარებულად?

“ასე “სუპერ” დაჩარებულად არ მახსოვს კანონი ყოფილიყო მიღებული. რა ეჩქარებოდათ, ხომ შეიძლება სხვაგვარი ტაქტიკა აერჩიათ და არ გაემძაფრებინათ ეჭვები, თუმცა როგორც ჩანს ივანიშვილს ეშინია მართლა არ დაასანქცირონ. მან ფაქტობრივად შექმნა საკუთარი აქტივების დაბეგვრის გარეშე საქართველოში გადმოტანის კანონი”, - გვეუბნება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე.

ოფშირებიდან ბიზნესის გადმოტანის გარდა, საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს სხვადასხვა ტიპის დავალიანება ჩამოეწერებათ. კვიჟინაძე ამბობს, რომ ოფშორების ნაწილს „დასაჩქარებელი არაფერი სჭირდა”, მაგრამ რადგან ორივე ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედიოდა ერთადაც მიიღეს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბები [აგენტების კანონი] და აჟიოტაჟი რომ არ ყოფილიყო ეს თემა ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რადგან ოპოზიცია თავად გვეუბნება ხოლმე რომ რაღაც ზომები უნდა მივიღოთ რომ ოფშორიდან კაპიტალი აქ ჩამოვიდეს”, - ამბობს კვიჟინაძე.

რომან გოცირიძე ასევე შიშობს, რომ ამ კანონის მიღებით საქართველო შესაძლოა „შავი ფულის” გათეთრებისთვის გამოიყენონ, თუმცა კვიჟინაძე ამას გამორიცხავს.

„პრობლემა კიდევ იმაშია რომ ეს კანონი ძალიან უხარისხოდ არის გაკეთებული და მხოლოდ ივანიშვილზე რომ იყოს მორგებული იტყოდი რომ გადმოიტანა და ფული დაზოგა, მაგრამ ისეთი მექანიზმი ჩადეს, რომ ნებისმიერ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას შეუძლია გადმოიტანოს აქ საკუთარი წილები, აქციები, ქონება და შესაძლებელია ამ კანონით საქართველო გახდეს „შავი ფულის” გათეთრების ოაზისი. თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული ივანიშვილი რამდენად დაკმაყოფილდება პირადით და იზრუნებს თუ არა თავის რუს მოძმეებზე, ამის თქმა რთულია. მაგრამ ეს კანონი ოფშორებიდან უკონტროლოდ ყველანაირი აქტივის გადმოტანას ითვალისწინებს”, - ამბობს გოცირიძე.

იგივეს ფიქრობს ეკონომისტი და ყოფილი დიპლომატი ელგუჯა ხოკრიშვილიც.

“გონივრული ეჭვის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაც ცდილობს ოფშორულ ზონებში არსებული აქტივები შემოიტანოს. ერთი მხრივ არ დაიბეგროს, მეორე მხრივ კი გვერდი აუაროს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. ივანიშვილის გარდა მოხვდება ყველა შესაძლო ჩინოვნიკი თუ არაჩინოვნიკი, ვისაც ეს აქტივები ქვეყნის გარეთ აქვს შენახული. თუმცა, ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ იმაში რომ ეს შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, არამედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მოქალაქეების აქტივების შემოსვლის გზა, რომელსაც სანქცია ან სხვა რამე საშიშროება ელოდება. ამ კანონით შესაძლოა ჩვენი ქვეყანა იქცეს რუხ ოფშორულ ზონად”, - ამბობს ხოკრიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2021 წლის კვლევით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ოფშორულ კომპანიებს ფლობდა.

“საკანონმდებლო ცვლილების „რუსული კანონის“ პარალელურად ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა, აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა.

ასევე, რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან - მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია”, - აცხადებენ TI-ში და განმარტავენ, რომ ცვლილებებით საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკი იზრდება.