ვინ იმღერებს და იცეკვებს ოჯახის სიწმინდის დღეს

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მზადება უკვე დაიწყო საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ “დავითიანი.”

"დავითიანი" 2007 წელს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული ორგანიზაციია, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი "ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დამკვიდრებაა". ამავე დროს ეს ორგანიზაცია წელს 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი მთვარი ორგანიზატორია.

"დავითიანის" ანონსის თანახმად 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს გაიმართება საზეიმო მსვლელობა, რომელიც საღამოს 5 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მსვლელობას უერთდებიან ჩოხოსნები, საპატრიატქოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტები, სპოტსმენები, ქორეოგრაფიული და ფოკლორული ანსამბლები და პატრიარქის ნათლულები.

იგეგმება გალა-კონცერტიც, რომელშიც ამ დროისთვის არსებული ბეჭდური ბუკლეტის თანახმად, მონაწილეობას იღებენ სუხიშვილები, შვიდკაცა, მძლევარი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი ალილო, აჩიკო ნიჟარაძე და ესტრადის სხვა წარმომადგენლები.

ორგანიზაცია დავითიანის ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მონაწილეთაგან სრული თანხმობა ამ დროისთვის აქვთ სუხიშვილების ანსამბლისგან, ალილოსა და თამარ ჭოხონელიძისგან, რომელიც კონცერტში შვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. კოტე სვანაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამ სიას სხვა არტისტებიც შეუერთდნენ.

მისი თქმით, კონცერტის არცერთი მონაწილე არ აიღებს ჰონორარს, ღონისძიებაში მონაწილეობა მათი კეთილი ნების გამოხატულებაა.

მას შემდეგ რაც სოციალურ მედიაში დაიწყო მსჯელობა 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საპატრიარქოს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის მართებულობაზე, მომღერალმა ნინო ქათამაძემ ქართულ მედიასთან ინტერვიუებში უარყო კონცერტში მონაწილეობა.

Facebook-ში შეიქმნა ივენთი, რომელიც სუხიშვილებს მოუწოდებს, უარი თქვან 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობაზე.

“17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ ამ დღეს "ოჯახის სიწმინდის დღე" დაარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!

მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია! “ - ვკითხულობთ ივენთის აღწერაში.

სუხიშვილების ანსამბლის პიარ მენეჯერის, ხატია ეკიზაშვილის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობას იღებს არა თავად ანსამბლი, არამედ მისი სტუდიის 13-14 წლის მოცეკვავეები.

სუხიშვილების ანსამბლის ერთი ნაწილი ამ დღეს პარიზში, მეორე ნაწილი კი "არტ ფეარის" გახსნაზე ცეკვავს. ხატია ეკიზაშვილი ამბობს იმასაც, რომ მან არ იცის, როგორია ანსამბლის პოზიცია ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტში მონაწილეობაზე, მაგრამ მისი პირადი პოზიციის თანახმად, "განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ცუდად არ უნდა ვექცეოდეთ და ვჩაგრავდეთ. "

გარდა გალა კონცერტისა, რომელიც 17 მაისს გაიმართება, იგეგმება ასევე სპორტსმენების შეკრება თავისუფლების მოედანზე, ქორეოგრაფიული ანსამბლების შოუ პუშკინის სკვერსა და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში.

კოტე სვანაძის თქმით, სამების ახალგაზრდული ცენტრში საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოვლენ, რაც შეეხება სპორტსმენების მონაწილეობას, მას უჭირს დაასახელოს რომელიმე კონკრეტული სპორტსმენი, რომელსაც 17 მაისს თავისუფლების მოედანზე შევხვდებით, თუმცა ამბობს, რომ იქ იქნებიან რაგბისტები, ფეხბურთელები და ძალოსნები.

აქტივისტი გიორგი თაბაგარისთვის ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებებით აღნიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა. ის თვლის, რომ ამ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალადობაში მონაწილეობაა, ვინაიდან ამ დღის დაარსებას " საფუძვლად უდევს ადამიანის ჩაგვრის და ფიზიკურად განადგურების სურვილი, რაც 2013 წელს მოხდა."

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.