2022 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცემათ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ დამფუძნებელს, ალეს ბიალიაცკის, უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს“ და უკრაინულ ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს“.
„ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ძალაუფლების კრიტიკისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დოკუმენტირებაში. ისინი ერთად აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
- ბელარუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიაცკი პატიმრობაში იმყოფება თანამებრძოლთან ერთად
- რუსეთის ყველაზე ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზიცია „მემორიალი“ ლიკვიდირებულია 2022 წლის იანვრიდან
- უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი 2007 წლიდან იბრძვის უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისათვის
ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯილდო გადაეცა სამოქალაქო საზოგადოებებს სამი მეზობელი ქვეყნიდან, რომელთაგან ორში, ბელარუსსა და რუსეთში, რეპრესიული რეჟიმებია, ხოლო უკრაინა - ამ რეჟიმებთს ებრძვის.
ალეს ბიალიაცკი და „ვიასნა“
ალეს ბიალიაცკიმ ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ („გაზაფხული“) 1996 წელს დააფუძნა, მანამდე დაამთავრა გომელის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და ბელარუსის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. ჯერ მუშაობდა ბელარუსის ლიტერატურის ისტორიის მუზეუმის უმცროს მკვლევრად, შემდეგ კი მაქსიმ ბოგდანოვიჩის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორად. 1991-1996 წლებში იყო მინსკის დეპუტატთა საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 2011 წელს ალეს ბიალიაცკი გაასამართლეს გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, რაც საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. ამ დროისთვის იგი უკვე იყო ადამიანის უფლებათა აღიარბეული დამცველი და მიღებული ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი პრემია, მათ შორის:
- Homo Homini - ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, რომელიც ვაცლავ ჰაველმა გადასცა
- პერ ანგერის შვედეთის პრემია „უშიშარი ბრძოლისთვის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებისთვის, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩაგვრას და მისი უფლებების დარღვევას“
- ანდრეი სახაროვის სახელობის თავისუფლების პრემია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისგან
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრემია
- ნორვეგიის მწერალთა კავშირის პრემია
- ლეხ ვალენსას პრემია
ლუკაშენკას რეჟიმმა ალეს ბიალიაცკი 2014 წელს გაათავისუფლა, თუმცა ოგი კვლავ დააპატიმრეს 2021 წლის ზაფხულში, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
7 ოქტომბერს პრემიის ლაურეატების გამოცხადების შემდეგ ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის-ანდერსენმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოთი კომიტეტი მიმართავს ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ალეს ბიალიაცკი პატიმრობიდან:
„მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ ბიალიაცკი. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და ის შეძლებს ოსლოში ჩამოსვლასა და ჯილდოს მიღებას, მაგრამ ბელარუსში ათასობით პოლიტპატიმარია და ვშიშობ, რომ ჩემი სურვილი არცთუ ისე რეალურია, მაგრამ მოვუწოდებ მისი გათავისუფლებისკენ“, - განაცხადა ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა ოსლოში.
ალეს ბიალიაცკის მეუღლემ ნატალია პინჩუკმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრა, რომ გზაში შეიტყო მეუღლისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ამბავი:
„ემოციებით ვარ გადატვირთული, აზრების მოკრება მჭირდება, მაგრამ, პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ნობელის კომიტეტსა და საერთაშორისო საზოგადოებას იმისთვის, რომ ალესის, მისი კოლეგებისა და მისი ორგანიზაციის შრომა აღიარეს“.
ალეს ბიალიაცკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება მიულოცა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც ასევე იყო დასახელებული ლაურეატობის კანდიდატად:
„ალეს ბიალიაცკი ბელარუსების სიამაყეა. ახლა მას მთელ მსოფლიოში იცნობენ. ბელარუსს ჰყავს კიდევ ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც დიქტატურისა და ომის წინააღმდეგ გამოდის“.
ალეს ბიალიაცკისთან ერთად ლუკაშენკას ციხეში რჩებიან „ვიასნას“ სხვა წევრები:
- მართა რაბკოვა - „ვიასნას“ წევრი. დააკავეს 2020 წლის 17 სექტემბერს. ბრალად ედება „პირთა მომზადება მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის ან ასეთი ქმედებების დაფინანსება”. მოგვიანებით დაემატა ბრალდებები: „ხელისუფლების წინააღმდეგ სოციალური მტრობის გაღვივება“ (სსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და „დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობა“ (სსკ-ის 285-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- ანდრეი ჩაპიუკი - „ვიასნას“ მოხალისე მინსკიდან, დააკავეს 2020 წლის 2 ოქტომბერს. ბრალად ედება მასობრივ არეულობებში მონაწილეობა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა. ემუქრება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
- ლეონიდ სუდალენკო - „ვიასნას“ გომელის ფილიალის დირექტორი, დააკავეს 2021 წლის 18 იანვარს. მასობრივი არეულობის შესახებ მუხლის მიხედვით, ემუქრება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
- ტატიანა ლასიცა - „ვიასნას“ მოხალისე გომელიდან, დააკავეს 2021 წლის 21 იანვარს. მასობრივი არეულობის შესახებ მუხლის მიხედვით, ემუქრება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
- ვალენტინ სტეფანოვიჩი - „ვიასნას“ თავმჯდომარის მოადგილე და FIDH-ის ვიცე-პრეზიდენტი. დააკავეს 2021 წლის 14 ივლისს. ბრალი ედება როგორც ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I და II ნაწილებით („საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის ორგანიზება და დაფინანსება“), ასევე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით („გადასახადებისგან თავის არიდება“). ემუქრება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
- ვლადიმირ ლაბკოვიჩი - „ვიასნას“ ადვოკატი, დაპატიმრებულია 2021 წლის 14 ივლისს ბრალდებით „საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ჯგუფური ქმედებების ორგანიზება და დაფინანსება და გადასახადებისგან თავის არიდება“. ემუქრება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
„მემორიალი“ - მეხსიერება, რომელიც აწუხებს პუტინს
ჟურნალისტების კითხვაზე, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება ერთგვარი საჩუქარ-მესიჯი ხომ არ არის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღისთვის (7 ოქტომბერს რუსეთის ლიდერს 70 წელი შეუსრულდა), ნორვეგიის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის-ანდერსენმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიას არაფერი აქვს საერთო რუსეთის პრეზიდენტთან:
„ერთადერთი კავშირი ის არის, რომ რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლებები ავტორიტარული რეჟიმებია, რომელთა წინააღმდეგობაშიც იშვნენ წლევანდელი ლაურეატები“.
ასევე ნახეთ პუტინს მეხსიერების მოკვლაც სურს„მემორიალი“ რუსეთში დაფუძნებული ერთ-ერთი უძველესი უფლებადამცავი ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებულია სსრკ-ში რეპრესიებისა და დევნის შესწავლით. შეიქმნა ჯერ კიდევ 1989 წელს ანდრეი სახაროვის მონაწილეობით. ადამიანის უფლებათა ცენტრი „მემორიალი“ აღრიცხავს და აფიქსირებს რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, ატარებს საგანმანათლებლო პროგრამებს და იურიდიულ კონსულტაციებს ლტოლვილებისა და პოლიტპატიმრებისთვის.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც შეტანილია „უცხოური აგენტების“ რეესტრში. გადაწყვეტილებას ფორმალურ საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ოქმები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეადგინეს ორგანიზაციის მიერ „არასამთავრობო ორგანიზაციების“ შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევებზე. მეორე დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალთან“ დაკავშირებით.
რუსეთის ხელისუფლება ათი წელია იყენებს რეპრესიულ კანონმდებლობას „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც სპეციალურად შეიქმნა 2012 წელს სამოქალაქო აქტივიზმისა და კრიტიკოსების, მათ შორის, უფლებადამცველი ჯგუფების სივრცის თვითნებურად შეზღუდვის მიზნით. საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ კანონს „შემზღუდავს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი „დამოუკიდებელი ჯგუფების დემონიზებაა“.
„მემორიალის“ წართმევა - მეხსიერების, ხსოვნის წართმევაა“, - განაცხადა 84 წლის ცნობილმა რუსმა მწერალმა და მხატვარმა, ლუდმილა პეტრუშევსკაიამ.
„მემორიალისთვის“ ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებაზე ილაპარაკა ლიკვიდირებული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოლეგ ორლოვმა, რომლის თქმითაც, რუსული ორგანიზაცია არ იმსახურებს ამ პრემიას.
„იმ საშინელებას რომ ვუყურებ, რომელშიც ახლა ყველა ვცხოვრობთ, მეჩვენება, რომ მიღწევებზე ლაპარაკი საერთოდ შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებდით ამ ჯილდოს. ჩვენ ვერ შევძელით აგვეხსნა რუსული საზოგადოებისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომ არ შეიძლება უსაფრთხოებისათვის მისი შეწირვა, რომ ომი არის საშინელი ბოროტება, რომელსაც ყველაზე რეაქციული ძალები იყენებენ, ამიტომ შეუძლებელია რაიმე დიდ მიღწევაზე ლაპარაკი“, - განაცხადა ოლეგ ორლოვმა.
„სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“
უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“, რომელსაც ხელმძღვანელობს უფლებადამცველი ალექსანდრა მატვიჩუკი, 2007 წელს დაარსდა. 2022 წლის მაისში ორგანიზაცია დაჯილდოვდა Democracy Award-ის ჯილდოთი.
ორგანიზაცია ცნობილი გახდა 2013 წელს, როდესაც დაიწყო ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტირება კიევის ცენტრში ევრომაიდნის ძალადობრივი დარბევის დროს და ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარების გაწევა.
ამჟამად ცენტრი ანონპროექტების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის სწავლობს, ახორციელებს საჯარო კონტროლს სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებზე. გარდა ამისა, დოკუმენტურად აფიქსირებს ადამიანის უფლებების დარღვევას რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე.
„ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და ხელისუფლებაზე ზეწოლაში, რათა უკრაინა სრულფასოვანი დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში, - 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა“ დიდი ძალისხმევა გასწია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოვლინებასა და დოკუმენტირებაში. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად“.
ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბევრი მიმომხილველი ვარაუდობდა, რომ 2022 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასახელდებოდა, თუმცა ასე არ ფიქრობდა მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი დენ სმიტი:
„ზელენსკი სამხედრო ლიდერია და რაც ახლა ხდება - ომია. შეგიძლიათ აღფრთოვანდეთ ან არ აღფრთოვანდეთ მისი მოქმედებებით, მაგრამ ლაპარაკია ომსა და საკუთარი ქვეყნის შეიარაღებულ თავდაცვაზე... თუ ზელენსკი ან ვინმე სხვა შეძლებს წვლილი შეიტანოს მშვიდობაში, სწორედ მაშინ დადგება ამ უზარმაზარი მიღწევის აღიარების დრო“.
პრემიის შესახებ
2022 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყო 343 კანდიდატი, მათ შორის - 251 პირი და 92 ორგანიზაცია.
ნომინანტებს შორის იყვნენ: რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის კრიზისთან ბრძოლას; ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი; აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც ამხილა ბრიტანეთის და ამერიკის მთავრობების უკანონო ქმედებები; ირანელი ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი, რომელიც იცავს ქალთა უფლებებს ქვეყანაში და სხვა. სიაში ასევე მოხვდნენ მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციები: NATO, მოძრაობა Black Lives Matter, Arctic Council, Wikileaks და სხვა.
2021 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვსა და ფილიპინელ ჟურნალისტს, მარია რესას. მედიის წარმომადგენლებმა ჯილდო მიიღეს „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევისათვის, რაც წარმოადგენს დემოკრატიისა და მდგრადი მშვიდობის წინაპირობას“.
ნობელის ფონდის წესდების თანახმად, კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ:
- ეროვნული პარლამენტებისა და მთავრობების წევრებს
- საერთაშორისო სასამართლოების წევრებს
- უნივერსიტეტების რექტორებს; სოციალური მეცნიერებების, ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლისა და თეოლოგიის პროფესორებს; მშვიდობისა და საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტების დირექტორებს
- მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს
- მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ორგანიზაციების საბჭოების წევრებს
- ნორვეგიის ნობელის კომიტეტის მოქმედ და ყოფილ წევრებს
- ნორვეგიის ნობელის კომიტეტის მოქმედ და ყოფილ მრჩევლებს
ნობელის სხვა პრემიებისგან განსხვავებით,მშვიდობის პრემიაზე კანდიდატის წარსადგენად ნობელის კომიტეტის მოთხოვნა საჭირო არ არის.
ნობელის ფონდის წესდების თანახმად, ლაურეატებს ირჩევს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი, რომელსაც ნიშნავს ნორვეგიის პარლამენტი.
ნობელის სხვა პრემიებისგან განსხვავებით, მშვიდობის პრემია გაიცემა ოსლოში და არა სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს, პრემიის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს. ლაურეატს გადაეცემა მედალი, დიპლომი და ფულადი ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონი (დაახლოებით 900 000 დოლარი).