ის აცხადებს, რომ მზად არის მრავალრიცხოვან პარტიზანულ რაზმთან ერთად შეიჭრას თავის სამშობლოში, მოლდოვაში, რათა დაამხოს პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელისუფლება.
თავისი „მილიტარისტული“ განზრახვა კალინინმა რუსულ სააგენტო რია-ნოვოსტის გააცნო რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს მაია სანდუმ მას მოლდოვის მოქალაქეობა ჩამოართვა „უცხოეთის ქვეყანაში საბრძოლველად მოლდოველი მოქალაქეების გადაბირების“ გამო.
„ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დმიტრი კანტემირის სახელობის საერთაშორისო ქვედანაყოფი "დნესტრი". იქ წვრთნას გაივლიან მოქალაქეები, რომლებსაც სურთ ჩვენი სამშობლოს დაცვა, მაგრამ არ ფლობენ ცოდნას და უნარებს. ჩვენ უკვე გვყავს ამ ქვედანაყოფის მეთაური, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანში რამდენიმე ათას ადამიანს გადავიბირებთ“, - განაცხადა კალინინმა 1 დეკემბერს სააგენტო რია-ნოვოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც საიტიდან უკვე აღებულია, მაგრამ სხვადასხვა სააგენტომ მისი ციტატებად გავრცელება მოასწრო.
ჭურვი წარწერით „მოლდოვისათვის!“
მოლდოვის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხელმოცარული მოლდოვის პრორუსული, „რეგიონების პარტიის“ ლიდერმა, ალექსანდრ კალინინმა, პირველი დღეებიდანვე უყოყმანოდ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომს, ხშირად ჩადიოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე და იქ მებრძოლი რუსი თუ დაქირავებული მებრძოლების დასახმარებელ აქციებს მართავდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე კი კალინინი ჩნდება იარაღით და სამხედრო ფორმით, რომელზეც გამოსახულია ლათინური ასო Z - უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მთავარი სიმბოლო.
სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ალექსანდრ კალინინი, საარტილერიო დანადგარისათვის განკუთვნილ ჭურვზე რუსულად აწერს სიტყვას „მოლდოვისთვის“, შემდეგ ეკიპაჟს ამ ჭურვის გასროლის ბრძანებას აძლევს და იმუქრება, რომ ეს ჭურვები მოლდოვის მიმართულებითაც გაფრინდება, თუ იგი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებაო.
„აქ წერია მოლდოვისთვის! მინდა მივმართო სანდუს, რომ მან 20-ჯერ იფიქროს, ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში ჩაითრევდეს“, - აცხადებს ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში ალექსანდრ კალინინი.
პრორუსი პოლიტიკოსის ასეთი ქმედებები და რიტორიკა შეუმჩნეველი არ დარჩენილა კიშინიოვსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ბრიუსელში.
2023 წლის თებერვალში მოლდოვის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საქმეთა (PCCOCS) პროკურატურამ, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მან დაიწყო პირველი გამოძიება კალინინის წინააღმდეგ „საომარი პროპაგანდის, ომისკენ წაქეზებისა და ტენდენციური და შეთითხნილი ინფორმაციის“ გავრცელების მუხლით.
„მოლდოვის ახალი კანონმდებლობით, ეს ქმედება, მათ შორის რუსეთის აგრესიის მიმართ საჯარო მხარდაჭერა, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ისჯება ციხეში პატიმრობით, ვადით 6 წლამდე“, - ამბობს რადუ ბენეა, რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის თანამშრომელი.
მაისში, კალინინი იყო ერთ-ერთი პირველი მოლდოველი, რომელიც ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა, როგორც ქვეყნის დესტაბილიზაციის მოსურნე და კრემლის თანამზრახველი. ოქტომბერში ევროკავშირის მაგალითი ალექსანდრ კალინინის და მოლდოვის კიდევ 8 მოქალაქის მიმართ, კანადამაც გაიმეორა.
და ვიდრე მოლდოვის თემიდა ალექსანდრ კალინინის წინააღმდეგ თავის საბოლოო სიტყვას იტყოდეს, კრემლის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერ მოლდოველ პოლიტიკოსს საკუთარი „განაჩენი“ უკვე გამოუტანა მოლდოვის პრეზიდენტმა. „უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანების გადაბირებისთვის“ ალექსანდრ კალინინს, მაია სანდუს 30 ნოემბერს ბრძანებით, ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
„ასეთი საფრთხის იგნორირება მაინც არ შეიძლება“
რუსულ სააგენტო რია-ნოვოსტვისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რადიო თავისუფლება შეეცადა ალექსანდრ კალინინთან დაკავშირებას, მაგრამ მან არ უპასუხა ტელეფონს. აღარ მუშაობს არც მისი პარტიის ვებგვერდი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბლოკილი აღმოჩნდა პოლიტიკოსის ფეისბუკის გვერდიც. პარტიის წევრები კი გაურბიან თავიანთ ყოფილ ლიდერზე საუბარს.
„მე აღარ ვარ ამ პარტიის წევრი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კალინინის ყოფილმა კოლეგამ ირინა სმირნოვამ.
მოლდოვის „რეგიონების პარტიის“ წევრმა კი ანონიმურობის დაცვით აღნიშნა, რომ კალინინის პრორუსული და საომარი განცხადებების გამო პარტია თითქმის ყველა მისმა წევრმა დატოვა.
თუმცა ეს პარტია მოლდოვაში მომხრეებით არასოდეს გამოირჩეოდა.
წინა საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის „რეგიონების პარტიას“, - რომელიც მოლდოვის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ ილაშქრებს, - ხმა ამომრჩევლების 0.09%-მა, ანუ 1264-მა ადამიანმა მისცა. ამის გათვალისწინებით, მოლდოველი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ კალინინს ქვედანაყოფ „დნესტრისთვის“ დაკომპლექტებაშიც მოეცარება ხელი.
„ის ძალიან მარგინალური ფიგურაა. ის არის არშემდგარი პრეზიდენტობის კანდიდატი, რუსეთში მცხოვრები მოლდოველების ე.წ. ლიდერი და მცირერიცხოვანი "რეგიონების პარტიის" თავკაცი. ვეჭვობ, რომ ამ მიზნისთვის მან თუნდაც რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრება მოახერხოს, მაგრამ ასეთი საფრთხის იგნორირება მაინც არ შეიძლება“, - უთხრა მოლდოველმა და რუმინელმა ექსპერტმა, კრისტიან ვლასმა რადიო თავისუფლებას.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც თანამიმდევრულად ილაშქრებს რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის წინააღმდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში პირდაპირ დაადანაშაულა მოსკოვი სახელმწიფო გადატრიალების გზით მისი დამხობის მცდელობაში.
ასევე ნახეთ
თავდასხმა სახელმწიფო უწყებებზე და მძევლების აყვანა - რას გეგმავს მოსკოვი მოლდოვაში?მოსკოვ-კიშინიოვის დაძაბულ ურთიერთობაში, რომ იტყვიან, „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც 30 ნოემბერს, სკოპიეში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა, რომ მოლდოვა შესაძლოა გახდეს „მორიგი მსხვერპლი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომში“.
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში გამართული ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა ახსენა ასევე ე.წ. კოზაკის მემორანდუმი და მის შეუსრულებლობაში ბრალი კიშინიოვს დასდო.
„კოზაკის მემორანდუმად“ იწოდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილის, დმიტრი კოზაკის მიერ 2003 წელს შემუშავებული მემორანდუმი, რომელიც მოლდოვის ფედერალიზაციის გზით, 1990-იანი წლებიდან დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტის გადაჭრას ითვალისწინებდა.
საბოლოო ჯამში, სადავო მემორანდუმზე მოლდოვის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვორონინმა თქვა უარი.
სკოპიეში სერგეი ლავროვის კომენტარები დაგმო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოსკოვი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
„როგორც წინათ, რუსეთის დღევანდელი განცხადებაც წარმოადგენს იმ მტრული სერიის შემადგენელ ნაწილს, რომლის განხორციელებასაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში ცდილობს. საბედნიეროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დასავლეთში ჩვენ გვერდით არიან და გვეხმარებიან ამ საფრთხეების გადალახვაში“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ „გვერდით ყოფნას“ განსაკუთრებით მძლავრად მოლდოვა იმ პერიოდიდან გრძნობს, რაც ქვეყანაში პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს ლიდერობით.
სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2020 წელს მოლდოვამ მკვეთრად დასავლური კურსი აიღო და ომის დაწყებისთანავე უკრაინას დაუდგა მხარში. სანდუმ, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო, არჩევნებში დაამარცხა იგორ დოდონი, რომელსაც მოსკოვი უმაგრებდა ზურგს.
- ქვეყანამ 2,6-მილიონიანი მოსახლეობით ათასობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო ომის დაწყების შემდეგ და თავიდან შიშობდა, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნე შეიძლებოდა გამხდარიყო. მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში დღემდე ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
- მაგრამ კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერით მოლდოვამ შეძლო მოსკოვის ყველა პოტენციური საფრთხის, მათ შორის ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება და შარშან უკრაინასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.
- 2023 წლის 15 დეკემბერს კი ევროპულმა საბჭომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.