ვინ დარჩა გამარჯვებული? ანალიტიკოსების აზრით, აშკარად, პუტინი

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი

აშშ-რუსეთის სამიტი, რომელსაც 16 ივლისს ჰელსინკიმ უმასპინძლა, მდიდარი იყო ხმამაღალი განცხადებებით, მაგრამ მწირი - შედეგების მხრივ. ერთ რამეში ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება: გამარჯვებული ვლადიმირ პუტინი დარჩა.

როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე ამერიკა-რუსეთის სამიტების შემთხვევაში, პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ინტერესი და მედიის ფართო გამოხმაურება გამოიწვია, მაგრამ სამიტი მოულოდნელად მწირი გამოდგა კონკრეტული შედეგების კუთხით.

ბევრის ყურადღება მიიპყრო ტრამპის მცდელობამ, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია მოეხდინა პუტინთან შეხვედრაზე, მაგრამ იმის დრო მას უკვე აღარ ჰქონდა, რომ საკუთარი მოკავშირეებისთვის საზიანო ნაბიჯები გადაედგა.
კირ ჯილსი

ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდა რუს კოლეგას და მასთან პირისპირ საუბარი გამართა ორმხრივ ურთიერთობაში მწვავე დაძაბულობის ფონზე. სულ სამი დღით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება წაუყენა რუსეთის კიდევ 12 მოქალაქეს - სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებს, ხოლო ამ ინფორმაციის ფონს ქმნის აშშ-ში მიმდინარე რამდენიმე გამოძიება - მათ შორის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის, მუშაობა იმის დასადგენად, თუ როგორ ან რა მასშტაბით ჩაერია მოსკოვი აშშ-ის საარჩევნო პროცესში.

სამიტის ფონი განსაზღვრა აშშ-ის ლიდერის ევროპულმა ტურნემაც - მისმა მძაფრმა კრიტიკამ ნატოელი მოკავშირეების მისამართით, ტრამპის საწინააღმდეგო მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა ლონდონსა და ჰელსინკიში.

რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ჰელსინკის სამიტიდან?

დასავლეთი, შესაძლოა, უარესს გადაურჩა

ტრამპის ტურნეს თანმხლები დიპლომატიური შფოთისა და აურზაურის გათვალისწინებით, პუტინთან ტრამპის შეხვედრა, შესაძლოა, უარესიც კი ყოფილიყოო, - ასე ფიქრობს კირ ჯილსი, რუსეთისა და ევრაზიის საკითხთა ექსპერტი კვლევით ცენტრ „ჩეტემ ჰაუსში“. „ბევრის ყურადღება მიიპყრო ტრამპის მცდელობამ, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია მოეხდინა პუტინთან შეხვედრაზე, მაგრამ იმის დრო მას უკვე აღარ ჰქონდა, რომ საკუთარი მოკავშირეებისთვის საზიანო ნაბიჯები გადაედგა“,- ამბობს ჯილსი.

სამიტის დაწყებამდე მიმომხილველები არ გამორიცხავდნენ, რომ ტრამპი შეეცდებოდა პუტინთან რომელიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გარიგებას - დავუშვათ, დათმობაზე წასვლას ყირიმის საკითხში, რუსეთის მიერ ამ ნახევარკუნძულის ანექსიის დე ფაქტო აღიარებას. არ გამორიცხავდნენ არც ტრამპის გადაწყვეტილებას, ამერიკელი სამხედროები გაეყვანა აღმოსავლეთ ევროპიდან, ან პუტინს გარიგებოდა სირიის კონფლიქტზე. მაგრამ, თუ 16 ივლისის საჯარო განცხადებებით ვიმსჯელებთ, ასეთი რამ არ მომხდარა.

ხმამაღალი განცხადებებით მდიდარი და შედეგებით მწირი სამიტი

ეს იყო ვლადიმირ პუტინის გამარჯვება. მას სურს აღიქმებოდეს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო მოღვაწედ და დონალდ ტრამპისაგან მოიპოვა ამის საკმარისი დადასტურება და პლატფორმა ასეთი სტატუსისათვის.
უილ პომერანცი

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მიუხედავად განცხადებებისა, რომ საჭიროა ვაშინგტონმა და მოსკოვმა ურთიერთობა გააუმჯობესონ და ითანამშრომლონ, სამიტს კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. მაგალითად, შეიარაღების კონტროლია თემა, რომელზეც ტრამპსა და პუტინს, წესით, უნდა შეძლებოდათ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მაინც - შეთანხმება იმაზე, რომ საჭიროა ხელშეკრულება „ახალი სტარტის“ მოქმედების ვადის გასაგრძელებლად. ეს ვადა 2021 წელს ამოიწურება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომლის გამოტანაც ამ სამიტიდან შეიძლება, არის ის, რომ შინაარსით ძალიან მწირი იყო“, აღნიშნავს კიმბერლი მარტენი, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა ექსპერტი. „მათ დაახლოებით ასეთი რამ თქვეს: ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყება და ვიმეგობრებთო, მაგრამ დეტალებზე არაფერი თქმულა“.

ვინ მოიგო და ვინ წააგო

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ტრამპი პუტინს შეხვდებოდა, გამოცდილი ექსპერტები გამოთქვამდნენ მოლოდინს, რომ პუტინისთვის სამიტი დიდი დიპლომატიური წარმატება გახდებოდა. პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოს, შეერთებული შტატების ლიდერის გვერდით დგომა პუტინს მისცემდა შესაძლებლობას მსოფლიოსათვის ეჩვენებინა: რუსეთი არის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელსაც სერიოზულად უნდა მოეკიდო - მისი მძიმე პრობლემების მიუხედავად.

ფართოდ გავრცელებული პროგნოზი, რომ სამიტით პუტინი მოიგებდა, გამართლდაო, აღნიშნავს ვაშინგტონელი პოლიტოლოგი უილ პომერანცი. „ეს იყო ვლადიმირ პუტინის გამარჯვება. მას სურს აღიქმებოდეს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო მოღვაწედ და დონალდ ტრამპისაგან მოიპოვა ამის საკმარისი დადასტურება და პლატფორმა ასეთი სტატუსისათვის“, ამბობს პომერანცი.

მის მოსაზრებას იზიარებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი, მაიკ კარპენტერიც, რომლის თქმითაც, გაიმარჯვა პუტინმა და კრემლის რეჟიმმა, მაშინ როცა წაგებული დარჩა აშშ-ის ეროვნული ინტერესები.

ვისი სჯერა დონალდ ტრამპს

ჰელსინკიში ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა ჟურნალისტებმა წამოჭრეს საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტ სირთულეს ქმნის ვაშინგტონ-მოსკოვის ამჟამინდელ ურთიერთობაში: ტრამპს ჰკითხეს, ელაპარაკა თუ არა პუტინს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე. როგორც ტრამპის პასუხით გაირკვა, მისთვის მისაღებია რუსი ლიდერის განცხადება, რომ მოსკოვს არანაირი კავშირი არა აქვს საარჩევნო კამპანიასთან. გამოდის, ტრამპს პუტინის უფრო სჯერა, ვიდრე საკუთარი ქვეყნის დაზვერვის სამსახურების, სენატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტისა და სპეციალური პროკურორის გუნდის -იმ გამომძიებლებისა, რომლებმაც 13 ივლისს დაწვრილებით აღწერეს, როგორ ერეოდნენ რუსეთის აგენტები აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში, უდავოდ, უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების დავალებით.

თმობს თუ არა აშშ მსოფლიო ლიდერის როლს

ჰელსინკის სამიტს, მართალია, არ მოჰყოლია კატასტროფული შედეგები ამერიკის მოკავშირეებისათვის, მაგრამ, თავისთავად, ტრამპის გადაწყვეტილება უკრიტიკოდ შეხვედროდა პუტინს, ეჭვი არ შეეტანა რუსი ლიდერის განცხადებების სისწორეში, შესაძლოა, მოასწავებდეს აშშ-ის დაშორებას ევროპელი მოკავშირეებისაგან. ასე ფიქრობს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობათა ექსპერტი მაიკ კარპენტერი. ხოლო აშშ-ის პასიურობის გამო, - განაგრძობს ის, - ევროკავშირის ზოგმა წევრმა, რომელიც დიდი ენთუზიამზით არ ემხრობა რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს, შესაძლოა, საჭიროდ აღარ ჩათვალოს საერთო პოზიციაზე დარჩენა. კარპენტერის დასკვნაა, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსში უთანხმოება იმატებს.