ვინ და როგორ ცვლის გერგეტის სამებას

გერგეტის სამება

სოციალურ ქსელში ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა ყაზბეგში, გერგეტის სამებაში, მიმდინარე სამუშაოებს. უკმაყოფილების მიზეზი გახდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ცვლილებების შეტანა, გათბობის შეყვანა და ახალი ფილების დაგება. ფოტომასალა გამოაქვეყნა ინა სუკისიანმა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოები არ დაარღვევს ტაძრის იერსახეს და ავთენტურობა შენარჩუნებული იქნება. იატაკქვეშა გათბობის გაყვანის უპირატესობა გახლავთ ის, რომ გასათბობი მოწყობილობა უხეშად არ ჩაერევა ტაძრის ინტერიერში. ელექტროსადენიც, რომელიც წლების წინ გაიყვანეს, საკონსერვაციო პრინციპით შეიფუთება და თვალისთვის უხილავი იქნება.

“თუ ვინმეს პრეტენზია აქვს დღევანდელ პროექტთან და მისტირის ძველს, ორივე პროექტზე მომუშავე ჯგუფი და პროექტის ავტორიც იდენტურია. საპროექტო დოკუმენტაცია პაატა ნუცუბიძის პროექტის საფუძველზე მომზადდა, შპს „ქებული კლიმატის“ გჯუფი კი აწარმოებს იქ ფიზიკურ სამუშაოებს. 2003 წელს გერგეტის სამებაში მათ დააგეს იატაკი და ეს ჯგუფი მუშაობს ამავე პროექტზე.

გათბობის სისტემის მონტაჟი ზოგს ჰგონია დაუშვებელი, მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანური პირობების შექმნა არ უნდა იწვევდეს აზრთა სხვადასხვაობას. ეს არის საფუძვლიანი და თანამედროვე მიდგომა, იმისთვის რომ ტაძარში უწყვეტი იყოს სამონასტრო ცხოვრებისა და ღვთისმსახურების პროცესი”.

გერგეტის სამების ინტერიერი

ტაძარში მიმდინარე ცვლილებებს აკრიტიკებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი უფროსი ნიკა ვაჩეიშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მან დადებითად შეაფასა ტაძარში გათბობის არსებობა, თუმცა იგი არ ეთანხმება შესრულების ფორმას, არც იმ მასალის გამოყენებას, რომელიც იატაკზე უნდა დაიგოს. მომუშავეთა კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, უცხოური გამოცდილება გაიზიარონ:

“სამწუხაროდ, არ ხდება ისტორიული სივრცის გაანალიზება - ის, რომ იატაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაშიც, ეს დაემსგავსება საცეკვაო მოედნის მსგავს გაპრიალებულ სივრცეს. წინასწარ განწირულ მხატვრულ ჩავარდნას ისინი ამართლებენ და ამბობენ, რომ ეს იქნება ავთენტური. გეგმავენ თხელი, ყვითელი, გაპრიალებული ქვის დაგებას, რომლის მსგავსსაც ვერ ნახავთ სტეფანწმინდის მიდამოებში. ეს არის სხვა რეგიონიდან ამოტანილი, სხვაგვარად დამუშავებული ქვა. ამიტომ ის არ იქნება თავსებადი და შესაფერისი გერგეტის სამებისთვის.

ასევე საჭიროა ძეგლებზე მომუშავე ხელოსნების სერტიფიცირება, რომ შემთხვევითმა ადამიანებმა მე-11-მე-15 საუკუნის ნაგებობა არ დააზიანონ. ამ შემთხვევაშიც, კვალიფიკაციას ვერ ვატყობ გამოშიგნულ და გამოხვრეტილ კედლებს”.

გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოების დასრულება 25 ივნისს იგეგმება.

ბექა ბარამიძის თქმით, ისინი მზად არიან მიიღონ შენიშვნები და შეიტანონ კორექტივები, თუ ასეთის საჭიროება იქნება.