ვინ და როგორ ცდილობს პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას Facebook-ში

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიშის მიხედვით, რომელიც სოციალურ მედიაში წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში აქტივობების მონიტორინგს ასახავს, ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში მოქმედებენ გვერდები, რომელთა მიზანი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტებისა და აზრის ლიდერების დისკრედიტაციაა.

რას გზავნილები ვრცელდება პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციის მიზნით?

  • ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავშირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. პოსტები, რომ ენმ საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებს ზაზა სარალიძის საშუალებით ავრცელებს. ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ერთ-ერთ აქციაზე გაკეთებული განცხადება, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა. მოგვიანებით აქტიური ხდება პოსტები იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოფიციალურად ჩაერთვნენ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაში.
  • არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რომელიც აქტიურდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ორგანიზაციებზე თავდასხმის კვალდაკვალ. ფოტო და ვიდეო მანიპულაციებში სხვადასხვა ორგანიზაციის დირექტორები უხამსი ფორმებით გამოსახული არიან მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან ერთად, იმის ცრუ-მტკიცებულებად, რომ თითქოს, ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებენ.
  • ზაზა ოქუაშვილის, როგორ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად წარმოჩენა, რომელმაც დადგა „სპექტაკლები“ და დამონტაჟებული ჩანაწერებით ცდილობს არ გადაიხადოს ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანება;
  • სპეკულირება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემით. ხაზგასმა მაშინდელი ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებულ „შეცდომებზე“, რამაც გამოიწვია ომი. ძირითადი მესიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკელების გაფრთხილება არაფრად ჩააგდო და ქვეყანა თავიდანვე განწირულ ომში ჩართო“.
  • მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით პოზიტიური გზავნილების შემცველი პოსტები. ხაზგასმულია, რომ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებელი შეხვდა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს მოხმარებასთან და კულტივაციასთან დაკავშირებული რეგულაციები, ხოლო მარიხუანას ექსპორტით საქართველო მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს.
  • პოსტები შინაარსით, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ სალომე ზურაბიშვილის ციტატების გამოყენება სიცრუეა.
  • პოსტები იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის კომენტარები აფხაზეთის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება.

ვინ დგას ამ გზავნილების უკან?

სხვადასხვა ჯგუფებისა და იდეების მარგინალიზაციას ცდილობენ როგორც ადვილად იდენტიფიცირებადი პროპაგანდისტული არხები, ასევე ერთ-ერთი მედია ორგანიზაცია - Post TV.

როგორ ფუნქციონირებს სისტემა?

ანგარიშის მიხედვით, პროპაგანდისტულ გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტო-და ვიდეო მასალა ცხადყოფს, რომ გამოყენებულია ერთგვაროვანი მულტიმედიური ტექნოლოგიები, როგორიცაა: მონტაჟი, სუბტიტრები, გრაფიკა და ა.შ. რაც მიუთითებს, რომ მათი შექმნის წყარო ერთი ორგანიზებული ჯგუფი შეიძლება იყოს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა მსგავსი სტრატეგიით მოქმედი 21 გვერდი. რომელთა მომწონებელთა ჯამური რაოდენობა არის 719,995. ამ გვერდების მიერ 1 ივნისიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში ჯამში გამოქვეყნებულია 5,081 პოსტი.