ვინ და როგორ კვეთს ენგურის ხიდს კარანტინის პირობებში

მეოცე დღეა, ენგურის ხიდზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილება შეზღუდულია. დღესაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა შეძლეს მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებმა და სამედიცინო ცნობის მქონე პირებმა.

Your browser doesn’t support HTML5

ვინ და როგორ კვეთს ენგურის ხიდს კარანტინის პირობებში

ცნობას გალის ცენტრალურ საავადმყოფოში გასცემენ, რომელსაც ასევე სჭირდება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასტური. არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა გალელები ენგურის გამშვებ პუნქტზე თავად აგვარებენ გადასვლის საკითხს თანხის გადახდით. მგზავრები, რომლებსაც გადაუდებელი საქმისთვის უწევთ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა, ამ საკითხზე ღიად ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა რადიო თავისუფლებასთან პირად საუბარში ინფორმაციას ადასტურებენ.

განგრენა აქვს ფეხზე და 3-4 დღეა, ვერ გადმოვიყვანე. ცნობას ველოდებოდი. რიგია, ბევრი ავადმყოფია -1000-1500 კაცი დგას. ცნობას თანხა არ სჭირდება, მაგრამ დრო უნდა.
ივეტა ბასარია

ერთ-ერთი რესპონდენტის განცხადებით, მან ე.წ. მესაზღვრეს 200 ლარი გადაუხადა, რომ ზუგდიდში გამოეშვათ. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი თანხაა მისთვის, მაგრამ იძულებული იყო გაეღო, რადგან ზუგდიდშია დასაქმებული და სამსახურში, სადაც, უკვე 20 დღეა, არ გამოცხადებულა, პრობლემები შეექმნებოდა.

მარტივად ვერც ჯანმრთელობის ცნობას იღებენ გალელები. მათ საკმაოდ გრძელ რიგში უწევთ დგომა საავადმყოფოში. ივეტა ბასარიამ 80 წელს მიღწეული დედა, 4-დღიანი ლოდინის შემდეგ, დღეს გადმოიყვანა:

„განგრენა აქვს ფეხზე და 3-4 დღეა, ვერ გადმოვიყვანე. ცნობას ველოდებოდი. რიგია, ბევრი ავადმყოფია -1000-1500 კაცი დგას. ცნობას თანხა არ სჭირდება, მაგრამ დრო უნდა“, - ამბობს ივეტა ბასარია.

ასევე სამედიცინო ცნობის დახმარებით შეძლეს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულმა სხვა მგზავრებმაც. ზუგდიდში გადმოსულებს შორის იყვნენ ენგურჰესის თანამშრომლები.

ენგურის ხიდი

გალელების ინფორმაციით, მათთვის ზუსტი თარიღი, როდის გაუქმდება კარანტინი, არავის უთქვამს. ნაწილი ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, 1 თებერვალს მოხდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ 10 მარტამდე ენგურის ხიდზე შეზღუდვები დარჩება.

ამის შესახებ დაზუსტებული ცნობა არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აქვთ. სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის, მედეა აბლოთიას, განცხადებით, მათაც იგივე ცნობები აქვთ, რაც გალიდან გადმოსულ მგზავრებს:

„10 მარტამდეო, ამბობდნენ, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცით“, - განაცხადა მედეა აბლოთიამ.

მისი ცნობით, ზუგდიდიდან გალის მიმართულებით გადაადგილებას ის მოქალაქეები ახერხებენ, რომლებსაც ე.წ. აფხაზური პასპორტები აქვთ.

თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაშიც ექმნებათ მოქალაქეებს. დე ფაქტო რესპუბლიკის 2005 წელს გამოცემულ პასპორტებს ვადა მიმდინარე თვეს ეწურება. ის გახანგრძლივდა მხოლოდ პენსიონრებისთვის. დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს იმიტომ, რომ არ შეფერხდეს პენსიების გაცემის პროცესი. 23 იანვარს გალში გამართულ აქციაზე გალელებზე კარანტინის მოხსნის პარალელურად მათთვის ე.წ. ახალი პასპორტების გაცემის საკითხიც დააყენეს, თუმცა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა ეწინააღმდეგება დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას. კერძოდ, მისი სიტყვებით, „საქართველოსთან აფხაზეთს ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს დაშვებული და არც გეგმავს“. დე ფაქტო რესპუბლიკა გალელებს მხოლოდ ბინადრობის დროებით მოწმობას სთავაზობს.