შსს-ს მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულია 19 პირი. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. ამ ეტაპზე არ არსებობს სრული ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ და მათი მოძებნა პარლამენტის დეპუტატსაც უჭირს.
თითქმის ყოველ ჯერზე, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია ამა თუ იმ პირის დაკავების შესახებ, შს სამინისტრო ავრცელებდა მოკლე ვიდეომასალასაც, სადაც, უწყების მტკიცებით, დაკავებულთა დანაშაული იყო ასახული. თუმცა ასევე ყოველ ჯერზე, ადვოკატები და ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრულ სურათს არ ასახავდა, ანდა ის ძალადობის ფაქტს არ ადასტურებდა.
ასევე ნახეთ 21-20 ივნისი: 4 დაკავებული - რამდენს დაიჭერენ კიდევ?რა ვიცით დაკავებულებზე?
შინაგანს აქმეთა სამინისტრო დაკავების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ინიციალებით ავრცელებს.
ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია საპატიმროში. თუმცა სხვადასხვა ინფორმაციის შეჯერებით, მათი რიცხვი 15-ზე მეტი უნდა იყოს. ყველა დაკავებულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ამ დრომდე ვერ მოახერხა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ, მიუხედავდ იმისა, რომ დეპუტატის მანდატი მას პროცესში უფრო ღრმად ჩახედვისა და პატიმრების მონახულების საშუალებას აძლევს.
ელენე ხოშტარია 9 დაკავებულს გლდანის ციხეში 5 აგვისტოს შეხვდა და აპირებს, რომ 14 აგვისტოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი კიდევ 4 პირი მოინახულოს.
„მე ისევ ვეძებ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ 13 მათგანის შესახებ. რაოდენობა, რომელიც მე მსმენია, არის 19, მაგრამ დანარჩენებს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატი ხოშტარია უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაკავებულების ჯგუფურად დადანაშაულებას, რადგან ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.
„ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მათ ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მათთან საუბრითაც ცხადი ხდება, რომ დაგეგმილ ჯგუფურ ძალადობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ცხრა პატიმრიდან რვას, რომელსაც შევხვდი, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან ან პოლიტიკურ პარტიებთან არ აქვს. ისინი იყვნენ საპროტესტო მოტივით იმ ღამეს ქუჩაში გამოვარდნილი ადამიანები“, - ამბობს ხოშტარია.
ის, რომ სამართალდამცველების მიმართ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას მხოლოდ ორი დაკავებული ჰყავს, ხოლო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფება, ელენე ხოშტარიას აზრით მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არც 2 თვის თავზე იღებს.
„აქციის მონაწილეებისთვის თვალების დათხრის გასამართლებლად სჭირდებათ, რომ ბევრი ადამიანი დაიჭირონ და შეთხზან ძალადობრივი სცენარი, რომლითაც გამოძვრებიან ამ საქმიდან. ცალსახაა, რომ პასუხისმგებლობას გაურბიან, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამართლებრივს“, - უთხრა ელენე ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.
სამი საქმე ახლოდან
ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის ღამისა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ახლა უკვე საპატიმროდან გამოსული ლაპარაკობს. ის 10 აგვისტოს გირაოთი გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა ბრალდება ძალაში რჩება.
საქმის არსებითი განხილვა 17 სექტემბერს დაიწყება. რადიო თავისუფლებასთან ბეჟან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ უდანაშაულოა - „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. როდესაც ერთ საქმეზე ბრალდებულია 19 ადამიანი, ეს მასობრივი დაკავებაა“.
კიდევ ერთი დაკავებული, რომელიც ბრალს არ აღიარებს, მორის მაჩალიკაშვილია, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი.
მისი ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს წარმომადგენელი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისის ღამეს ცდილობდა ბიძამისი, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეყვანა ტერიტორიიდან და კადრებზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ ის პოლიციაზე ძალადობდა, არასწორი ინტერპრეტაციაა.
ქეთი ჩუთლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზეც მუშაობს და ის კარგად იცნობს სამართლებრივ პროცესს, რომელიც ამ ოჯახის ირგვლივ 2017 წლიდან მიმდინარეობს. ის ამბობს:
„ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს, რომ ეს დაკავება უკავშირდება მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტს და ცდილობენ, რომ ძმისშვილის საქმე მასზე გავლენის მოხდენის იარაღად გამოიყენონ“.
დაცვის მხარის მთავარი არგუმენტები მორის მაჩალიკაშვილის საქმეში შემდეგია:
- ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან არც ერთი არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულზე;
- მოწმეებიდან ყველა პოლიციის თანამშრომელია;
- არც ერთი მოწმე ჩვენებაში არ ახსენებს მორის მაჩალიკაშვილს;
- პროკურატურის მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, ადვოკატის თქმით, ასახავს მხოლოდ იმას თუ როგორ ცდილობს მორისი ბიძის გაყვანას ტერიტორიიდან, და არა იმას, რომ ბრალდებული პოლიციის კორდონის გარღვევასა და პარლამენტში შეჭრას ცდილობს.
სააპელაციო სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილს უარი უთხრა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.
20-21 ივნისის ღამის საქმეზე დააკავეს პოეტი ზურაბ ბუდაღაშვილიც. შს სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ზურაბ ბუდაღაშვილი „ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ“. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
ბუდაღაშვილის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა, 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული გოგოს დაცვას ცდილობდა და ვიდეო მტკიცებულებაში სწორედ ეს პროცესია ასახული.
ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავებიდან 20 დღის შემდეგ პოლიციამ დააკავა მისი ძმა გიორგი ბუდაღაშვილი ნარკოდანაშაულის გამო; თუმცა შემდეგ გაათავისუფლა და მერე ისევ დააკავა, ახლა უკვე მტკიცებულებების განადგურების მუხლით. ამჟამად ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ადვოკატი ვახტანგ იაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგი ბუდაღაშვილი ძმის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო იდევნება.
ასევე ნახეთ ბუდაღაშვილები: რა კავშირი აქვს ნარკოტიკს გავრილოვის ჩამოსვლასთან?ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა ფეისბუკში სპეციალური გვერდიც შექმნეს სახელწოდებით „გავრილოვის პატიმრები“, სადაც დაკავებულებისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. გამოძიება ისევ გრძელდება, რაც დაკავებების გაგრძელებას არ გამორიცხავს.