ვინ და რატომ მოკლა სამი რუსი ჟურნალისტი?

მძაფრი გამოხმაურება და მომხდარის გულდასმით გამოძიების მოთხოვნა მოჰყვა ცნობას აფრიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ. მკვლელობები დაგმეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა და ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, ხოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუტსკიმ სოციალურ მედიაში დაწერა: უნდა მივბაძოთ ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებს“ ოკეანის გაღმიდან - აშშ ხომ უპასუხოდ არ ტოვებს თავისი მოქალაქეების სიკვდილსო.

ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ცნობების თანახმად, საფარიდან მოწყობილი თავდასხმისას მოკლეს. ისინი მუშაობდნენ დოკუმენტურ ფილმზე ონლაინ სააგენტო „გამოძიებათა მართვის ცენტრის“ დავალებით. სააგენტო, რომელსაც მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს, იტყობინება, რომ სამი ჟურნალისტი აგროვებდა ცნობებს რუსეთში დაფუძნებულ კერძო გასამხედროებულ ორგანიზაცია „ვაგნერზე“.

ეს ორგანიზაცია, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან და ახორციელებს გასაიდუმლოებულ სამხედრო მისიებს სხვადასხვა ქვეყანაში, უკრაინისა და სირიის ჩათვლით. თავად პრიგოჟინს კი მჭიდრო კონტაქტები აქვს კრემლთან.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას რაც შეეხება, საინფორმაციო საშუალებების თანახმად, „ვაგნერი“ იქ მოქმედებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა წელს მსუბუქი იარაღი მიაწოდა ქვეყნის უშიშროების ძალებს და მათ გასაწვრთნელად განათავსა ასობით სამხედრო და სამოქალაქო ინსტრუქტორი. რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს მტკიცებას, რომ „ვაგნერის“ რიგებში მებრძოლი კონტრაქტორები კრემლის დავალებას ასრულებენ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხშირია ძალადობა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ამბოხების შედეგად დაამხეს მაშინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ბოზიზე. ქვეყანაში განთავსებულია გაეროს 12000-კაციანი სამშვიდობო მისია და მოქმედებს ევროკავშირის მისია, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმია, რომლის გაწვრთნაშიც რუსი ინსტრუქტორები მონაწილეობდნენ

სამი რუსი ჟურნალისტის გვამები 30 ივლისს იპოვეს. „როიტერსის“ ცნობით, მას ქალაქ სიბუტის მერმა ანრი დეპელმა უთხრა, რომ თავდასხმას გადაურჩა მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ სიბუტიდან 23 კილომეტრში ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს შეიარაღებულმა პირებმა და რომ ჟურნალისტები ადგილზევე დაიღუპნენ. ამ ვერსიისაგან განსხვავდება ის, რასაც ჰყვება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ანჟ მაქსიმ კაზაგუი. მისი თქმით, ათამდე ჩალმიანი კაცი გზაზე დაუხვდა ჟურნალისტებს, რომლებმაც ყურად არ იღეს გაფრთხილება, ნუ გასცდებოდნენ ბლოკ-პოსტს, სადაც ისინი მანამდე შეაჩერეს. ჩალმიანებმა ჟურნალისტების გაძარცვა მოინდომეს - მათგან ავტომანქანა მოითხოვეს და უარი რომ მიიღეს, სამი კაცი ადგილზევე ჩაცხრილეს, მათი მძღოლი კი დაჭრეს.

51 წლის ორხან ჯემალი მრავალი წელი მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად, მას დაწერილი აქვს წიგნი 2008 წლის აგვისტოს ომზე. მასთან ერთად მოკლული ალექსანდრ რასტორგუევი 47 წლის იყო - ცნობილი დოკუმენტალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, ხოლო 33 წლის კირილ რადჩენკო ოპერატორად მუშაობდა. მათ 4 აგვისტოს გადაასვენებენ რუსეთში.