ვინ და რატომ გიმტკიცებთ, რომ ვარლამ გოლეთიანი დავით აღმაშენებელია?

„ვარლამ გოლეთიანი - გმირი ქართველი”, „რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა”, „ქართული გენი უკვდავია” - უკანასკნელი თვის მანძილზე ფეისბუკზე ათეულობით თემატური გვერდი და ჯგუფი გაჩნდა.

მას შემდეგ, რაც ვარლამ გოლეთიანი და რიონის ხეობის სხვა მცველები დედაქალაქიდან შინ დაბრუნდნენ, ფეისბუკმომხმარებლები მათ შესახებ ისევ აქტიურად წერენ პოსტებს.

ბევრი ეროვნულ გმირებს უწოდებს, თუმცა თავად ამ აღტაცებას არ იზიარებენ. მეტიც, რიონის ხეობის მცველების აზრით, ჯგუფები აზიანებენ მოძრაობას და ხელს უშლიან მისი მესიჯების გავრცელებას. ზოგი რომანტიზებისკენ რომაა მიდრეკილი, ეს ნაკლებად აწუხებთ. პრობლემად სხვა რამ მიაჩნიათ: ხშირად მსგავსი მხარდაჭერა ცრუა, პოსტების ავტორები კი ყალბი ანგარიშები არიან.

საეჭვო ჯგუფები არასამთავრობოთა ანგარიშებს მიღმა

მნიშვნელოვანია, თავი დავიცვათ ისეთი კამპანიებისგანაც, რომლებიც მიმართავენ ცრუ მხარდაჭერის მეთოდს. ამ მეთოდის ფარგლებში, შესაძლოა რომელიმე ჯგუფი ან გვერდი მოგეჩვენოთ მოძრაობისადმი კეთილგანწყობილი, თუმცა მათი მიზანი ხშირად ნეგატიური დამოკიდებულების შექმნა და საზოგადოებაზე ირიბი ზეგავლენის მოხდენაა”, - ნათქვამია მოძრაობის ოფიციალურ განცხადებაში.

პოსტში ნახსენებ გვერდებზე უკანასკნელი თვის განმავლობაში ქართველმა მკვლევრებმა ყურადღება უკვე გაამახვილეს, თუმცა მათ არ უხსენებიათ ორი დიდი ჯგუფი: „რიონის ხეობის მცველები” და „ვარლამ გოლეთიანი - გმირი ქართველი”.

რადიო თავისუფლება დააკვირდა ამ ჯგუფებს და იქ გამოქვეყნებული პოსტების შინაარსს.

ამ პოსტის ავტორი რეალური ადამიანია

ბევრი რელიგიური და ეროვნული თემატიკის პოსტი ნამდვილი ადამიანების მიერ ქვეყნდება, თუმცა ზოგი პოპულარული პოსტის ავტორის ვინაობა, დაფარულია.

„ვარლამ გოლეთიანი - გმირი ქართველის” მოდერატორი “Mariam Shengelia” ყალბი ანგარიშია. დროდადრო იგი აქვეყნებს ერთი ვებგვერდის ბმულებს, სადაც, ძირითადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტატიები ქვეყნდება. ეს ანგარიში მოდერირებს კიდევ ერთ ჯგუფს, „გიორგი ღოღობერიძე - გმირი ექიმი”, სადაც ასევე ლინკებს აზიარებს. ორივე ჯგუფის ადმინისტრატორი ლაშა შელიაა, რომელსაც ფეისბუკზე მითითებული აქვს, რომ „გირჩის” წევრია.

ჩვენთან საუბარში იგი ამბობს, რომ ჯგუფი „მეგობრებთან ერთად” შექმნა. კითხვაზე, რატომ, პასუხობს: „პლატფორმა რომ ყოფილიყო. ასეთი ჯგუფები არ არსებობდა. იქ ჩვენ არაფერს არ ვდებთ, მარტო თავისით აზიარებენ, ძირითადად, ეს ხეობის ხალხი აზიარებს”.

ყალბი ანგარიში “Mariam Shengelia”, ლაშა შელიას განმარტებით, „ტექნიკური ადმინია”. მისი თქმით, წარმოდგენა არ აქვს, ვინ და რას პოსტავს იმ ჯგუფში, რომლის ადმინისტრატორი თვითონ არის.

ჯგუფში 12.2 ათასი წევრია და დღეში, დაახლოებით, 40 პოსტი ქვეყნდება.

მეორე ჯგუფში, „რიონის ხეობის მცველებში”, 28 ათასი მომხმარებელია გაწევრიანებული. საშუალოდ, დღეში ქვეყნდება 30-ზე მეტი პოსტი. მისი ადმინისტრატორები არიან ტვ პირველის სოც. მედიამენეჯერი ლაშა ბაბუხადია და POSTV-ს ჟურნალისტი საბა ხვიჩია.

“მიზანმიმართულ შეტევაზე” ეს ანგარიში დროდადრო პოსტავს

კიდევ ერთი ადმინისტრატორია “Ninia Wereteli” - ყალბი ანგარიში, რომელიც აზიარებს TV Pirveli-ს ბმულებს.

იქვე აქტიურად პოსტავენ, სავარაუდოდ, ყალბი ანგარიშები „ანი ბაქრაძე”, „თამო თამო”, „ალგეთელი ავთანდილ” და სხვები. მათი პოსტები ასეულობით რეაქციას, გაზიარებას და კომენტარს აგროვებს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლაშა ბაბუხადიას, რომელმაც გვითხრა, რომ „რიონის ხეობის მცველებს” არავითარი კავშირი არ აქვს ტვ პირველთან. ჯგუფი პირადი ინიციატივით შექმნა „მათთვის, ვისაც აინტერესებს, რა ხდება ხეობაში”. ლაშას თქმით, ჯგუფის მიზანი არა რიონის ხეობის მცველებისთვის ხელის შეშლა, არამედ „თემის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსებაა” და ჯგუფის ადმინისტრაციაც სწორედ ამაზე მუშაობს.

„არც ერთი ჩვენ მიერ მოდერაციის უფლების მქონე წევრის არც ერთი პოსტი არ არის არათუ შეწინააღმდეგება „ნამახვანი ჰესის“ მოწინააღმდეგეების, პირიქით - ეს არის მხარდაჭერა”.

ყალბი ანგარიში “ალგეთელი ავთანდილი” ხშირად აზიარებს რელიგიური გვერდის, “ამინის” , პოსტებს, რომელიც ვარლამ გოლეთიანს უჭერს მხარს.

„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მკვლევარი ნინო რიჟამაძე, რომელიც ქართულ ფეისბუკზე ყალბი მხარდაჭერის ფენომენს სწავლობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტების ტექსტები ცალსახად შეიცავს რელიგიური საკითხებით მანიპულირების ნიშნებს.

„ჯგუფი პოზიციონირებს როგორც ნამახვანჰესით დაინტერესებული სათემო ჯგუფი, თუმცა იქ გავრცელებულ მასალას აქვს ინტერაქციის ხელოვნურად გაზრდის მიზნით წამძღვარებული სათაურები. მე არ ვიცი, რა მიზნით მუშაობს [ჯგუფი], მაგრამ ფაქტია, რომ იქ გამოქვეყნებული მედიის მასალები მანიპულაციური შინაარსით არის გავრცელებული”.

ნინო ასევე განმარტავს, რომ ჯგუფში შეინიშნება „არაავთენტური ქცევის ნიშნები”, რაც ფეისბუკის სტანდარტების დარღვევაა და გულისხმობს იმას, რომ ზოგი ანგარიში ყალბია, პოსტების შინაარსი კი ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, მართლა ემსახურება თუ არა ჯგუფი რიონის ხეობის მცველების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

მკვლევართან შედარებით, შეფასებებში გაცილებით უფრო მწვავეა დათო სიმონია.

30 წლის გრაფიკოსი დიზაინერი „ნამახვანი ჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს აპრილის ბოლოს შეუერთდა. იქიდან მოყოლებული, აკვირდება იმას, თუ რას წერენ სოციალურ მედიაში პროტესტისა და მისი მონაწილეების შესახებ.

„ეს არის ცალსახად დეზინფორმაციული ჯგუფი. თავიდანვე ვიცოდით, რომ პირდაპირ ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ”, - ამბობს დათო. – „ესაა ზუსტად ცრუ მხარდაჭერის მეთოდი. შეიძლება ათი პოსტი დადონ ჩვენი მხარდასაჭერი და მეთერთმეტე გააკეთონ ისეთი, რომ წინა ათი იკარგება და თან ცუდ განწყობას ქმნის”.

იგი დარწმუნებულია, რომ ადამინისტრაცია ჯგუფს იყენებს საკუთარი კომერციული მიზნებისთვის და არა პროტესტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ცარიელი ველის შევსება

დათო სიმონია რიონის ხეობის მცველებს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ეხმარება. სოციალური ქსელის თვალიერებისას ამჩნევს, რომ მხარდამჭერების ზრდასთან ერთად იზრდება მათი რიცხვი, ვინც მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობს, განსაკუთრებით, 23 მაისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ.

„ბევრი სტრატეგია აქვთ, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება ორი ხაზის ქვეშ გავაერთიანოთ, - ამბობს დათო სიმონია, - ერთია ცალსახად ნეგატიური პოსტები, რომელიც არის ძალიან არაეფექტური და თავადაც მიხვდნენ, რომ არ მუშაობს, რადგან ხალხი კეთილგანწყობილია ამ მოძრაობის მიმართ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ მხარდაჭერის მეთოდით პოსტვა. ბოლო, რაც მახსენდება, ვარლამის ფოტო, წარწერით “უფალო, შენ ამათ დასახმარებლად გამაგზავნე, რატომ არ მიჭერენ მხარსო“, თუ რაღაც მსგავსი აბსურდი. ან კიდევ დავით აღმაშენებელს ადარებენ. ხალხი მანდ უკვე იბნევა და უჭირს მტყუან-მართლის გარჩევა”.

ყალბი ანგარიშის, "ანი ბაქრაძის" პოსტები დიდ აუდიტორიას აგროვებს

აქტივისტი გვეუბნება, რომ ათეულობით გვერდი და ანგარიში საკუთარ მხარდაჭერას კი არ გამოხატავს, არამედ თამაშობს მხარდამჭერების ემოციებსა და სანტიმენტებზე. მპოსტავები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს რიონის ხეობაში ვარლამ გოლეთიანის გარშემო ერთგვარი კულტია შექმნილი. დათო გვარწმუნებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, თემის სენსიტიურობის გამო, საპროტესტო მოძრაობის ყველა სპიკერი საჯარო გამოსვლისას მაქსიმალურად ცდილობს ფრთხილი იყოს საკუთარ განცხადებებსა და შეფასებებში. ეს სიფრთხილე ტოვებს ველს ინტერპრეტირებისთვის, რომელიც ცარიელი არ რჩება.

„ვიღაცისთვის ლიბერასტები ვართ, ვიღაცისთვის ტაბურეტკის თავში ჩამრტყმელები, ვიღაცისთვის კი ფილოსოფოსების ენაზე ვსაუბრობთ. ამის შემხედვარე ნეიტრალურ ადამიანს შეიძლება აღარ მოუნდეს, რომ ჩაერთოს მოძრაობაში”.

“გმირობის ხარისხში აყვანა ადამიანებს უქმნის არასწორ წარმოდგენას ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობების შესახებ”, - გვეუბნება დათო.

მართლმადიდებლობა და პატრიოტიზმი აუდიტორიის მოსაზიდად

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” და „მედიის განვითარების ფონდის” პლატფორმა „მითების დეტექტორი”, დიდი ხანია, იკვლევენ, თუ როგორ აღმოცენდება დისკრედიტაციაზე გამიზნული პოსტები ფეისბუკის ეკოსისტემაში.

„მითების დეტექტორის” მკვლევარი მარიამ დაგნაძე ქართულ ფეისბუკზე ასეთ კანონზომიერებას ხედავს: დეზინფორმაციული კამპანიები აქტიურდება მაშინ, როდესაც საზოგადოებაში მატულობს პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ.

ნინო რიჟამაძე კი ამბობს, რომ ცრუ მხარდაჭერის მეთოდს საქართველოში ოპონენტების წინააღმდეგ ადრეც იყენებდნენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძისა და მისი მხარდამჭერების გაშავებისთვის.

დისკრედიტაციის კამპანიებს ახასიათებს ასეთი ტაქტიკაც - ფეისბუკზე ყალბი მხარდაჭერის წყაროები ავრცელებენ მცდარ, აბსურდულ ინფორმაციას, შემდეგ კი ეს ინფორმაცია ზიარდება მოწინააღმდეგეების მიერ.

2019 წლის ბოლოს ფეისბუკმა საკუთარი პლატფორმიდან 400-ზე მეტი ქართული ანგარიში წაშალა. ჯგუფები, გვერდები და ყალბი ანგარიშები კოორდინირებულად მოქმედებდნენ და სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდათ. ფეისბუკის შიდა გამოძიების თანახმად, ამ გვერდების უკან სარეკლამო ჯგუფი „პანდა” და „ქართული ოცნება” იდგნენ. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ზოგი გვერდი „ნაციონალურ მოძრაობასთანაც” იყო აფილირებული.

„ცრუ მხარდამჭერი გვერდების შექმნელებმა მშვენივრად გამოიყენეს ჩვენს საზოგადოებაში არსებული დიდი პრობლემა, კრიტიკული აზროვნების და მედიაწიგნიერების უნარების ნაკლებობა”, - გვეუბნება მარიამ დაგნაძე.

ნინოც და მარიამიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბოლო თვეებში დაწყებული კამპანია წინამორბედების მსგავსია. ამ შემთხვევაშიც ბევრი გვერდი და კონკრეტული ავტორი საკუთარ დამოკიდებულებას კი არ აჟღერებს, არამედ ოსტატურად მანიპულირებს საქართველოს მოქალაქეების რელიგიური გრძნობებით, ისტორიული სანტიმენტებით და ნაციონალისტური განწყობებით. შედეგად, ეს კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებასა და აღრმავებს პოლარიზებას.

მკვლევრები არ გამორიცხავენ იმას, რომ ასეულობით ყალბ გვერდსა და ანგარიშს კვლავ ერთი კონკრეტული ჯგუფი მართავდეს.

ერთ საფულეში ჩადებული ხატი და კონდომის ფოტო, როგორც დისკრედიტაციის ირიბი მცდელობა

„მართალია, დამკვეთების სახელები არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამგვარი მესიჯების შემუშავებაზე, კონცეფციის შექმნაზე, ვიზუალურ მხარეზე და, ზოგადად, სტრატეგიაზე საკმაოდ სერიოზული ადამიანები მუშაობენ, - ამბობს ნინო რიჟამაძე, - მათ კარგად იციან, როგორ უნდა ითამაშონ მგრძნობიარე თემებით, რა სანტიმენტებს უნდა გაუსვან ხაზი და როგორ მიუდგნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს”.

ამასთანავე, მკვლევრები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ვიღაც ნამახვანჰესის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესს საკუთარი კომერციული მიზნებისთვის იყენებდეს, თემატური გვერდებისა და ჯგუფების შექმნით კი ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობდეს.

„რიონის ხეობის მცველების” ადმინისტრატორს, ვკითხეთ ჯგუფში მპოსტავ ყალბ ანგარიშებსა და იმაზე, თუ გრძნობს მრავალათასიანი თემატური ჯგუფის მართვაზე პასუხისმგებლობას. მან გვიპასუხა, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობს აკონტროლოს პოსტები და მათ ნაწილს შლის კიდეც, თუმცა ყოველთვის ამის გაკეთება უჭირს. ლაშა ბაბუხადიამ ისიც გვითხრა, მზად ვარ, ჯგუფის გაკონტროლება დავუთმო რიონის ხეობის მცველების მიერ დასახელებულ ნებისმიერ პირსო.

„დავუკავშირდები [ვარლამ გოლეთიანს], არანაირი პრობლემა არ მაქვს და დავარწმუნებ, რომ ნებისმიერ მისგან სანდო ადამიანს შემიძლია მოდერაცია შევთავაზო, კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს. ჩემთვის კომფორტულიც კი არის ეგ, იმიტომ რომ ჯგუფის ვალიდურობას და სანდოობას გაზრდის”, - გვითხრა მან.

„მადლობა იმ ბიჭს, მაგრამ ამჯერად არ ვისარგებლებთ შემოთავაზებით“, - დათო სიმონიას თქმით, ასე პასუხობენ ლაშა ბაბუხადიას რიონის ხეობიდან.

***

დათო გვიყვება, რომ იმ სრული განუკითხაობის მიუხედავად, რაც ახლა ქართულ ფეისბუქზე სუფევს, მაინც არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი: მალე მოძრაობის ოფიციალური გვერდი „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ფეისბუკისგან შესაბამის ნიშანს მიიღებს. ეს უფრო მარტივს გახდის მხარდამჭერებისთვის მტყუან-მართლის გარჩევას.

იგი მოუწოდებს ყველას, ვისაც რიონის ხეობის მცველების დახმარება სურს, პირადად დაუკავშირდეს მათ და ჰკითხოს, რით შეუძლია დაეხმაროს მოძრაობას წარმატების მისაღწევად.

„ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომელია [ჯგუფი] რეალურად შენი მხარდამჭერი და რომელი - არა. ვინც ცალკე აკეთებს რაღაცას ისე, რომ არც გიცნობს, არც კი აქვს მოწერილი, ნამდვილი სახელი და გვარიც რომ არ იცი, ეგ უკვე ცალსახად საეჭვოა და მხარდაჭერა ვერ იქნება”.

საუბრის ბოლოს აქტივისტი იხსენებს, რომ გამოცდილებამ ასწავლა, ფრთხილი იყოს საკუთარი მხარდაჭერის გამოხატვაში - რამდენიმე თვის წინ რიონის ხეობის მცველებზე ილუსტრაციების შექმნა დაიწყო, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრებით და მითოლოგიით იყო შთაგონებული.

„დაახლოებით იმავეს ვაკეთებდი, რასაც ახლა ისინი შვრებიან, ვინც ვარლამს დავით აღმაშენებელს ადარებს. ახლა მთლადაც ვერ გავაიგივებთ, იმიტომ რომ მე სხვა ნარატივი მქონდა, მაგრამ ამ ადამიანებს არ უყვართ პიროვნების გაფეტიშება. მახსოვს, მარიტამ [მუსელიანმა] შინაურულად მითხრა, ცალკეულ პიროვნებებზე აქცენტის გაკეთება რეალურად უფრო გვვნებს, ვიდრე გვარგებსო”, - ამბობს დათო.