ამას წინათ მწერალმა ნაირა გელაშვილმა დეტალურად აღწერა ბიძინა ივანიშვილის სამსაათიანი ვიზიტი, როგორც თავად გვითხრა, „მასთან“, „კავკასიურ სახლში“. „კაცმა იშრომა, ქონება დააგროვა... და გემო ვერ ჩაუტანია ამ ქვეყნის გადამკიდე... ერთმა საქმეში ჩახედულმა კაცმა მითხრა, ეხლა რომ ეგ წავიდეს, აქ დედა შვილს არ აიყვანს ხელში“.
პანეგირიკი, იგივე სახოტბო სიტყვა, ქართული ინტელიგენციის საყვარელი ჟანრი რომაა, ამას ისტორია ადასტურებს. ცხადია, ზოგი ამას სწორხაზოვნად და მარტივად აკეთებს („მიშა მაგარია!), ზოგიც უფრო დახვეწილად - „მაგრამ“, „მაგრამს“ აყოლებს, როგორც ქ-ნი ნაირა... ასეა თუ ისე, როგორც არ უნდა იცვლებოდეს პანეგირიკის ტონალობა, ეს ხოტბა-დიდება, უბრალო სადღეგრძელოში იქნება ეს გამოხატული თუ „ანალიტიკურ სიტყვაში“, ეს პირფერობა რჩება, როგორც ჩვენი ქვეყნის ჭირი. რაც უნდა მოხდეს, ვინც უნდა დაეუფლოს ძალაუფლებას, ყოველთვის იქნებიან მეხოტბეები (მათ შორის სრულიად გულწრფელებიც), რომლებიც დარწმუნებულები არიან - რომ არა მათი სადღეგრძელოს გმირი, ამ ქვეყანაში „დედა შვილს არ აიყვანს“.
ახლა ნაკლებად საინტერესოა იმაზე მსჯელობა, თუ რატომაა ქართული ინტელიგენცია გადავსებული ასეთი ხალხით. რატომაა, რომ ქართველი პოეტების, არტისტების აბსოლუტური უმრავლესობა, ტრადიუციულად, სრულ კომფორტს ელის ხელისუფლებისგან და თუკი ხელისუფლებამ ოდნავ მაინც შეარყია ეს კომფორტი, მისი დაუძინებელი მტერი ხდება - იმ დონეზე, რომ შეიძლება ჩამოაგდოს კიდეც და მისთვის სასურველი ხელისუფალი დასვას ტახტზე. ტრადიციულად, ხელისუფლებაც ცდილობს დაეყრდნოს ამ „სულის ინჟინრებს“, დააკმაყოფილოს ისინი „პენსიებით“, დააფინანსოს მათი სპექტაკლები და ფილმები, მათი „სახლები“... ოდნავ თუ გააკრიტიკა, ესტუმროს, საქმე გაურჩიოს და იმას მიაღწიოს, რომ „სახლის დიასახლისმა“ მერე საჯაროდ განაცხადოს, ეს რომ წავიდეს აქ დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო.
ბიძინა ივანიშვილს ეს სისტემა არ შეუქმნია. ძლიერის, და რაც მთავარია, მდიდრის მიმართ მოწიწება ივანიშვილამდეც იყო საქართველოში. ივანიშვილმაც, შეიძლება ითქვას, მთელი საკადრო პოლიტიკა ერთგულებაზე ააგო - ხატოვნად რომ ვთქვათ, ხელისუფლების ყველა შტო შეივსო ადამიანებით, რომლებიც ერთგულების გამოცდას ჩააბარებდნენ, სანამ რომელიმე ამ შტოში - სასამართლო იქნებოდა ეს, პარლამენტი, პროკურატურა თუ მედია, „გამოინახებოდა“ ადგილი მათთვის... ინტელიგენციაზე აღარაფერს ვამბობ - აქ ივანიშვილს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. თუმცა, ინტელიგენციის დამორჩილება მისთვის, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე სასიამოვნო პროცესი უნდა ყოფილიყო: აბა რა არის იმაზე უფრო საამო, როცა არა მარტო ყურადღებით გისმენენ, როგორ აკრიტიკებ თვით ნიცშესაც კი, არამედ შენს პოლიტიკურ ბლოკში ერთიანდებიან და იძულებულნი ხდებიან აიტანონ შენი ცუდი ქართული... არა მარტო აიტანონ, არამედ დარწმუნებულები იყვნენ - შენ რომ აქედან წახვიდე, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
ადამიანთა ეს ჯგუფი ლიბერალებს ხშირად გვაკრიტიკებს: ხალხი არ გიყვართ, ბნელებს ეძახითო.. არადა, საინტერესოა, ვის არ უყვარს ხალხი - იმას, ვინც დარწმუნებულია, რომ ცოტას თუ გადაუგდებ, პენსიას თუ დაუნიშნავ, მის უნიჭო სპექტაკლებს თუ დააფინანსებ და არტისტების პანაშვიდ-დასაფლავებაზე თუ ივლი, ბოლომდე შენი ერთგული დარჩება?.. თუ იმას, ვინც ასევე დარწმუნებულია, რომ ქართულ კულტურას სადღეგრძელოები კი ახასიათებს, მაგრამ ერთი კარგი თვისებაც აქვს - ერთფეროვნება მალე ბეზრდება?
ოპოზიცია ამტკიცებს - შოთაძის უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას იმიტომ ვერ იძიებს, რომ რეალურ დამნაშავეს ხელს აფარებსო. ცხადია, არაა გამორიცხული რომ ასეც იყოს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პროკურატურა, უბრალოდ, ვერ იძიებს ამ საქმეს. ვერ იძიებს, რადგან არ შეუძლია! ისევე, როგორც ვერ შეძლო „ოცნების პროკურატურამ“ მრავალი გახმაურებული საქმის გამოძიება (პირადად მე სულ გოგა ხაინდრავას დაპირება მახსენდება, ჟვანიას საქმეს სულ მალე ავხდით ფარდასო... 2012 წელს იყო ეს).
არა, პროკურატურას შეიძლება მართლაც ძალიან უნდოდეს გამოიძიოს ეს საქმე. პროკურატურა შეიძლება არ იყოს „ბოროტი“ და ჰგავდეს კეთილ პილოტს, რომელსაც მავანმა თვითმფრინავის საჭე ანდო, დაასაჩუქრა ერთგულებისთვის (და შეიძლება იმისთვისაც რომ „კეთილია“), მაგრამ თვითმფრინავის მართვა არ იცოდეს. თვითმფრინავი როცა ჩამოვარდება, ნაკლებად საინტერესო ხდება რამდენად კეთილი იყო ეს პილოტი, როგორ სძულდა ძალადობა და როგორ წითლდებოდა, როცა ვიღაც ტყუილის თქმას ავალდებულებდა.
ასე იცის კადრების შერჩევამ იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება შენი გარანტირებული მონა, ვინ გაღიარებს ილია ჭავჭავაძედ... ასე იცის ერთგულების პრინციპით ქვეყნის მართვამ, კატასტროფულმა არაპროფესიონალიზმმა ცხოვრების ყველა სფეროში, რაც, როგორც წესი, მთავარი ინსტიტუტების სრული მოშლით მთავრდება.
„დროშა ვერ დაკიდენ!“... განა არ უნდოდათ? ვერ დაკიდენ უბრალოდ. მერე რა? მთავარია, რომ გული აქვთ კარგი და კიდევ უფრო მთავარი ისაა, რომ ყოველთვის დარჩებიან ხელისუფლების ერთგულ ჯარისკაცებად.
არ სჭირდება ამ ქვეყანას არავითარი ანექსია და რუსული ტანკები. სჭირდება უბრალოდ იმის დაჯერება, რომ ამ ხელისუფლების გარეშე საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში, „მიშა ჩამოვა“ და ისევ დაიწყება ადამიანების წამება.
დაჯერებით კი დავიჯერეთ. მაგრამ, აკი ვამბობ - საქართველოში, შესაძლებელია, უყვართ სადღეგრძელოები, თუმცა, ერთფეროვნებაც მალე ბეზრდებათ.