შემომწირველები თუ მესამე პირები - რას დაადგენს აუდიტის სამსახური

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ქართული პოლიტიკური ტრადიციებისთვის დამახასიათებელი ხაზით ვითარდება - კერძოდ, ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული შემოწირულებები 4,5-ჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და თითქმის 5-ჯერ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის, საარჩევნო ფონდებში შეტანილ თანხებს.

მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, საარჩევნო ფონდში 1 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში მობილიზებული 2 127 000 ლარი მხოლოდ ფინანსური შემოწირულებებია ძირითადად ფიზიკური პირების მიერ, თუმცა შემომწირველთა შორის გვხვდება რამდენიმე იურიდიული პირიც. შემოწირულებების ზოგადი ანალიზის საფუძველზე, დაინტერესებული პირები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ფიზიკური პირების მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გადარიცხული შემოწირულებები არაპირდაპირი შემოწირულებები უნდა იყოს, მესამე პირის მიერ განხორციელებული.

ასევე ნახეთ ვინ რამდენს და რომელ პარტიას უხდის

​საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვები შემოწირულებების ზედა ზღვარი ფიზიკური პირისთვის წელიწადში 60 000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 120 000 ლარი. შემოწირულების კანონის საწინააღმდეგოდ განხორციელება ჯარიმდება შემოწირულების ორმაგი ოდენობით და თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით.

კანონიერია თუ არა შემოწირულებები-აუდიტის სამსახური სასამართლოს მიმართავს

აუდიტის სამსახურმა მიმართა სასამართლოს და ითხოვა ნებართვა, რომ პირველიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ყველა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველების ანგარიშებსა და საბანკო ტრანზაქციებზე ჰქონდეს წვდომა და ამ მასალების შესწავლის შემდეგ.

მიუხედავად კანონმდებლობაში არსებული რეგულაციებისა, გარკვეულ შემთხვევაში შემოწირულებათა კანონიერების დადგენა და დარღვევების გამოვლენა ვერ ხერხდება. მყარი მტკიცებულებების გარეშე კი ძნელია იმის დამტკიცება, რომ ცალკეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ფონდში გადარიცხული შემოწირულება მესამე პირის მიერაა განხორციელებული. ამ მხრივ განსაკუთრებული ხმაური ამ დღეებში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ექიმების მიერ გაღებულმა სოლიდურმა, მრავალათასიანმა, შემოწირულებებმა გამოიწვია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე წვდომის შუამდგომლობით მიმართა, შემოსავლების, გასავლებისა თუ საბანკო ტრანზაქციების გადამოწმების მიზნით, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურში განგვიმარტეს, შუამდგომლობა ვრცელდება არა მარტო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდის შემომწირველებზე, არამედ, ზოგადად, საარჩევნო სუბიექტების შემომწირველებზე:

„აუდიტის სამსახურმა მიმართა სასამართლოს და ითხოვა ნებართვა, რომ პირველიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ყველა საარჩევნო სუბიექტის შემომწირველების ანგარიშებსა და საბანკო ტრანზაქციებზე ჰქონდეს წვდომა და ამ მასალების შესწავლის შემდეგ, კითხვების გაჩენის შემთხვევაში, შემომწირველები დამატებით გამოიკითხებიან. წინასაარჩევნო პერიოდში ამ პროცედურას რეგულარული ხასიათი აქვს“.

დავუშვათ, რომ შემომწირველი ამბობს, რომ თანხა ასესხეს. მაგალითად, ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ძმამ ასესხა „ქეშად“ თანხა. შეუძლებელია იმის გადამოწმება, ეს მართლა მოხდა თუ არა.

აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საჭირო გამოკითხვასთან დაკავშირებით 10-მდე ადამიანს უკვე დაეგზავნა შესაბამისი წერილები, თუმცა გამოკითხული და, მით უმეტეს, დაჯარიმებული ჯერ არავინაა.

კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი შემომწირველები

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“მთავარი იურისტი გიგი ჩიხლაძე ვარაუდობს, დიდი ალბათობით, სასამართლო აუდიტის სამსახურის მოთხოვნას დასაბუთებულად ჩათვლის და მას შემომწირველების საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლებასაც მისცემს, მაგრამ ჩრდილში მდგომი შემომწირველების სრულად გამოაშკარავება მაინც რთული იქნება:

„დავუშვათ, რომ შემომწირველი ამბობს, რომ თანხა ასესხეს. მაგალითად, ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ძმამ ასესხა „ქეშად“ თანხა. შეუძლებელია იმის გადამოწმება, ეს მართლა მოხდა თუ არა. შესაბამისად, ძალიან გამოკვეთილი შემთხვევა თუ არ არის, რთულია დაუმტკიცდეს ადამიანს, რომ მას არ ჰქონდა შემოსავალი და დაუმტკიცდეს, რომ ის თანხა მისი არ იყო და სხვისი თანხა შესწირა, თუ თვითონ არ აღიარებს. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ ეს სტანდარტები უნდა გამკაცრდეს, მტკიცების ტვირთი უფრო მაღალი სტანდარტის უნდა იყოს“.

როგორც გიგი ჩიხლაძე ამბობს, პროცესის მონიტორებს ახლა მხოლოდ ის შეუძლიათ, ყურადღებით დააკვირდნენ, როგორ განვითარდება მოვლენები და ფიქტიურად აღსრულდება კანონი თუ რეალურად. იმ პირობებში კი, როცა პოლიტიკური სუბიექტების რეალური ფინანსური შემოსავლების გაკონტროლება რთულია, მისი აზრით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო ხარჯებზე დაკვირვებას.

1 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში კი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, როგორც შემოწირულებების საერთო მოცულობით, ისე შემომწირველების რაოდენობით. მის მიერ ამ დროისთვის მობილიზებულია, მთლიანობაში, 3 127 000 -მდე ლარი. ამ თანხაში 2 127 000 შემოწირულებებია, მილიონ ლარამდე კი „ქართული ბანკის“ მიერ გაცემული კრედიტი. „ქართუ ბანკის“ კრედიტის მოლოდინშია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც. მან ბანკს 10 ოქტომბერს მიმართა, პასუხი კი ჯერ არ მიუღია.