მეჯვრისხეველებს ეცინებათ იმ აბსურდულ ვერსიაზე, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების საფუძვლად გამოაცხადა. დე ფაქტო კაგებემ გასულ კვირას დამონტაჟებული ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც დაკავებული აღიარებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების ჭუპრების მოსაპოვებლად გადავიდა, თითქოს ამ ჭუპრებში 5-10 ათას დოლარამდე იხდიდნენ და მოპოვებული მასალა ლუგარის ცენტრს სჭირდებოდა. ამ აღიარებითი ჩვენების შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალდებად კი წითელ წიგნში შეტანილ სახეობათა კონტრაბანდის მუხლი წაუყენეს. ხვიჩა მღებრიშვილის ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი, ამბობს, რომ ბრალდების აბსურდულობა მხოლოდ ღიმილს იწვევს:
„მეტი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ დიდხანს გააჩერონ და მიუსაჯონ და მოიგონეს ეს. სასაცილო ანეკდოტია, მეტი არაფერი. ეს ახლა პროვოკაცია ხდება ჩვენი ლაბორატორიის ამბავზე, დიდი ხანია. ასეთი სპექტაკლის დადგმა რად უნდოდათ, მაგასაც ვერა ვხვდები. ან ჩემი ძმა დასცინის მაგათ, ან კიდევ დაუწერეს და ათქმევინეს, მაგრამ ხომ არიან ცოტა უტვინო რეჟისორები?“
ასევე ნახეთ ღამურები, ჩვენება რუსულად და მორიგი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგმღებრიშვილის მეზობლებისთვისაც დაუჯერებელია დაკავების ის ვერსია, რომელსაც ცხინვალი ავრცელებს. მათი თქმით, ხვიჩას კარგად იცნობენ და არასოდეს გამოუხატავს ღამურების მიმართ ინტერესი.
47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი მეჯვრისხევის მკვიდრია. ის ხან თბილისში მუშაობდა, ხან გორში და დიდი ხნით არ ჩადიოდა მეჯვრისხევში, ამიტომ ნათესავებმა და მეზობლებმა მისი გაუჩინარება თავიდან ჩვეულებრივ ამბად მიიჩნიეს. ხვიჩა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, ჯერ ადგილობრივი საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ჰყავდათ, 12 დღის შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და ბრალი წაუყენეს. ნათესავებმა მისი დაკავების შესახებ ერთკვირიანი დაგვიანებით შეიტყვეს.
ბოლო თვეების განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის პროპაგანდა განსაკუთრებით ორი მიმართულებით გააქტიურდა. ესაა დეზინფორმაციული შტურმი ლუგარის სახელობის ლაბორატორიაზე და, თითქოსდა, საქართველოს მილიტარისტულ განწყობებზე, დამატებითი საგუშაგოების მოწყობაზე და ასე შემდეგ, ახლა კი ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ადრე, ე.წ. საზღვრის დარღვევის მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ, ბოლო დროს ბრალს მოგონილი ვერსიებით უმძიმებენ. ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის შემთხვევები ამის მაგალითია.
Your browser doesn’t support HTML5
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კი ვითარება ყოველდღიურად რთულდება, რთულდება საქართველოს დაკავებული მოქალაქეების მდგომარეობაც. საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილ და დაკავებულ ზაზა გახელაძეს სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავებიან, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით უპასუხებს. უწყების ინფორმაციით, ეს ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და არალეგიტიმურია.
„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია ზაზა გახელაძის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრალდებები არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი. პროცესში ჩართული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვის მიმართულებით“, - აცხადებენ სუსში.
ასევე ნახეთ ცხინვალმა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყორუსეთის ფედერაციის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ურთიერთბრალდების შემცველ განცხადებებს ცვლიან, დაკავებულების ნათესავები კი საქართველოს ხელისუფლებისგან აქტიურ მოქმედებას ითხოვენ. არსებობს მზაობა ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეხვედრის მომზადებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა დაკავებული, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დრომდე ცნობილი არ არის.