ვინ არის მაქსიმოვი, და რატომ შეხვდა ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თალიბს სამხრეთ ოსეთის სახელით

თალიბანის სპიკერის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „ორივე ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში“.

ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული რადიკალური მოძრაობა თალიბანის სპიკერმა, მუჰამედ ნაიმმა, 24 სექტემბერს ტვიტერში დაწერა, რომ თალიბთა მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი  „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელს, ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა.

მუჰამედ ნაიმის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „ორივე ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში“.

ოსურ მედიას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ფართოდ არ გაუშუქებია. „სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი” კი, რომელიც ავღანეთის თალიბ ვიცე-პრემიერს შეხვდა, პირველად საჯაროდ ცხინვალში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ალექსეი მაქსიმოვი ცხინვალში რუსეთიდან მიუწვევიათ, „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის“ უფროსის მოადგილედ დაუნიშნავთ და, შემდეგ, მოსკოვში ამ სამსახურის წარმომადგენლად მიუვლენიათ.

მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მაქსიმოვი 1991-93 წლებში იუგოსლავიაში გაეროს სამშვიდობო ძალების რუსულ კონტინგენტში მსახურობდა, თუმცა იმ წლებში ასეთი კონტინგენტი საერთოდ არ არსებობდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მაქსიმოვი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ალექსეი ვარზიევმა 2019 წელს მიიწვია. მაქსიმოვმა ერთ დღეში რესპუბლიკის მოქალაქეობა და პოლკოვნიკის წოდება მიიღო და სამსახურის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. მოგვიანებით კი სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.

მაქსიმოვი საჯაროდ, პირველად, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას „სამხრეთ ოსეთში“ ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის აგვისტოში გამოჩნდა. ონლაინგამოცემა jam-news-ის მიხედვით, დაზვერვის ახალი მაღალჩინოსანი მაშინ მოხვდა ვიდეოკამერების ობიექტივში. ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად წინა რიგებში იყო.

jam-news-ი ასევე წერს alterminfo.blogspot.com-ზე ხორვატულ ენაზე გამოქვეყნებულ და შემდგომ ჩრდილოეთ ოსეთის ყოველკვირეულ გამოცემა „სვობოდნი ვზგლიადში“ მოხვედრილ ერთ სტატიაზეც, რომელიც ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

სწორედ ამ სტატიაშია ნახსენები, რომ ის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მაქსიმოვს ოფიციალურ ბიოგრაფიაში აქვს მითითებული, „იუგოსლავიაში გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში” პირველად მხოლოდ 1996 წელს, ბოსნიაში გამოჩნდა.

jam-news-ი, იმავე წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ 1973 წელს ლენინგრადში დაბადებული იმავე სახელის და გვარის მქონე პიროვნება - მაქსიმოვი ალექსეი სერგეის ძე, სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი და „უსაფრთხოების, თავდაცვისა და მართლწესრიგის აკადემიის” წევრ-კორესპონდენტია.

„ეს ორგანიზაცია, რომელიც 2000 წლიდან 2008 წლამდე მოქმედებდა, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ორგანიზაციამ დააწესა სახელმწიფო ჯილდოების იდენტური 73 სახის ჯილდო, მათ შორის, ორდენები და მედლები, ასევე დაადგინა აკადემიური ხარისხები, შემოიღო სამხედრო ფორმების მსგავსი ფორმები და სამხედრო წოდებები. ეს, პროკურატურის განცხადებით, რომელმაც სარჩელი შეიტანა, … ქმნის პირობებს კორუფციის გამოვლინებებისთვის და დისკრედიტაციას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებას”.

აქ რუსეთის პროკურატურა აკადემიური ხარისხებისა და ჯილდოების შესაძლო გაყიდვაზე მიანიშნებს.

გამოძიების ავტორები წერენ, რომ კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაცია, რომელთანაც დაკავშირებულია მაქსიმოვი, „ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიაა”, რომელიც ამჟამადაც აქტიურად საქმიანობს. ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე კვლავ განთავსებულია მაქსიმოვის ფოტო, რომელზეც იგი აკადემიის პრეზიდენტისგან ჯილდოს იღებს. ეს ორგანიზაცია რუსეთში არაერთხელ გაუკრიტიკებიათ „ცრუმეცნიერების გავრცელებისა” და „დიპლომებითა და აკადემიური ხარისხით ვაჭრობის გამო”.

რა აკავშირებს მაქსიმოვს ავღანეთთან?

jam-news-ის ცნობით, 2014 წელს ავღანეთში მაქსიმოვი მონაწილეობდა „ამარანტის” პროექტში. პროექტის მიზანი, რომელიც ფონდმა ЕВРАЗИС-მა და ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიამ განახორციელეს, იყო ექსპერიმენტი, რომელიც ოპიუმის ყაყაჩოს არატრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურით, ამარანტით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ პროექტში მონაწილეობდნენ „აგრონომები სამხრეთ ოსეთიდან”. მაგრამ ამ დრომდე არც ამ პროექტის და არც „აგრონომების” შესახებ ცხინვალში არავის გაუგია.

რადიო თავისუფლების ცხინვალელმა წყარომ მაქსიმოვის შესახებ ბევრი არაფერი იცის, თუმცა ფიქრობს, რომ იგი თალიბანს სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზე ელაპარაკა.

„მაქსიმოვის შესახებ მეც პრესიდან შევიტყვე, როგორც ჩანს, მან ცხინვალში ძალიან ცოტა ხანი დაჰყო და ისევ რუსეთში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გამოცდილი აფერისტია და ბიოგრაფიას აყალბებს. ჩემთვის გაუგებარია, ეს კაცი სამხრეთ ოსეთის სახელით საერთოდ რაზე უნდა ლაპარაკობდეს. რუსეთისთვის და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ამიტომ მაქსიმოვმა, როგორც ჩანს, ჩვენი რესპუბლიკის აღიარების საკითხზე მოლაპარაკება ვითომ დამოუკიდებლად დაიწყო, თითქოს რუსეთში ამის შესახებ არაფერი იციან. ეს ხომ აბსურდია? რუსეთი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და მის გარეშე ჩვენი ხელისუფლება ერთ ნაბიჯსაც არ დგამს. როგორც ჩანს, მაქსიმოვმა თავისი ძველი კონტაქტები გამოიყენა და ასე მიაღწია თალიბანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე, მაგრამ საკითხავი ის არის, რაში აწყობს სამხრეთ ოსეთს თალიბანის აღიარება, ეს ხომ მორიგი რეპუტაციული ზიანი იქნება?.. ვანუატუს და ტუვალუს მიერ უკან წაღებული აღიარებაც ხომ უდიდესი რეპუტაციული დარტყმა იყო და ახლა კიდევ თალიბანი? და თუ მაინც აღიარებაზე მიდის საუბარი, რატომ არაა იქ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო? რა უნდა იქ საგარეო დაზვერვის წარმომადგენელს, რომელსაც გაყალბებული ბიოგრაფია აქვს?“ - ამბობს რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლისთანავე პირველი განცხადება გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა. მან აგვისტოში ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

ალანიის სახელმწიფოს მიერ თალიბანის ცნობის საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში, თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გონივრულად და პრაგმატულად გამოიჩენს თავს ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კვლავ აღიარებს თალიბანს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. ასეა რუსეთშიც, - წერდა სანაკოევი. მისი აზრით, თუ რეზოლუცია შეიცვლება და რუსეთიც სხვაგვარად შეხედავს თალიბანს, საკითხი უკვე სხვა ჟღერადობას მიიღებს.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ თალიბანთან, მაქსიმოვის მეშვეობით, მხოლოდ ნიადაგი მოსინჯა. მისი აზრით, თუ დასავლეთი არ დაელაპარაკება ავღანეთის ახალ ხელისუფლებას და მას იზოლაციაში მოაქცევს, მაშინ თალიბანი დათანხმდება რუსული დახმარების მიღებას და ასეთ შემთხვევაში დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზეც არ იტყვიან უარს.

„უნდა ვივარაუდოთ რომ ეს შეხვედრა უფრო პოზიციების მოსინჯვის მიზნით დაიგეგმა და რაიმე კონკრეტიკას რუსეთი აქედან არ ელოდება. ის, რომ შეხვედრაზე ცხინვალის ხელისუფლების სახელით საეჭვო რეპუტაციის და მესამეხარისხოვანი ფიგურა გაიგზავნა, მიანიშნებს, რომ მოსკოვისა და ქაბულის ურთიერთობებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი აქტუალურად არ დგას. თალიბანს საერთაშორისო აღიარება სჭირდება და არა მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, თალიბანის მიმართ დასავლეთის შემდგომ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული აღიარების საკითხის უფრო აქტიური განხილვა“.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის მოადგილე, აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც ცხინვალის რუსი წარმომადგენელი შეხვდა, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და რადიკალური დაჯგუფების პოლიტიკური ოფისის ყოფილი ხელმძღვანელია. ის ახალ თანამდებობაზე სექტემბრის დასაწყისში დაასახელეს. გასულ კვირას გავრცელდა ცნობები თალიბების მთავრობაში შიდა დაპირისპირებისას ბარადარის მკვლელობის შესახებ, რომელიც თალიბანმა სწრაფად უარყო.

ასევე ნახეთ ვინ არის მოლა ბარადარი - ყველაზე ცნობილი თალიბი?