ვინ არის “გრუზინი” - ჯარისკაცი, რომელიც კახოვკის კაშხლის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი?

არსენ ფიცხელაური, კოდური სახელით "გრუზინი". კახოვკის კაშხლის დანგრევისას, სავარაუდოდ, ჰესის ტერიტორიაზე იმყოფებოდა

რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა ამოიცნო ოთხი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც 6 ივნისს, კახოვკის კაშხლის დანგრევისას იქვე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთს არსენ ფიცხელაური ჰქვია.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ახლა ეკოლოგიური კატასტროფის ადგილია. ის უკრაინის აღმოსავლეთით, ხერსონის ოლქში, ქალაქ ნოვა-კახოვკიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის დღიდან, ჰესს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ნოვა-კახოვკის კაშხალი 6 ივნისს

ყველაფერი შეიცვალა 6 ივნისს, ღამით, როდესაც სადგურზე მდებარე კაშხალი ჩამოიშალა. ამ დროს, ჰესის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს რაციით ელაპარაკებოდნენ:

- რა ვითარებაა? ეს ერთი. მერე მეორე, მოემზადეთ ბრძანებისთვის. როგორ გესმით?

- აქ უკვე მორჩა ყველაფერი. წამოვიდა.

- მიღებულია, იმოძრავეთ იქ, წერტილზე, წერტილზე. ყველაფერი წაიღეთ.

- ვეღარაფერს წამოვიღებთ.

- განგაში. აქ მორჩა ყველაფერი, უკან დახევის წერტილი აღარ არის. წყალი სავსეა.

ამ საუბრის ჩანაწერი რადიო თავისუფლებას 28 ივნისს მიაწოდა წყარომ უკრაინული ჯარიდან. ის ჩაწერილია ღამის 2:18-დან 2:34 საათამდე. ანუ სწორედ მაშინ, როდესაც ქალაქ ნოვა-კახოვკის მოსახლეობამ აფეთქების ხმა გაიგონა.

ეს ჯარისკაცები იყვნენ რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადიდან. კაშხლის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე, კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა მათზე ვიდეოსიუჟეტი გამოაქვეყნა. ჯარისკაცები ტრაბახობენ, რომ ჰესზე ხელსაყრელი საბრძოლო პოზიციები უკავიათ.

პროკრემლისტური მედიის ამ და სხვა ვიდეოების დახმარებით, რადიო თავისუფლებამ და უკრაინულმა გამოცემა “სლიდსტვო. ინფომ” ოთხი მათგანის ვინაობა დაადგინა. ესენი არიან: ბრიგადის მეთაური რომან ტიტოვი, საინჟინრო ბატალიონის სერჟანტი რუსლან მაგომედოვი, მაიორი დენის მიშჩენკო და არსენ ფიცხელაური, კოდური სიტყვით “გრუზინი“.

რა ვიცით “გრუზინზე”?

დაიბადა 1988 წელს. უკრაინული ორგანიზაცია “მიროტვორეცი”, რომელიც აღრიცხავს უკრაინაში შეჭრილი რუს სამხედროებს, წერს, რომ ფიცხელაური სტავროპოლის ოლქის სოფელ ნიჟნაია ალექსანდროვკადანაა.

სოციალურ ქსელ “ვკონტაკტეში” უწერია, რომ 2008-2009 წლებში მსახურობდა იმავე ოლქში, ქალაქ მინერალნიე ვოდიში. მისი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, არსენ ფიცხელაური მონაწილეობდა ხერსონის ოლქის ოკუპაციაშიც. რამდენიმე ფოტოში, სავარაუდოდ, კახოვკის ჰესის ტერიტორიაზეა. მკერდზე გაკრული აქვს თავისი კოდური სახელი.

ბოლო პოსტი გამოაქვეყნა 2 ივნისს. მასში წერს, რომ უკრაინაში “ჩვეულებრივ ხალხს ფაშისტი მხეცებისგან” იცავს და აგროვებს ფულს, რათა მისმა ბატალიონმა ციფრული რაციები იყიდოს. უკრაინაში ომის დაწყებამდე ძირითადად აქვეყნებდა სამხედრო და რელიგიური შინაარსის პოსტებს.

ფიცხელაურის ნაცნობების ინფორმაციით, ის კვლავ ქალაქ ნოვა- კახოვკაშია, თუმცა კაშხლის განადგურების შემდეგ, რუსეთში ჯილდოს მისაღებად იყო ჩასული.

კაშხლის დანგრევას უკრაინა აფასებს უმძიმეს დარტყმად თავის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, დნიპროში წყლის დაბინძურების დონე ნორმას 28 ათასჯერ აჭარბებს. დატბორილია დაახლოებით 50 ათასი ჰექტარი ტყის ტერიტორია. მისი, სულ ცოტა, ნახევარი, განადგურდება.

ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. რამდენი დაიღუპა, უცნობია. თუმცა მხოლოდ ივნისის ბოლო დღეებში, დატბორილ ტერიტორიაზე 60-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.

ააფეთქეს თუ დაინგრა?

კიევი კაშხლის აფეთქებაში კრემლს ადანაშაულებს. კრემლი - კიევს. ამასობაში, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ კახოვკის ჰესზე კაშხალი აფეთქებამ დაანგრია და არა ძველმა დაზიანებებმა.

9 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, მათი მტკიცებით, ორი რუსი ჯარისკაცი ერთმანეთს ელაპარაკება. საუბრიდან ირკვევა, რომ რუსეთი აპირებდა უკრაინის დაშანტაჟებას ჰესის აფეთქებით და კაშხალზე სადივერსიო ჯგუფიც გააგზავნა.

“ისინი [უკრაინელები] არ დაჯახებიან [კაშხალს]. ჩვენი სადივერსიო ჯგუფი იყო. მათი დაშინება უნდოდათ ამ კაშხლით. ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდნენ, იმაზე გაცილებით მეტი [აფეთქდა]”, - ამბობს ჩანაწერში ხმა რუსულად.

იმავე დღეს, ნორვეგიის სეისმოლოგიურმა ინსტიტუტმა დაწერა, რომ 6 ივნისს, ღამით კახოვკის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებით გამოწვეული ბიძგები დააფიქსირეს. აფეთქება შეამჩნიეს აშშ-ის ჯაშუშურმა სატელიტებმაც, - უთხრა გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსს” წყარომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადამინისტრაციაში.

16 ივნისს გამოცემამ გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება, რომელშიც ამტკიცებს, რომ კაშხალს თითქმის ვერანაირი გარე შეტევა ვერ დაანგრევდა და ის შიგნიდან ააფეთქეს.

ჰესის ჩამოშლას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს.