ვინ არიან და რა სურთ განრისხებულ ქალებს 8 მარტის აქციიდან

"ვინ ვართ ჩვენ? საქართველოს ქალები", "რა გვინდა ჩვენ? საქართველო - ევროპაში", - ისმოდა ქალების შეძახილები 8 მარტის აქციაზე ლოზუნგით "არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს". მაგრამ ქალები მეტს მოითხოვენ: მოითხოვენ სახელმწიფომ აღიაროს ქალთა სიღარიბე, აღიაროს უხილავი შრომა, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა; მოითხოვენ ალიმენტის სისტემას, რომელიც ბავშვების ინტერესს დაიცავს, მოითხოვენ ღირსეულ ცხოვრებას შშმ ქალებისთვის, მოითხოვენ გოგოებისა და ქალებისთვის განათლებასა და პროფესიულ განვითარებას - მანიფესტში, რომელიც ქალთა მოძრაობამ ოთხ ენაზე გამოაქვეყნა.

ქალების საპროტესტო მსვლელობა დღეს, 8 მარტს, თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან, ხმაურიანი აქციით დასრულდა. იქ, სადაც გუშინ “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის საპროტესტო აქცია სპეცსამსახურმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, დღეს ქალები ოთხი საათის განმავლობაში, ტრიბუნიდან შეუჩერებლად აპროტესტებდნენ როგორც გუშინდელ დარბევას, ისე “რუსულ კანონსა” და ყველა იმ უფლებრივ შეზღუდვას, რაც საქართველოში აწუხებთ.

"ამ დღეს სულ სხვა მარტი გვინდოდა, ქალების პრობლემებზე უნდა გვესაუბრა, - ამბობს იდა ბახტურიძე, ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ თანადირექტორი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, - მაგალითად - გაუპატიურების პრობლემურ მუხლზე, ქალების ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგრამ მოღალატე ხელისუფლებამ ჩვენი მომავლის დაკარგვის წინაშე დაგვაყენა. მათ თავზე გადაგვახიეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. მათ უარი გვითხრეს ჩვენს არჩევანზე, რომელიც არის ევროკავშირში გაწევრიანება“.

რადიო თავისუფლება აქციაზე ქალებს ესაუბრა, - რატომ გამოვიდნენ მარშზე და როგორი მომავლისთვის იდგნენ დღეს, - პენსიონერებსა და თინეიჯერებს, სტუდენტებს, ქალებს, რომლებმაც წუხელ ღამე პარლამენტის წინ გაათენეს.

რუსა ბართიშვილი, 32 წლის

"ვარ ქალი, ვდგავარ პარლამენტის წინ, და სრულიად ვიაზრებ ჩემს უფლებებს, რომელიც შესაძლოა დამეკარგოს. ვარ მარტოხელა დედა, და ჩემი ხმა მინდა, რომ გაიგონოს სამყარომ, ამ ხელისუფლებამ, და ჩემი შვილი არ მინდა გუბერნიაში ცხოვრობდეს. მე, ქალი, რუსა ბართიშვილი, ვფიქრობ, რომ აქ სიტყვას ვამბობ. ძალიან გაბრაზებული ვარ. აი, განრისხებული ვარ, იმიტომ რომ არ მინდა ვიბრძოდე იმისთვის, რომ მომისმინონ. ძალაუფლება ქალებს!"

სალომე ძველაია, 33 წლის

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოში შეზღუდული მაქვს თავისუფლება და ყოველთვის ვცდილობ, რომ პირდაპირ დავაფიქსირო ჩემი სათქმელი, მაგრამ რადგან ქალი ვარ, მეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. არ მინდა, რომ ჩემი აზრის დაფიქსირების პრობლემა მქონდეს ოდესმე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. გუშინ აქ რომ ვიყავი და მოვიწამლე გაზით, გადასხმა დამჭირდა, ვტიროდი, ბოღმა მახრჩობდა, არეული იყო ჩემში ემოციები. დედაჩემიც აქ იდგა გუშინ, ბავშვობიდან მეც აქ ვდგავარ. დედაჩემს იგივე ემოცია ჰქონდა, რაც 9 აპრილს, თან მაშინ ძლივს გადარჩა, თან ჩემზე იყო ორსულად და ხანდახან მეხუმრება, რომ ჩანასახიდან ჩამინერგა - ვიდგე და ვაპროტესტო. ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რაც გუშინ მოხდა, ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ რომ დიდი იმედი მაქვს მომავლის. მე აქ ვრჩები, რომ ვიბრძოლო".

მაშო შუბითიძე, 16 წლის

"გუშინ რომ ვნახე მოვლენები, დედაჩემმა მითხრა, რომ 9 აპრილს იგივე ხდებოდა. გადავწყვიტე მოვსულიყავი, თან მეშინოდა, რომ ჩემივე სახელმწიფო რაღაცას დამიშავებს, მაგრამ საბოლოოდ გამოვიპარე, რომ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. ლაივში მიყურებდა დედა და იმედია, ამაყობს ჩემით. როგორც 16 წლის ბავშვი, უკვე აქედანვე ვხვდები, რომ პრობლემები გვაქვს და ვაპროტესტებ, გამოსვლისაც არ შემშინებია და ამაყი ვარ, რომ ჩემს სამშობლოს გარუსებისგან ვიცავ".

ვერა გელაშვილი, 76 წლის

"ხანდაზმული გახლავართ. ჩემი წამლის ერთი ამპულა 270 ლარი ღირს და ჩემი პენსია მაგაზე მიდის. საშინელი სიძვირეა. როცა იმაზე გწყდება გული, რომ ტკბილეულს ვერ ყიდულობ. დაუცველობა - ჩვენი მთავრობა ხომ ჩვენზე არ ზრუნავს. ამ ხნის ადამიანი ვარ და ასეთი დამცირებული, ნამუსაყრილი, შეურაცხყოფილი არცერთი მთავრობის დროს არ ვყოფილვარ, პირდაპირ გვაფურთხებენ და გვეუბნებიან, რომ ვართ არარაობა, ჭია-ღუა, რომელიც უნდა გასრისონ. თეთრზე მეუბნება, რომ შავია და მე თავი უნდა დავუქნიო? არა, მე არ დავუქნევ თავს. გაბრაზებული ვარ, ყველანი ვართ. არა და არა რუსულ კანონს!"

ნატალი ფაღავა, 19 წლის

"უდიდესი აგრესიით ვარ დღეს, ოღონდ თან ყველაზე კარგი ფორმით, რაც შეიძლება, აი, თითქოს დიდი ხნის დაგროვილი რაღაც რომ გაქვს - ქალობის, კაცების, ქვეყნის მიმართ, ყველანაირი უსამართლობა რაც ხდება, მაგის მიმართ, და უცბათ რომ ძალიან ბევრ ადამიანს პოულობ, ვინც შენთან ერთად დგას, გაძლიერებს. მე მგონი, ჩვენ, ქალები არ ვაფასებთ იმ ძალას, რაც შიგნით გვაქვს. ჩვენ მას ვაიგნორებთ და ვარეპრესირებთ, რომ არ ვიყოთ ვიღაცისთვის შემაწუხებელი, ხმამაღალი, ზედმეტი. სიჩუმე ქმნის პრობლემებს და მე ვფიქრობ, რომ მთავარია ხმის პოვნა. სხვა გზა არ არის. დღეს ძალიან გაძლიერებულად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, აქციების აზრიც ეგაა. რვა მარტი ასეთი უნდა იყოს - ოღონდ არა იმ პრობლემებით, რაც ახლა გვაქვს. ჩემი ოცნებაა, როცა გავიზრდები და შვილი მეყოლება, აღვნიშნოთ ჩვენი სიძლიერის დღე. ეს ძალიან სპონტანურად მივაწერე და პასუხია განცხადებაზე, რომ ქალები პროვოკაციას ვიწყებთ".

ტასო ჯაფარიძე, 39 წლის

"მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მატრიარქატის დროა. ეს ომები და ძალადობა არის პატრიარქატის დამსახურება. ჯერ არ არის ეს რვა მარტი ჩემთვის განსაკუთრებული - წრეზე დავდივართ. ეს რომ შეიცვალოს, ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ. ევროპაში მეტადაა ქალების უფლებები დაცული. ქალების აქტიურობა ჩანს დღეს და კარგია".

ოლია მილორავა, 42 წლის

"მე ვარ დევნილი და აქ მოვედი, რომ გავაპროტესტო რუსული კანონი. სხდომის დროს ჩვენ ვნახეთ, რამდენად მტკიცედ იდგნენ ქალები - მტკიცედ და ერთად, მათი გამოსვლები ძალიან მომეწონა. ქალები ძალადობისგან უნდა ვიყოთ დაცულები, ეს შემთხვევები არის საქართველოში. ასევე შრომითი უფლებები - ყველაფერს ამას სჭირდება კანონები, ჩვენ კიდევ ისეთ კანონებს ვიღებთ, რომელიც მაგას გვაშორებს. ვხედავ საფრთხეს, რომელსაც ახლა თუ დავამარცხებთ, უფრო მარტივად შევძლებთ ჩვენი უფლებების დაცვას".

ანო დათიაშვილი 18 წლის

"ასეთი მასშტაბის პროტესტი მე რვა მარტს არ მახსოვს. ეს მარტი თითქოს 9 აპრილს დაუკავშირდა, იმ ქალზე რომ ვფიქრობ, გუშინ დროშას რომ იქნევდა ქუჩაში, აი, ეგ დავუკავშირე 9 აპრილს და ქალებს მგონი ამ პროტესტში განსაკუთრებული როლი აქვთ. გუშინ გაბრაზებული ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როცა გავიღვიძე, ვერ შევეგუე, რომ ეს იყო რეალობა. ეს დედის დღე და ქალთა დღე და ეგენი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, იმ მახინჯი ტრადიციების გამო, რაც მაგას მოჰყვება. რვა მარტი რატომღაც იმით შემოიფარგლება, რომ ქალებს უნდა ვაჩუქოთ ყვავილები და მორჩა, და რეალურად კი დავინახე ყვავილები, მაგრამ ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს, რომ ეს იყოს არა ლამაზი ყვავილების დღე, არამედ ჩვენი ხილვადობის და ცნობიერების ამაღლების დღე".

მარიამ მუზაშვილი, 18 წლის

"ახლა ისტორიაში იწერება ისეთი რამ, რაც დასავიწყებელი არაა - თავისუფლებისთვის ბრძოლა. აქ ნახევარზე მეტი ქალია გამოსული. ჩემი აზრით, თავისუფლებისთვის აი, ეს ბრძოლა და ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ერთმანეთზე გადაეჯაჭვა ამ დღეს".

ცისანა დიასამიძე, 35 წლის

"იცი, რა მინდა? მინდა, რომ ჩვენი პარლამენტარების შვილები, თუ ასეთი კარგია აქ, ჩამოვიდნენ ევროპიდან. მინდა, რომ იარონ ამ ქუჩებში, ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, 700 ლარი იმყოფინონ თვეში, იმუშაონ ისე, როგორც ვმუშაობთ ჩვენ და ვნახოთ, რას იტყვიან მაშინ".