მეორე კვირაა ტრანსკავკასიური მაგისტრალი უხვი ნალექისა და ზვავის გამო ჩაკეტილია. ცხინვალში ამას საგზაო ბლოკადას უწოდებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის მედიის ცნობით, ყოველდღიურად ცარიელდება მაღაზიები, განსაკუთრებით რძისა და მალფუჭებადი პროდუქტების დეფიციტი შეინიშნება. თავდება პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები, ხორცის ნახევარფაბრიკატები, ჩვილ ბავშვთა საკვები. პურის დეფიციტი ჯერ არ შეინიშნება, რადგან ადგილობრივ პურ-პროდუქტების საწარმოებს ფქვილის მარაგი ჯერ აქვთ.
ცხინვალში პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთიდან შედის, საგზაო ბლოკადის გამო კი პროდუქტების დეფიციტი ყოველდღიურად თვალში საცემი ხდება. გარდა ამისა, 11 იანვრის შემდეგ ჩაკეტილია ახალგორის შესასვლელი. იგეგმებოდა, რომ გასულ შაბათს, 19 იანვარს, გზას ერთი დღით სტუდენტებისა და საბიუჯეტო სამსახურებში მომუშავეებისთვის გახსნიდნენ, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. ახალგორის გავლით პროდუქციის ნაწილი თბილისიდან ცხინვალის სავაჭრო ქსელშიც ხვდებოდა, მაგრამ ეს გზაც უკვე დიდი ხანია ჩაკეტილია. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბის მცხოვრებლები ბლოკადის შედეგებს ჯერ ვერ გრძნობენ, რადგან ახალი წლის წინა დღეებში მაღაზიებმა მარაგი შეივსეს. ოჯახებიც მომზადებულები იყვნენ. დაბაში მოქმედ ერთ აფთიაქშიც მედიკამენტების დეფიციტი არ შეინიშნება, რადგან სავადმყოფოც გასცემს წამლებს.
აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში.ქეთევან ციხელაშვილი
22 იანვარს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული აქციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალელებს ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს.
ელისაშვილის განცხადების შემდეგ, იმავე თემას გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. გადაადგილების შეზღუდვის დღიდან პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს. იგი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას გადახედოს გადაწყვეტილებას და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად დროულად გახსნას ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი:
„აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც ტრანსკამით გადაადგილება დაკეტილი გახლავთ დიდთოვლობის გამო. მოსახლეობას აქვს რეალური პრობლემა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის ბავშვის საკვებზე წვდომის. ეს, მართლაც, საგანგაშოა“.
ცხინვალმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი „ღორის გრიპის“ გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტა.
ახალგორიდან ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვირუსული ინფექციების მქონე ბავშვებს თბილისისკენ არ ატარებდნენ. ორი ბავშვი დაბიდან ცხინვალის საავადმყოფოში მოხვდა და მათ შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ტელევიზიამ რეპორტაჟიც მოამზადა. ცხინვალში ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, რომ H1N1-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ცნობილია, რომ გრიპზე ლაბორატორიულ კვლევას დე ფაქტო რესპუბლიკაში არ ატარებენ. ახალგორის გადასასვლელი ბოლო დღეებში მხოლოდ ორჯერ გაიხსნა, როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს ქირურგიული ჩარევა და თბილისის კლინიკებში მკურნალობა ესაჭიროებოდათ. ეს პუნქტი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს იხსნება ხოლმე. 20-მდე ქართველი სტუდენტი კი დაბიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.
ციხელაშვილისა და ელისაშვილის ინიციატივას ცხინვალიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დასასვენებლად წავიდა. ისე, ცხინვალელებს უკვირთ, ჩაკეტილი გზის პირობებში ბიბილოვი როგორ ახერხებს რუსეთის ფედერაციაში გადასვლას.