ახალგორის სამშობიარო სახლში, სადაც ამჟამად საკარანტინე ზონაა მოწყობილი, ორი მოქალაქე იმყოფება დაკვირვების ქვეშ. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, როკის გვირაბთან ერთი კვირით მთლიანად ჩაიკეტა ე. წ. საზღვარი. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახლა ყველაზე მეტად ვლადიკავკაზში გამოვლენილი ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აშფოთებთ. იქ უკვე 12 დაინფიცირებულია გამოვლენილი, აქედან 6 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამ ცნობას ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
რაც შეეხება ახალგორის რაიონს, უკვე დიდი ხანია, დაბა და მიმდებარე სოფლები ისედაც მოწყვეტილია გარესამყაროს. გასული წლის სექტემბრის შემდეგ ე. წ. გამშვები პუნქტი პენსიონრებისთვის მხოლოდ ერთხელ გაიხსნა და გადაუდებელი ავადმყოფებიც გადმოჰყავდათ ხოლმე, თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ ეს გზა მძიმე ავადმყოფებისთვისაც ჩაიკეტა. ახალგორის მაღაზიებში პროდუქტების ნაკლებობა არ შეინიშნება, მაგრამ დაბის აფთიაქში, დიდი ხანია, აღარც პირბადეებია, აღარც ხელთათმანები და არც სამედიცინო სპირტი. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, ამბობს, რომ დაბის საავადმყოფოს მედპერსონალიც არ არის სათანადოდ აღჭურვილი და მთელ რაიონში მხოლოდ ერთი ფილტვის სავენტილაციო აპარატია.
თამარ მეარაყიშვილის თქმით, ახალგორში დიდად არც ჰიგიენურ-სანიტარიული პირობების დაცვაზე ზრუნავენ, მოსახლეობას კი ახალი დაავადების შესახებ ინფორმაციას ექიმების ნაცვლად მილიციელები აწვდიან. თამარ მეარაყიშვილს არ სჯერა, რომ ოკუპირებულ რეგიონში მოქალაქეების დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას ბიბილოვის ხელისუფლება გზას გახსნის და ადგილობრივ მოქალაქეებს საქართველოს კლინიკებში სამკურნალოდ წასვლის უფლებას მისცემს. მეარაყიშვილის აზრით, რეგიონში ვითარება საგანგაშოა და საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ, მიუხედავად ე. წ. საზღვრის ჩაკეტვისა, სოფელ ოძისთან საველე ჰოსპიტალი მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება.
საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული რეგიონების მთავრობას არაერთხელ შესთავაზა დახმარება, მაგრამ, აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალისგან პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო.
„ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია, შეთავაზებებს არ იზიარებს“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
ასევე ნახეთ რთული ვითარება ახალგორში„ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია, და ამაზე ვმუშაობთ კიდეც ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც, ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში, გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“, - აცხადებს ციხელაშვილი.
ადგილობრივ მოსახლეობას ოდნავი დამშვიდების საფუძველს ის ფაქტი აძლევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ე. წ. საზღვარი სრულად ჩაიკეტა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებზე მყოფი პირებიც გარკვეული დროის განმავლობაში არ იმგზავრებენ რუსეთის ფედერაციისკენ და უკან. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზისა და რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელებთან. რუსეთის ფედერაციასთან ე. წ. საზღვარი 12 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი.