ვიდეო, რომელშიც ვიტალი მოკლეს

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომებს შორის, ეს, ალბათ, ყველაზე მძიმედ სანახავი და მოსასმენი პროცესი იყო - მოსამართლე შორენა გუნცაძეს და დამსწრე საზოგადოებას, მკვლელობის ადგილზე (და შემდგომ) ამოღებული ნივთმტკიცებულებების (სისხლიანი ტანსაცმელი, ხელსახოცები, დანა და ა.შ.) გარდა ის ვიდეომასალა წარუდგინეს, რომელშიც ვიტალის კლავენ.

2018 წლის 30 სექტემბრის გვიან ღამით დაწყებული კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ბარ „ვარშავის“, კაფე „საბვეისა“ და სასტუმრო „ლე კავკაზის“ ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

ვიტალის მშობლებმა, მარინა ალანაკიანმა და ლერი საფაროვმა, 17 ივნისს ხელახლა ნახეს როგორ მოკლეს მათი შვილი. ამ კადრებს უყურებდნენ საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე. მათი მშობლები და ახლობლებიც.

მკვლელობის ვიდეოქრონიკა

კამერა #1: განათებულ ადგილებში, სადაც კამერები აყენია, ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. ვიდეო, რაც სასამართლოზე აჩვენეს, ბარ „ვარშავის“ კამერის მიერ გადაღებული მასალით იწყება.

30 სექტემბერი, 2018 წელი, 04.03 წუთი.

კადრში ჩანს ვარშავის ბანგლადეშელი ბარმენი. მოდის ვიტალი საფაროვი - ერთმანეთს ესალმებიან. ლაპარაკობენ. ბარის წინ სხვა ახალგაზრდებიც არიან, ზოგი მიდის, ზოგი დგას, ის ხდება, რაც ამ დროს ბარის წინ შეიძლება ხდებოდეს. იქ არის ირაკლი ბელთაძე (მოწმე) თავის რუს მეგობარ გოგონებთან ერთად.

ცოტა ხანში კამერა აფიქსირებს გიორგი სოხაძეს, ავთანდილ კანდელაკიშვილს და ნიკოლოზ შანავას. სოხაძეს შავი ქუდი ახურავს, თეთრი წარწერით, კანდელაკიშვილს შავი კაპიუშონი აქვს წამოფარებული. ვიდეოში მოჩანს სოხაძის ხელი, რომლის ორ თითზეც, სავარაუდოდ, კასტეტი უკეთია.

სოხაძესთან რამდენჯერმე მიდის ბელთაძე. ლაპარაკობენ. საფაროვიც იქვეა. ლაპარაკი დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. მერე კადრიდან გადიან კანდელაკიშვილი, სოხაძე და შანავა. მათ მიჰყვება ოთარ გელაშვილი (ვიტალის მეგობარი, მოწმე), შემდეგ ვიტალიც.

ვიდეოში არ ისმის რუსი გოგონების რეაქცია, როდესაც ბიჭები ტერიტორიას ტოვებენ - მათ შორის, მათთან ერთად „ვარშავასთან“ მისული ბელთაძეც.

ბარი "ვარშავა" - კონფლიქტის დაწყების ადგილი

​კამერა #2: კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს დიუმას ქუჩისკენ ჩასასვლელი ტერასა და კიბეები. ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს, როგორ ჩადიან ქუჩის მოფარებულ ადგილას კანდელაკიშვილი, შანავა, სოხაძე, გელაშვილი, ბელთაძე, მორჩილაძე და საფაროვი. ასევე ბელთაძის ნაცნობი მაღალი ბიჭი, რომელიც რაღაც დროის შემდეგ უკან ბრუნდება.

ყველაზე დაძაბული სწორედ ის 17 წუთია, სადაც სიბნელეში სილუეტები ლაპარაკობენ. ვიდეოში ბუნდოვნად ჩანს, როგორ მოძრაობენ ისინი. მოულოდნელად მოძრაობა ჩქარდება და შესამჩნევია, რომ საუბრის რეჟიმი იცვლება.

შემდეგ ჩანს, როგორც ამორბის ჯერ ერთი ადამიანი, მერე მეორე, ტელეფონზე რეკავენ - სავარაუდოდ, 112-ში. ბელთაძე გამორბის და მერე სირბილით უკან ბრუნდება - ხელში თეთრი ხელსახოცები უჭირავს.

მერე მოდის პოლიცია. ხუთი წუთის შემდეგ სასწრაფოც. მერე ჩანს როგორ მოჰყავთ ვიტალი საკაცით, კიბეებზე ის საკაციდან უცურდებათ. ისევ აწვენენ და გზას აგრძელებენ სასწრაფო დახმარების მანქანისკენ.

დიუმას ქუჩა - მკვლელობის ადგილი

კამერა #3: და სულ ბოლო, ყველაზე მოკლე კადრი, რაც სასტუმრო „ლე კავკაზის“ ვიდეოკამერამ გადაიღო ასეთია - დიუმას ქუჩაზე სამი ადამიანი გამორბის. როგორც პროკურორმა თქვა, პირველი არის ავთანდილ კანდელაკიშვილი, მარჯვენა ხელში დანით. მის უკან გიორგი სოხაძე და ნიკოლოზ შანავა.

17 ივნისის სხდომაზე ბრალდების მხარემ წერილობითი და ნივთმტკიცებულებებიც წარადგინა და ამით დაასრულა მტკიცებულებათა ნაწილის წარმოდგენა.

ბრალდება VS დაცვის მხარე

როგორ ხსნიან ვიდეომასალას დაცვის და ბრალდების მხარეები?

ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის განცხადებით, დაცვისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიდეომასალების თანახმად, ვიტალი საფაროვი არ არის კონფლიქტში ჩართული და ის მხოლოდ მოგვიანებით მიდის ბრალდებულებთან და საუბარში ერთვება.

„ბრალდების მხარე დღემდე აცხადებს, რომ ამ ამბის მთავარი მონაწილე იყო ვიტალი, რომელიც ეროვნულ თემატიკაზე გარკვეულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ეს კონფლიქტი დაწყებულია სულ სხვა პირების მიერ, მათ შორის, ვიტალის მეგობრების მიერ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ვიდეოში ვნახეთ, არის ის, რომ ვიტალი საკაციდან ვარდება, რასაც შესაძლოა, ძალიან დიდი ტრავმა გამოეწვია და ეს ტრავმა სიცოცხლის ფასიც შეიძლება გამხდარიყო“.

ბეგიაშვილი ეჭვობს, ეს რომ ეღიარებინათ, ცალკეული პირებს, მათ შორის, ექიმებსაც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათო. დაცვის მხარე ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტორს, რომ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჩხუბში მონაწილეობს ყველა. მათ შორის, ზურაბ მორჩილაძეც, რომელსაც, ადვოკატის სიტყვებით, ქურთუკი აქვს შემოგლეჯილი და რომელსაც, ამ ამბის შემდეგ ტვინის შერყევა ჰქონდა. თუმცა კი, თავად მორჩილაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ტრავმა ბაზაზე მიიღო „თავი რაღაცას მიარტყა“.

ზურაბ ბეგიაშვილს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კანდელაკიშვილი უდანაშაულოა - რატომ გარბის ის სოხაძესა და შანავასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან? და მეტიც, როგორც პროკურორი აცხადებს, მას მარჯვენა ხელში ის დანა უჭირავს, რომელიც დღეს საქმეში დევს, როგორც ნივთმტკიცება?

ამაზე ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა ასე გვიპასუხა:

„ორმხრივი დაპირისპირების დროს არ შეიძლება ვთქვათ, რომ მჭრელი საგანი მხოლოდ ერთ მხარეს ეჭირა. ვიტალის აქვს ზურგიდან მიყენებული უმძიმესი ჭრილობებიც. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბასრი საგნები ჰქონდათ კონფლიქტის გამაღვივებელ მხარესაც (ოღონდ არა ვიტალი საფაროვს, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო და სავარაუდოდ, სურდა გაერკვია რა ხდებოდა) და შესაძლოა, მათ დაჩეხეს საკუთარი მეგობარი. მისი მიტოვება კი მათი მხრიდან დიდი დანაშაული იქნებოდა. სწორედ ამან გამოწვია, რომ ესენი გარბიან - და ეს არ ნიშნავს, რომ გარბიან იმიტომ, რომ ვიღაც მიატოვონ, არამედ იმიტომ, რომ თავი გადაირჩინონ. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ კანდელაკიშვილი დაზიანებული იყო. ასევე მორჩილაძეც. ასე, რომ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ“.

Your browser doesn’t support HTML5

ზურაბ ბეგიაშვილი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე

ის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაცვისთვის, მკაფიო პასუხია ბრალდებისთვის საფაროვის მკვლელობის საქმეში დასმულ მთავარ კითხვაზე.

„ჩვენ დავინახეთ, ვიტალი, მისი მეგობრები და ბრალდებულები როგორ საუბრობენ. როგორ გადიან „ვარშავიდან“ „საბვეისკენ“, ჩადიან დიუმას ქუჩაზე და შემდეგ როგორ გარბიან ბრალდებულები დიუმას ქუჩით. ვიდეოში ასევე ჩანს როგორ უჭირავს კანდელაკიშვილს მარჯვენა ხელში დანა, რომელიც შემდეგ იქვე ახლოს, მშენებარე სახლის ჟოლობში დამალეს და ნიკოლოზ შანავას მითითების საფუძველზე გამოძიებამ ამოიღო. მართალია, მასალაში არ ჩანს დანის დარტყმის მომენტი, მაგრამ მოწმეთ ჩვენებები დინამიკაში მოდის იქ მომხდარ ამბავთან“, - გვითხრა სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ჩხეიძე ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე

პროკურორის შეფასებით, აბსურდულია დაცვის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, ვიტალი საფაროვის სიცოცხლეს საფრთხე საკაციდან „საბვეის“ ხის კიბეებზე გადმოვარდნის გამო მიეღო, რადგან მას ამ დროისათვის 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მისი სიკვდილის მკაფიო მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა.

ხოლო კითხვაზე, თუ საფაროვს კანდელაკიშვილი წინიდან ურტყამდა, ვინ მიაყენა ჭრილობები ცივი იარაღით ზურგიდან, ჩხეიძე პასუხობს, რომ საფაროვი ჩხუბის დროს გაშეშებული ვერ იდგებოდა - ის მოძრაობდა, რის დროსაც დანა უკანა მხრიდანაც მოხვდა.

იმავეს ყვებოდა სასამართლოზე ვიტალის მეგობარი ოთარ გელაშვილიც - მან ფიზიკურად განასახიერა კიდეც, როგორც იხრებოდა ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ ვიტალი, რომ როგორმე დანის დარტყმები აერიდებინა.

რატომ ვიტალი?

დაცვის მხარე კატეგორიულია იმაში, რომ ეს მკვლელობა არ მომხდარა ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით - სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით. და რომ ბრალდებულებს არანაირი კავშირი არა აქვთ ე.წ. ნეოფაშისტურ თუ ნეონაცისტურ დაჯგუფებებთან და მათ იდეოლოგიასთან (რის საპირისპირო ჩვენებაც მისცა არაერთმა მოწმემ, მათ შორის, რამდენიმე ბარმენმა, რომლებიც იცნობდნენ სოხაძეს და კანდელაკიშვილს და აცხადებდნენ, რომ ისინი უცხოელებისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ).

მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ვიტალი საფაროვის მეგობარი, ოთარ გელაშვილი სასამართლოზე იმასაც კი აცხადებდა, თუ ამ ჩხუბში ვინმე უნდა მოეკლათ, „ეს მე და ბელთაძე უნდა ვყოფილიყავითო“.

არც მეორე მოწმეს, ირაკლი ბელთაძეს უარყვია, რომ პირველად სწორედ ის მივიდა სოხაძესთან და მის მეგობრებთან, თან რამდენჯერმე - საქართველოსა და ქართველობაზე ლაპარაკის მოტივით - პირველად უსიამოვნო ვითარება სწორედ მაშინ შეიქმნა.

ბელთაძემ თავის დროზე ეს სასამართლოს იმით აუხსნა, რომ სოხაძეს, კანდელაკიშვილსა და შანავას, ბელთაძის თანმხლები გოგონების რუსულად საუბრის გამო გაღიზიანება შეატყო.

მოკლედ, მთელ ამ ამბავში - დაწყებული ბელთაძის სოხაძესთან მისვლიდან - ბოლომდე, რაც კი ვიდეოჩანაწერებში იკვეთება, არსად ჩანს კონფლიქტი ვიტალისა და ბრალდებულებს შორის.

არადა, ამ ჩხუბს, სწორედ ვიტალი შეეწირა.

მთავარი კითხვაც, რომელიც ჩნდება მოწმეების ჩვენებების თანმიმდევრულად მოსმენის შემდეგ, ეს არის - რატომ მოკლეს მაინც და მაინც ვიტალი საფაროვი?

იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს სიყვარულზე, ქართველობასა და მსგავს თემებზე დაწყებული გარჩევისას, რომელიც ბოლოს ჩხუბით დასრულდა, ვიტალიმ თქვა, რომ ებრაელი იყო?

ბრალდების მოწმეები ამ მოტივზე მიანიშნებენ.

დაცვა კი უკვე მერამდენე პროცესია იმეორებს, რომ მოწმეებს პირველ ჩვენებებში ეს მოტივი არსად უხსენებიათ და რომ სასამართლოზე მათ ჩვენებები შეცვალეს.

ვიტალის მკვლელობის წუთები - 4 მოწმის მონათხრობი

ზურაბ მორჩილაძის ვერსია:

„საფაროვი გაქცევას ცდილობდა, მაგრამ იმავე მომენტში მას ზურგიდან მივარდა სოხაძე, დაიჭირა და ზურგიდან თავში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაუწყო მუშტის რტყმა. ისიც ყვიროდა, მოკალი, ამის ებრაელი დედაო... ეს ისე სწრაფად მოხდა, რეაგირება ვერ მოვასწარი. სოხაძე, შანავა და კანდელაკიშვილი გაიქცნენ. ჩვენ კი ვიტალის მივვარდით. ხელში მისი თავი მეჭირა. სისხლი მოსდიოდა. კონტაქტზე აღარ გამოდიოდა“...

ირაკლი ბელთაძის ვერსია:

„კიბეებთან გელაშვილი შანავას ელაპარაკებოდა. იქვე იდგა ვიტალი, სოხაძე, და მე შუაში. შანავა და გელაშვილი კამათობდნენ. ვიტალი საფაროვი ეუბნებოდა, რატომ კამათობთ ბიჭო, საქართველოზე, მე ებრაელი ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ეთნიკური უმცირესობების უფლებებს ვიცავ, მაგრამ ქართველები ძალიან მიყვარსო. ეს რომ თქვა, შევატყვე, სოხაძე და კანდელაკიშვილი ძალიან დაიძაბნენ. ვიტალი შანავასთან მივიდა და ამშვიდებდა. მერე სახელი ჰკითხა. და რაღაც მომენტში შანავამ მუშტი მოუქნია, ვიტალი წამორძიკდა, მერე შანავამ ფეხი მოუქნია, ააცილა და თვითონ დაეცა ზურგზე. ჩვენ ვცდილობდით სოხაძე გაგვეკავებინა, რომ ჩხუბში ისიც არ ჩართულიყო. მაგრამ ამ დროს კანდელაკიშვილი დავინახე, ვიტალისკენ მირბოდა გაწვდილი დანით, შენი ებრაელი დედაო, ყვიროდა და მუცლის არეში რამდენჯერმე მოუქნია“,

ნიკოლოზ შანავას ვერსია:

ვიღაც ბიჭი მოვიდა, რა ტვინი შეჭამეთ ამ საქართველოთიო. ავთომ თქვა, აქ კამერებია და სხვაგან გადავიდეთო. გადავედით. იქ იყო კიდევ ერთი ხუჭუჭა ბიჭი, როგორც მერე გავიგე, ვიტალი საფაროვი. რაღაც ეგეთი საუბარი მიდიოდა, საქართველოზე ცუდი რატომ თქვიო. საფაროვმა თქვა, მე ებრაელი ვარ, მაგრამ საქართველო მაინც მიყვარსო... მერე მე მკითხა, შენ ვინ ხარო, "შანო" ვარ-მეთქი და რაღაც დამცინასავით. მე მუშტი დავარტყი. მერე დავინახე, რომ ავთო მივიდა და შენი ებრაელი დედაო, შეაგინა. და დანის მუცელში რტყმა დაუწყო. „სლეიერა“ მივარდა, შებოჭა, არ აცადა გაქცევა. ხელზე კასტეტი ეკეთა და ხმამაღლა ყვიროდა, მოკლა, ამის ებრაელი დედაო.

ოთარ გელაშვილის მონათხრობი:

„დავიწყეთ საუბარი და შანავამ ისევ მითხრა, რატომ შეაგინე საქართველოსო. არ შემიგინებია-მეთქი. მაშინ, ვინც საქართველოს შეაგინა, იმის დედაცო.

ვიტალიმ თქვა, რას კამათობთ ამ ქართველობაზე, მეო, ებრაელი ვარ, არასამთავრობოში ვმუშაობ, ეთნიკურ უმცირესობებს ვიცავ და ძალიან მიყვარს საქართველოო. შანავას ღიმილით მიუახლოვდა, გამეცანიო. ამ დროს სოხაძე მივიდა და უთხრა, ნახე ბიჭო, დაგცინისო...“

გელაშვილის ვერსიით, ნიკოლოზ შანავა ურტყამს საფაროვს, მორჩილაძე შანავას მაისურზე ექაჩება, შანავა ძირს ვარდება. ამ დროს გელაშვილი და ბელთაძე აკავებენ სოხაძეს, კანდელაკიშვილი მივარდება საფაროვს და რამდენჯერმე დაარტყამს დანას. ამასობაში სოხაძე თავს ითავისუფლებს და ისიც მიდის საფაროვისკენ და ურტყამს, ყვირილით, მოკალი, მაგის ებრაელი დედაცო.

სასამართლო დიალოგები

ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიშვილი: ოდესმე ხო არ შევარდნილხართ სინაგოგაში?

ნიკოლოზ შ.:​ არა.

ადვოკატი: აბა, იმ საღამოს გაგინათდათ გონება?

მოსამართლე შორენა გუნცაძე: ეს არის მოწმეზე ზემოქმედება.

ადვოკატი: სხვა ერის შვილი გიცემიათ?

ნიკოლოზ შ.: ამის შესაძლებლობა არ გვქონია. სულ პოლიცია იყო ხოლმე იქ.

ადვოკატი: მამას შეეძლოთ ეცემეთ? რამ შეგაშინათ?

ნიკოლოზ შ.: მამაა და შემეშინდა.

ადვოკატი: მკვლელობამ თქვენი ცხოვრება შეცვალა ხომ? შეგეშინდათ ხომ ციხეში ჩაჯდომის? რას გააკეთებთ იმის სანაცვლოდ, რომ ციხეში არ აღმოჩნდეთ? თქვენ თავზე მხოლოდ საფაროვზე დარტყმა აიღეთ, ასეა ხომ?

მოსამართლე: ნუ აძლევთ ინტერპრეტაციას კითხვებში! შეფასებები შეგიძლიათ დაცვით სიტყვაში წარმოადგინოთ.

ადვოკატი: საფაროვს რომ დაარტყით, რა რეაქცია ჰქონდა?

ნიკოლოზ შ.:​ დედა შემაგინა.

ადვოკატი: თქვენს ფეხსაცმელზე სისხლი საიდან გაჩნდა, თუ საფაროვს არ შეხებიხართ?

ნიკოლოზ შ.: სადარბაზოში რომ შევვარდით, დანიდან წვეთავდა სისხლი.

ადვოკატი: და დანაზე სისხლის შესანახი კონტეინერი იყო დამაგრებული?

ნიკოლოზ შ.:​ არა.

...

ზურაბ ბეგიაშვილი: ოთხი საათის განმავლობაში გკითხავდნენ და მხოლოდ ერთი თაბახი დაიწერა, რატომ?

ირაკლი ბელთაძე: ძალიან შეშინებული ვიყავი. ნამგზავრი და დაღლილი. მაგრამ მერე ჩემი ჩვენება შევავსე და ყველაფერი ვთქვი.

ზურაბ ბეგიაშვილი: და ამაზე მედიამ და სპეციალურმა გადაცემებმა იმოქმედა?

ირაკლი ბელთაძე: არა.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენს გარეგნობაში თუ შეიცვალა რამე?

ირაკლი ბელთაძე: თმა მქონდა გრძელი და შევიჭერი.

ზურაბ ბეგიაშვილი: ტატუები თუ გაქვთ?

ირაკლი ბელთაძე: კი, ინგლისურად მაწერია - Peace - მშვიდობა.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენთვის თავგადაპარსული ადამიანი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის რაიმე სოციალური ჯგუფის წევრია?

ირაკლი ბელთაძე: ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ.

ზურაბ ბეგიაშვილი: კანდელაკიშვილზე თუ ივარაუდეთ?

ირაკლი ბელთაძე: კი, ვივარაუდე.

ზურაბ ბეგიაშვილი: რამდენჯერ ჩამოვარდა ვიტალი საფაროვი საკაციდან?

ირაკლი ბელთაძე: ერთხელ დაცურდა, მაგრამ მოვასწარით და ავწიეთ ისევ.

ზურაბ ბეგიაშვილი: თუ იცით, რომ შესაძლოა გარკვეული ტიპის პირველადმა დახმარებამ უარყოფითი შედეგი მოიტანოს? თუ იცით რომ სისხლნაკლებობის დროს განსხვავებული ტიპის პირველადი დახმარება დამაზიანებელი შეიძლება იყოს? რამდენი ხნის განმავლობაში უტარებდით საფაროვს ხელოვნურ სუნთქვას?

ირაკლი ბელთაძე: ცოტა ხანს.

ზურაბ ბეგიაშვილი: ვინ გთხოვათ ეს?

ირაკლი ბელთაძე: მინდოდა, რომ ამას გადაერჩინა ვიტალი.

ზურაბ ბეგიაშვილი: როგორ ფიქრობთ, ვიტალისა და გოგოებს შორის არსებული საუბრის გაგრძელება იყო თუ არა თქვენსა და შანავას შორის საქართველოს შესახებ საუბრის დაწყების წინაპირობა?

ირაკლი ბელთაძე: არა.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ რომ საქართველო არ გეხსენებინათ, მოხდებოდა ეს მკვლელობა?

ირაკლი ბელთაძე: არ ვიცი.

...

სოხაძის ადვოკატი მალხაზ სალაყაია: თქვენ დღეს ნეონაცისტური გაერთიანებები ახსენეთ, რა მიმდინარეობაა ეს, რა იცით მათზე?

ზურაბ მორჩილაძე: ნაცისტური იდეოლოგია გულისხმობს, რომ შენი ერი არის სხვა ერებზე ზემდგომი და შენს ქვეყანას უნდა ემსახურონ სხვა ერები.

მალხაზ სალაყაია: და რამე სპეცკურსი ხომ არ გაგივლიათ შოვინისტურ-ნაცისტურ-ფაშისტურ ურთიერთობებზე? ან რამე წაგიკითხავთ?

ზურაბ მორჩილაძე: წამიკითხავს ცხადია. მეორე მსოფლიო ომზე, ჰიტლერის მოქმედებებზე, მუსოლინიზე. ვიცი რა ხდებოდა და რა სურდათ.

მალხაზ სალაყაია: მხოლოდ დღეს რატომ ახსენეთ სიტყვა ებრაელი?

ზურაბ მორჩილაძე: იმიტომ რომ პროკურორმა გუშინ მითხრა, რომ სასამართლოსთვის ყველაფერი დეტალურად უნდა მომეყოლა.

ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი: საქართველოს შეაგინაო საფაროვმა იმ დღეს და რა გააკეთეთ თქვენ, ოფიცერმა მაგ დროს? რა მოიმოქმედეთ საქართველოს დასაცავად?

ზურაბ მორჩილაძე: ვიტალი საფაროვი საქართველოს კი არ აგინებდა, ამის დედაო, თქვა, რატომ უნდა ვჩხუბობდეთ ამის გამოო.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ, ერთი პერიოდი ძალიანაც გიყვარდათ ნაცისტური იდეოლოგია და შესაბამისი ფოტოები ფეისბუკზეც გქონდათ ატვირთული. რატომ წაშალეთ თქვენი გვერდიდან ეს მასალა?

ზურაბ მორჩილაძე: მე არასოდეს არ გამომიქვეყნებია მსგავსი რამ ჩემს გვერდზე. სასაცილოა, რასაც ამბობთ, ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთ ასეთი.

...

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენი მამა სომეხია ხომ?

ოთარ გელაშვილი: დიახ.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ რომ ფრაზა ახსენეთ, ვინც უნდა მოეკლათ, ეს მე უნდა ვყოფილიყავიო, თქვენი სიკვდილის მიზეზი ეროვნებით სომხობა ხომ არ იქნებოდა?

ოთარ გელაშვილი: არა.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ არ გცმიათ იმ დღეს მაისური ისრაელის ან სომხეთის დროშით. არც ვიტალის სცმია ასეთი მაისური ხომ?

ოთარ გელაშვილი: დიახ.

ზურაბ ბეგიაშვილი: როგორ ფიქრობთ, იქ ნასვამ ადამიანებს რამდენად შესაძლოა დაეჯერებინათ, რომ გეთქვათ, ბაგრატიონები ვართო, ან რომანოვები ან რომელიმე სამეფო გვარის წარმომადგენლებიო?

პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: პროტესტს ვაცხადებ!

მოსამართლე: კითხვა განრიდებულია.

ზურაბ ბეგიაშვილი: მედიას თუ ეცნობით?

ოთარ გელაშვილი: არა, შორიდან.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენი ახლო მეგობრის შესახებ შორიდანო - როგორ საუბრობთ?

ოთარ გელაშვილი: ჩემი მეგობრების საშუალებით ვიგებ ხოლმე ამბავს.

ზურაბ ბეგიაშვილი: ვიტალის სიკვდილში თავს იდანაშაულებთ?

ოთარ გელაშვილი: დიახ. მე მის დასახმარებალდ ვერაფერი გავაკეთე.

ზურაბ ბეგიაშვილი: თქვენ რომელ ხელში გეჭირათ დანა?

ოთარ გელაშვილი: დანა და ცივი იარაღი საერთოდ არ მქონია.

ზურაბ ბეგიაშვილი: ასეთ დეტალურ ჩვენებას რომ აძლევდით 30 სექტემბერს გამოძიებას, მერე რა ბერკეტებით და რა ტიპის ზემოქმედებით გადახვედით ახალ რაკურსში? მომდევნო ჩვენებებში გაქვთ ხელოვნური პასუხები და ამბობთ, ვიტალი ებრაელობის გამო მოკლესო. აღელვებულ ადამიანს მოსდის თავში ეს ფანტაზიები და მერე ამბობს სიმართლეს?

ოთარ გელაშვილი: ხომ ვთქვი. შემდეგ დაკითხვაზე ეს ყველაფერი გავიაზრე, გავიხსენე, ჩამოვყალიბდი და ეს არის სიმართლე, რასაც დღეს სასამართლოს წინაშე ვამბობ.

ზურაბ ბეგიაშვილი: რასისტული კითხვაა და ალბათ, ჯვარზე გამაკრავენ, მაგრამ თქვენ კომპლექსი გაქვთ საკუთარი მამის გვარის გამო?

პროკურორი: პროტესტს ვაცხადებ. განარიდეთ კითხვა.

მოსამართლე: კითხვა განრიდებულია

მოტივი - სიძულვილი

25 წლის უფლებადამცველი, „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი, ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას მოკლეს თბილისში, დიუმას ქუჩაზე.

მის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი ედებათ განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და თუ ბრალდებულებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საფაროვის საქმე უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ის ამ მუხლით საქართველოში აღძრული პირველი საქმეა.

გაიზიარებს თუ არა სასამართლო ბრალდების პოზიციას და გახდებიან თუ არა სოხაძე და კანდელაკიშვილი ამ ბრალდებით გასამართლებული პირველი პირები საქართველოში, ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი მოსამართლე შორენა გუნცაძის განაჩენმა უნდა გასცეს.