ევროკავშირს რამდენიმე მითი უკავშირდება. სკეპტიკოსთა აზრით, ევროპული ფასეულობები წინააღმდეგობაში მოდის და საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ღირებულებებსა და ეროვნულ იდენტობას. რამდენად რეალურია ასეთი საფრთხე? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ბულგარელი პოლიტოლოგი ვესელა ჩერნევა.
Your browser doesn’t support HTML5
ვესელა ჩერნევა: "ევროკავშირი სინამდვილეში გამოირჩევა იმით, რომ ეფუძნება შენს ეროვნულ იდენტობას, დამატებით შრეს უქმნის ამ ეროვნულ იდენტობას, გაძლევს შესაძლებლობას შექმნა რაღაც უფრო დიდი და არ დასჯერდე იმ მცირედს, რასაც ევროკავშირის ცალკეული რეგიონი გთავაზობს. ამ დიდი რაღაცის, ამ დიდი პროექტის შექმნა ჩვენი ქვეყნებისგან საჭიროებს სოლიდარობას, რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უნდა იღებდე ევროკავშირისაგან, არამედ სანაცვლოდ რაღაც უნდა გასცე კიდეც. და ეს მეორე ნაწილი, გაცემა, არის ის, რაც ცენტრალურმა და აღმოსავლეთმა ევროპამ ჯერაც ვერ ისწავლეს.
ბულგარელები, ჩემი აზრით, ნაკლებად რელიგიურები არიან, ხოლო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნაკლები პოლიტიკური გავლენით სარგებლობს. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ადრე სავსე იყო კომუნისტების სახელმწიფო უშიშროების აგენტებით, ხოლო როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმეები გაიხსნა, ყველაფერი გამოაშკარავდა...ვესელა ჩერნევა
ამ დღის წესრიგზე, ამ ევროპულ შრეზე უფრო მაღლა ჩვენ ჯერ კიდევ საკუთარ ეროვნულ იდენტობას ვაყენებთ, თუმცა ერთი რამ მინდა დავამატო. საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად ახლახან ძალიან დიდი გამოკვლევა ჩავატარეთ ევროკავშირის მასშტაბით - განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და პოლონეთი. ადამიანები ამბობენ, რომ ევროპული იდენტობა, სულ ცოტა, ისევე მნიშვნელოვანია მათთვის, როგორც ეროვნული იდენტობა".
კობა ლიკლიკაძე: "ძალიან მგრძნობიარე საკითხია მართლმადიდებელი ეკლესიისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ურთიერთობა. საქართველოში ეს მართლა დიდი პრობლემაა, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია, პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს პოლიტიკურ პარტიებზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. როგორი სურათია ბულგარეთში, რომელიც, როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა, ასევე ამაყობს თავისი ქრისტიანული კულტურითა და ისტორიით?“
ვესელა ჩერნევა: "ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი განსხვავება ჩვენ ქვეყნებს შორის. ბულგარელები, ჩემი აზრით, ნაკლებად რელიგიურები არიან, ხოლო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნაკლები პოლიტიკური გავლენით სარგებლობს. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ადრე სავსე იყო კომუნისტების სახელმწიფო უშიშროების აგენტებით, ხოლო როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმეები გაიხსნა, ყველაფერი გამოაშკარავდა. ახლა ყველამ იცის, რომ მიტროპოლიტთა უმრავლესობაზე ასეთი დოსიეები არსებობდა. ადამიანები პატივს სცემენ მართლმადიდებელი ეკლესიის მორალურ ავტორიტეტს, როდესაც საქმე ეხება კულტურას ან ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მე ვიტყოდი, რომ თუ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საერთოდ შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკურ მოთამაშედ, ამ მხრივ ის მხოლოდ უმნიშვნელო როლს ასრულებს".
კობა ლიკლიკაძე: "მიუხედავად კეთილსასურველი საერთაშორისო კლიმატისა, ბულგარეთში შობადობა კლებულობს და, ევროსტატის კვლევის თანახმად, ასეთი შობადობით მოსახლეობა 2060 წლისათვის, დაახლოებით, 20 პროცენტით შემცირდება, მაშინ როცა იმავე პერიოდში ევროკავშირის მოსახლეობა, სავარაუდოდ, მცირედით, 2 %-ით გაიზრდება. რას უკავშირდება ასეთი დემოგრაფიული პრობლემა ბულგარეთში?“
ვესელა ჩერნევა: "რამდენიმე მიზეზს. ჩვენში მართლაც არსებობს შობადობის კლების ტენდენცია და ბულგარეთი ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს, თუმცა პრობლემა აქ ძალიან თვალშისაცემი და ძალიან ძლიერია. კიდევ ერთი ტენდენციაა ემიგრაცია. ბულგარელები ტოვებენ ქვეყანას და სამუშაოდ მიდიან ცენტრალურ ევროპაში, გერმანიისა და საფრანგეთის საწარმოებში, სადაც მათზე მოთხოვნაა. ბევრი მათგანი იმყოფება დიდ ბრიტანეთშიც, რაც, სავარაუდოდ, შეიცვლება "ბრექსიტის" შემდეგ. ერთად აღებული ეს ორი ტენდენცია ძალიან არასახარბიელო სურათს ქმნის - მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს, აღელვებს მათ. ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელზეც შემდგომმა ევროკომისიამ უნდა იზრუნოს, რადგან ის მხოლოდ ბულგარეთს არ ეხება. მთელი ევროპის მასშტაბით ვკითხეთ ადამიანებს, რა უფრო მეტად აწუხებთ, ემიგრაცია თუ იმიგრაცია, და დიდმა უმრავლესობამ, ბალტიისპირეთით დაწყებული ბულგარეთამდე და შორს, პორტუგალიით დამთავრებული, გვიპასუხა, ემიგრაცია უფრო გვაწუხებსო. ახალმა ევროკომისიამ ევროკავშირის ახალ ბიუჯეტში უნდა გამონახოს გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ექიმები, ექთნები, მასწავლებლები - განათლებამიღებული ადამიანები- არ ტოვებდნენ ჩვენს ქვეყნებს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ ევროკავშირი ართმევს მას საუკეთესო, ყველაზე ჭკვიან ადამიანებს, რაც ასევე ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ანტიევროპული განწყობებისათვის".
ფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელზეც ევროკავშირი ზემოქმედებას ვერ ახდენს, რისთვისაც ევროკავშირს კანონები არ გააჩნია. ასეთი რამდენიმე სფერო არსებობს, მაგრამ მედია განსაკუთრებულია, რადგან პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ ერთი-ორი ოლიგარქის დახმარებით შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის გაკონტროლება...ვესელა ჩერნევა
კობა ლიკლიკაძე: "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბულგარეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი მედიის თავისუფლების მხრივ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მედიის ნაწილი ბულგარეთში არის ინსტრუმენტი ანტიევროპული ძალების ხელში. ამ ფონზე, გასულ წელს კვლავ გახდა საჭირო ბულგარეთში რადიო თავისუფლების ბიუროს გახსნა. რატომ მოხდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მედიის თავისუფლების ხარისხმა იკლო და მედიალანდშაფტი ბულგარეთში ძალიან დაუცველია?“
ვესელა ჩერნევა: "ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელზეც ევროკავშირი ზემოქმედებას ვერ ახდენს, რისთვისაც ევროკავშირს კანონები არ გააჩნია. ასეთი რამდენიმე სფერო არსებობს, მაგრამ მედია განსაკუთრებულია, რადგან პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ ერთი-ორი ოლიგარქის დახმარებით შეუძლიათ საზოგადოებრივი აზრის გაკონტროლება. განსაკუთრებით ბეჭდური მედია - თუ ორ გაზეთსა და სამ ვებსაიტს არ მივიღებთ მხედველობაში - არსებითად მკვდარია, ნამდვილი ჟურნალისტიკა არ არსებობს. და გულახდილად რომ ითქვას, ხალხი აღარც კითხულობს გაზეთებს, რადგან პრესა მხოლოდ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება. ტელევიზია არის მედია, რომელიც ძალიან პოპულარული რჩება, მაგრამ ბულგარული ტელეარხებიც ერთიმეორის მიყოლებით გადადის ამ ჯგუფის ხელში: ეს არის ერთი-ორი ოლიგარქისა და პოლიტიკური ელიტისაგან შემდგარი ჯგუფი - სიმბიოზი, რომლითაც ორივე მხარე მშვენივრად სარგებლობს. მაგრამ ასეთი ვითარება დამღუპველად მოქმედებს საზოგადოების ინტერესეზე. არ ვიცი, ამას როგორ უნდა ეშველოს. შესაძლოა, შემუშავდეს ევროკავშირის ნორმები, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა წევრი ქვეყნებისათვის, მაგრამ ამას დასჭირდება ცვლილების შეტანა ევროკავშირის შეთანხმებებში, რაც სერიოზული ნაბიჯი იქნება. თუმცა შესაძლოა ეს ნორმები, ამავე დროს, გახდეს ცრუ ინფორმაციისაგან ევროკავშირის თავდაცვის ნაწილი და ეს შეიძლება იქცეს უსაფრთხოების თემაზე მოლაპარაკების ნაწილადაც - შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისა, როცა ერთ მშვენიერ დღეს შეერთებული შტატები ისევ გამოავლენს ინტერესს ევროკავშირის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართ.