ალიმენტიანად დაკარგული მამები, მშობლების სახელზე გადაფორმებული ქონება და მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ წლებია, უმუშევარია - იხდიან საქართველოში ალიმენტს?
ნატო ქმარს რომ გაშორდა, მათი შვილი მეორე კლასის მოსწავლე იყო. ცალ-ცალკე ცხოვრება ისე დაიწყეს, ალიმენტზე სიტყვაც კი არ ჩამოუგდიათ. ქმარმა, უბრალოდ, უთხრა, ვერაფრით დაგეხმარები, თვითონ არაფერი მაქვსო. მას მერე ბევრი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ყოველთვიური დახმარება მისგან მაინც არასდროს მიუღიათ.
„მე ვმუშაობდი და ამიტომ სასამართლომდე აღარ მიმიყვანია საქმე. თუმცა უამრავი ხარჯი მქონდა და არც ხელფასი იყო მაღალი. ვფიქრობ, მაინც შეეძლო ყოველთვიურად 100-300 ლარი მიეცა ბავშვისთვის, სიმბოლურად, კანფეტის ფული, მაგრამ ასე არ მოქცეულა. ერთხელ დიდი სათამაშო კურდღელი უყიდა. რად გვინდოდა? არასდროს იმით არ უთამაშია, მარტო ადგილი დაიკავა“, - იხსენებს ნატო.
ბავშვი ახლა 15 წლისაა. ბებია და პაპა მამის მხრიდან ხანდახან მისთვის საჩუქრებს ყიდულობენ ან პირდაპირ ფულს აძლევენ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ალიმენტი შეიძლება დაერქვას.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 23 285-ია, განქორწინებების კი - 11 205, ანუ თითქმის ყოველი მეორე წყვილი იყრება.
ადამიანის უფლებათა ცენტრში, რომელიც მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაციებით ეხმარება, ამბობენ, რომ განქორწინების თემა განსაკუთებით ორთვიანი იზოლაციის დროს გახდა აქტუალური.
„თითქმის ყოველი მეოთხე მაგის გამო რეკავდა. უმეტესობას გაღიზიანებული, ნამტირალევი ხმა ჰქონდა, აფექტის მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ რეკავდნენ ისეთებიც, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ მყარად გადაწყვიტეს განქორწინება“, - ამბობს ცენტრის იურისტი, დიმიტრი ნოზაძე.
რეკავდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები. სხვა უამრავ დეტალთან ერთად მათ ალიმენტის საკითხიც აინტერესებდათ.
დათო მეუღლეს რომ გაშორდა, ალიმენტის გადახდაზე მასთან იურიდიული ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მაგრამ თანხას ყოველთვიურად აწვდის, დაახლოებით, 500 ლარამდე, ის იხდის ბავშვის სწავლის ფულსაც.
იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ხშირად ყოფილი მეუღლეები თავიანთ მოვალეობაზე სწორედ სიტყვიერად თანხმდებიან, მაგრამ არცთუ იშვიათად მშობელს ალიმენტის გადახდა არ უნდა.
„ხშირად ერთმანეთზე შურისძიება უნდათ და ეს ბავშვზე გადააქვთ. საკუთარი „მეს“ გატანას ეწირება შვილის ინტერესები. სასამართლოში [მამაკაცი] აცხადებს, რომ ფულს დედა საკუთარ თავზე დახარჯავს და არა ბავშვისთვის. ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები თანხა - მაგალითად, 50 ლარი - მისცენ და არ ფიქრობენ, ამით ბავშვი როგორ უნდა არჩინო“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
იურისტი ჰყვება, რომ თუ სასამართლომ ალიმენტის ოდენობად, მართლაც, სიმბოლური თანხა აირჩია, მამაკაცი, როგორც წესი, იხდის, ისიც იმიტომ, რომ დედამ მეტი არ მოითხოვოს, ხოლო თუ თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად შეესაბამება საჭიროებებს, გადახდას თავს არიდებს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
„ამბობენ, რომ შემოსავალი არა აქვთ, ან საზღვარგარეთ მიდიან და საერთოდ იკარგებიან, ან მთელ ქონებას საკუთარ მშობლებზე აფორმებენ, რომ ალიმენტის გადახდა არ მოუწიოთ“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
წესი, რომლის მიხედვითაც ალიმენტის ოდენობა იანგარიშება, ერთგვაროვანი არაა. სასამართლო სწავლობს ორივე მშობლის მდგომარეობას, ბავშვის საჭიროებებს, ითვალისწინებს, ჰყავს თუ არა სხვა პირები სარჩენი ალიმენტის გადამხდელს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა შესაძლოა 100 ლარიც იყოს და რამდენიმე ათასიც. ალიმენტის გადახდა შეიძლება დაეკისროს დედასაც იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გასაზრდელად მამას დარჩა.