ვენეციის კინოფესტივალი: რომან პოლანსკის “Me Too”

გიორგი გვახარია

ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში რომან პოლანსკის ახალი ფილმის ჩართვამ თავიდანვე ხმაური გამოიწვია. პოლანსკის, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 1977 წელს დასდეს ბრალი 13 წლის გოგონას, სამანტა გეიმერის გაუპატიურებაში. იმხანად რეჟისორმა ნაწილობრივ აღიარა კიდეც დანაშაული და სამთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა ფსიქიატრიულ კლინიკაში. მაგრამ როცა გაირკვა, რომ სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ეს პოლანსკის და მის ადვოკატებს ეგონათ, ჰოლივუდის იმხანად უკვე კლასიკოსმა, ყველა დროის და ხალხის შედევრის “როზმარის ჩვილის” ავტორმა ამერიკა დატოვა. უფრო სწორად, ამერიკიდან გაიქცა. ჯერ ბრიტანეთში და შემდეგ საფრანგეთში, იმ ქვეყანაში, რომელიც არა და არ გადასცემს “ოსკარის” და კანის ფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატს შეერთებულ შტატებს.

თუმცა იტალია არაა საფრანგეთი და არც ვენეციის კინოფესტივალია კანის კინოფორუმი, სადაც რომან პოლანსკის ფილმების პრემიერები მუდმივად იმართებოდა ხოლმე. ვენეციის ფესტივალზე პოლანსკის ნამუშევარი ბოლოს დაახლოებით 30 წლის წინ აჩვენეს. ხოლო მას შემდეგ, რაც შარშან, კამპანია “Me too”-ს აქტივისტების ძალისხმევით რომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს, საეჭვო გახდა, რომ ვენეციის კინოფორუმი ოდესმე ჩართავდა პოლანსკის სურათს თავის პროგრამებში. მაგრამ ვენეციის ბიენალემ გაბედა. მერე კი თავის მართლება მოუწია.

ფესტივალის გახსნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟიურის თავმჯდომარე, არგენტინელი რეჟისორი (ქალთა უფლებების დამცველი) ლუკრეცია მარტელი ცოტა დაიბნა კიდეც როცა პოლანსკის ფილმის შესახებ კითხეს. ფაქტობრივად სიტყვა ბანზე ააგდო და სხვა თემაზე გადავიდა. არ არის გამორიცხული, რომ მარტელი, და არა მარტო მარტელი, თვით ფესტივალის დირექცია, დარწმუნებულები იყვნენ, რომ რომან პოლანსკის ახალი ნამუშევარი “მე ბრალს ვდებ” შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ პოლანსკი წარმოადგენდა მორიგ უპრეტენზიო, კამერულ ფილმს, იმის მსგავსს, რასაც ბოლო დროს იღებდა და რასაც, სხვათა შორის, უპრობლემოდ, უხმაუროდ აჩვენებდნენ ევროპის (პირველ რიგში კანის) კინოფორუმებზე. მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა - მას შემდეგ, რაც ვენეციაში დასრულდა რომან პოლანსკის ახალი ფილმის ჩვენება, პრესამ “ბრავოს” ძახილით ოვაციები მოუწყო ავტორს... მიუხედავად იმისა რომ პოლანსკი ვენეციაში ვერ ჩამოვიდა. მან მხოლოდ წერილი გამოაგზავნა დირექციის სახელზე, რომელშიც “მე ბრალს ვდებ”, ებრაული წარმოშობის ფრანგი ოფიცრის, ალფრედ დრეიფრუსის სკანდალური საქმის კინემატოგრაფიული ინტერპრეტაცია ახსნა, როგორც რეაქცია “კუდიანებზე ნადირობაზე და პრესის თავაშვებულობაზე”. ალფრედ დრეიფუსი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ფაქტობრივად ერთი გაყალბებული წერილით, სასამართლომ სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი და ქვეყნიდან გადაასახლა, საფრანგეთის ისტორიაში შევიდა როგორც მსხვერპლი სწორედაც რომ უსამართლობისა, კუდიანებზე ნადირობისა და პრესის თავაშვებულობისა. გამოდის, რომ87 წლის პოლანსკიმ დრეიფუსის საქმეში “თავისი თავი” დაინახა? მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის საფრანგეთში თანამედროვე დასავლური საზოგადოება დაინახა? ჩაივლიდა თუ არა ასეთი ტრიუმფითპოლანსკის ფილმის პრემიერა მაყურებელს ეს ასოციაცია რომ არ გაჩენოდა, თავად პოლანსკის შესახებ არაფერი რომ არ სცოდნოდა? გაძლიერდა თუ არა დრეიფრუსის დრამა პოლანსკის ისტორიით?

კადრი რომან პოლანსკის ფილმიდან “Me Too”

ეს კითხვები ბუნებრივად ჩნდება ფილმის დასრულების შემდეგ. ქალთა უფლებების ზოგიერთი დამცველისთვის, შესაძლებელია, სწორედ ეს პარალელია ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი. როგორც ჩანს, გამაღიზიანებელია ვენეციის წლევანდელი ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტისთვისაც - რომან პოლკანსკის ფილმის დასრულებისთანავე ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ მიმართეს კომენტარისთვის ლუკრეცია მარტელს, რომელმაც ამჯერად დიპლომატიურ პასუხზე უარი თქვა, აღნიშნა, რომ ის, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტი, ვერ შესძლებს მიულოცოს ფილმის ავტორებს წარმატებული პრემიერა და არ დაესწრება პოლანსკის ფილმის პრემიერასთან დაკავშირებულ მიღებას. ჟურნალისტები წერენ, რომ ჟიურის თავმჯდომარეს ისედაც არა აქვს უფლება დაესწროს ასეთ ღონისძიებებს. უფრო მეტიც, საერთოდ არა აქვს უფლება საჯაროდ ახსენოს საკონკურსო ფილმი ფესტივალის დღეებში, მაგრამ ლუკრეცია მარტელმა, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერ შეძლო თავის შეკავება; ნამდვილად არაა სასიამოვნო სანახავი როგორ უწყობს ა კლასის ფესტივალის უზარმაზარი დარბაზი ოვაციებს კაცს, რომელიც სასამართლოს ემალება, მაშინაც კი, როცა ამ საქმიდან ძალიან დიდი დროა გასული, ნამდვილად არაა სასიამოვნო ქალისთვის, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მოძალადეებს ებრძვის, ხედავდეს ტრიუმფს კაცისა, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო შემჩნეული პედოფილიაში. ფესტივალის წესები და “ფორმატები” ამ შემთხვევაში მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

რომან პოლანსკის ფილმის პრემიერის შემდეგ ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ ხელოვნების ისტორიამ დამნაშავეების, ბოროტმოქმედების მიერ შექმნილი არაერთი შედევრი იცის. “მათი ნამუშევრებით დღესაც ვტკბებით და შეგვიძლია გავმიჯნოთ ხელოვნება მათი ავტორისგან”, დაამატა ბარბერამ. ეს ნამდვილად ასეა და პოლანსკის ფილმი შესანიშნავი ფილმია ავტორის ბიოგრაფიის გარეშეც. მაგრამ რა ვუყოთ ამ ბიოგრაფიას? თავიდან ხომ არ ამოვიგდებთ? ვუყურებთ ფილმს “მე ბრალს ვდებ”, ვუყურებთ ალფრედ დრეიფუსის სასამართლო პროცესს, გამოხატულს ნუანსებით, მზერათა თამაშით, ხმის და ფერების ტონებით თამაშით , ვუყურებთ მხატვრული სახეებით შეიძლება ითქვას გადატენილ ფილმს,რომელიც იწყება როგორც სატელევიზიო ნოველა და სრულდება როგორც ეპიკური დრამა... ვუყურებთ და მაინც რომან პოლანსკი გვახსენდება - 87 წლის დევნილი-ბოროტმოქმედი, რომლის ბიოგრაფია დრეიფუსისაზე არანაკლებ დრამატულია, ხოლო თანამედროვე დასავლური საზოგადოება არანაკლებ სცოდავს შეუწყნარებლობით, ლინჩის წესით დასჯის ვნებით, აკვიატებებით, ცრურწმენებით, ვიდრე საფრანგეთის საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, როცა ანტისემიტურ ისტერიაში ჟიულ ვერნი, პოლ სეზანი, ანრი მატისიც კი ჩაერთვნენ და რომ არა ემილ ზოლა თავისი ღია წერილით “მე ბრალს ვდებ”, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს გაუგზავნა, ისტორიული სამართლიანობა არც არასდროს აღდგებოდა.

აღდგება თუ არა სამართლიანობა 87 წლის რომან პოლანსკის მიმართ? ცხადია, ამის შანსი არის, თუ რეჟისორი, მიუხედავად მისი ასაკისა, მართლმსაჯულებას აღარ დაემალება და შეერთებულ შტატებში დაბრუნდება. იქ, სასამართლოზე, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, ნაფიცი მსაჯულებისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება რა გააკეთა რომან პოლანსკიმ კინოში; მთლად სასამართლო დარბაზში რომ მოაწყონ მისი ფილმის ჩვენება, ეს არ იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. როგორც დავინახეთ, ფილმმა “მე ბრალს ვდებ” ვერ იმოქმედა ვერც იმ ქალებზე, რომლებიც ჩართულნი არიან მოძრაობაში “Me too”... ყოველ შემთხვევაში ლუკრეცია მარტელზე ნამდვილად ვერ იმოქმედა.

სამწუხაროა. წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია - აღდგენილი წარსული მსუბუქი, მხოლოდ ხანდახან შესამჩნევი მწარე ირონიით კაცისა, რომელსაც ძალიან უნდა, სამაგიერო გადაუხადოს ადამიანებს იმ ტკივილისთვის, რომელიც მათ მიანიჭეს ცხოვრებაში. მათ შორის, არ არის გამორიცხული, საკუთარ თავსაც გადაუხადოს სამაგიერო.