„ველური ურთიერთობები“ - სამშენებლო სექტორში დასაქმებული იაფი მუშა ხელი
Your browser doesn’t support HTML5
სამშენებლო სექტორში წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები იშვიათობაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ამ გზით, ერთის მხრივ, დამსაქმებლები მალავენ გადასახადებს და თავს არიდებენ შრომის კანონმდებლობის შესრულებას, მეორეს მხრივ კი თავად დასაქმებულები მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იძულებულნი არიან ზეპირად გაურიგდნენ დამსაქმებლებს ან ისეთ შრომით ხელშეკრულებებს მოაწერონ ხელი, რომელიც კაბალური პირობებითაა სავსე: „უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და ადამიანებმა ოღონდ სამუშაო იშოვონ, აღარ კითხულობენ, დადებენ თუ არა ხელშეკრულებას, არც იმას კითხულობენ, რამდენი საათი მოუწევთ მუშაობა და ა.შ., რადგან ამ ადამიანებისთვის ეს სამუშაო არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება და მის მიღმა რა ხდება და რა ტიპის ურთიერთობებში შედიან, ამას აღარავინ უღრმავდება. ძირითადად რაზეც მიდის ხოლმე მოლაპარაკება, ეს არის ანაზღაურება და უკვე აღარ უყურებენ სხვა უფლებებს, რამდენი საათი იმუშავებს, რას გააკეთებს, დაისვენებს თუ არა, ზეგანაკვეთური მუშაობა მოუწევს თუ არა და ა.შ“. რაისა ლიპარტელიანის თქმით, 16 წლის მოზარდს, გიორგი ბეშკენაძეს, რომელიც 16 ივლისს, თბილისში ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიღუპა, ანაზღაურება არც კი ჰქონდა აღებული. რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, მოზარდთან არანაირი ტიპის ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. მით უმეტეს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სახიფათო, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე არასრულწლოვანთა დასაქმება კანონით აკრძალულია. გიორგი ბეშკენაძე, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო, კახეთიდან, სოფელ გვიმრიანიდან თბილისში სამუშაოდ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.