ველოდოთ ლარში აღებული სესხების გაიაფებას?

GEORGIA -- NATIONAL BANK

თვის ბოლოს ოფიციალურად დაზუსტდება 180 ათასზე მეტ ადამიანს გაუიაფებს თუ არა სესხს ეროვნული ბანკი. საბჭოს სხდომამდე, რომელიც 20 დეკემბერს არის დაგეგმილი, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ფაქტობრივად რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დააანონსა.

“ბოლო რამდენიმე თვე მართლაც დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს. ბევრად დაბალი, ვიდრე ჩვენი მიზნობრივი 3%-იანი ინფლაციაა. ეს კარგ შესაძლებლობას გვაძლევს რომ გავაგრძელოთ… ფრთხილი და ზომიერი ნაბიჯებით მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება. კერძოდ მონეტარული განაკვეთის შემსუბუქება. ყველაფერთან ერთად ეს ნაბიჯი ქვეყანაში ფინანსური პირობების შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვთ სესხი აღებული ან ლარის რესურსი სჭირდებათ, მათაც პირობები გავუუმჯობესოთ და ლარის სესხის პროცენტი შევამციროთ”, - უთხრა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იღებს, რომელიც სამ თვეში [კვარტალში] ორჯერ იკრიბება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშე სხდომებსაც მართავს. კომიტეტის გადაწყვეტილება, რეკომენდაციის სახით მიეწოდება ბანკის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

საინვსტიციო ბანკი Galt & taggart წლის ბოლო სხდომაზე განაკვეთის 10%-იდან , 9.75%-მდე შემცირებას ელოდება.

რა გავლენა აქვს რეფინანსირების განაკვეთს სესხის პროცენტზე?

რეფინანსირების განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე აწესებს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ლარში გაცემული სესხები იაფდება, ზრდის შემთხვევაში კი ძვირდება.

განაკვეთის ზრდის/კლების ეკონომიკაზე ასახვას დაახლოებით 1-1.5 წელი სჭირდება.

როცა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ქვეყანაში სესხები ძვირდება რაც საბოლოოდ სესხებზე მოთხოვნას ამცირებს. შედარებით დაბალი მოთხოვნა კი თავის მხრივ ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმთან უნდა იყოს თანხვედრაში.

რა არის მიზნობრივი ინფლაცია?

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში ფასების სტაბილურობის მიღწევაა. ეს თავის მხრივ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას გულისხმობს.

2018 წლიდან ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ისე წარმართავს, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს იყოს.

მაგალითად, თუ ეროვნული ბანკის პროგნოზით ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი იქნება ის რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ხოლო დაბალი ინფლაციის პირობებში - ამცირებს. ეს ნიშნავს, რომ განაკვეთზე გადაწყვეტილების მიღებისას ბანკი ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზს ითვალიწინებს, რადგან განაკვეთი ეკონომიკაზე მყისიერად არ აისახება, დრო სჭირდება.

წინა სხდომაზე, როცა საბჭომ განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა ინფლაციის პროგნოზიც გააკეთა და თქვა, რომ ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა და ერთი წლის განმავლობაში ამ დონეზე შეინარჩუნა. განაკვეთის ეს მაჩვენებელი ისტორიულად მაღალია.

2022 წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავად ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ 2023 წლის მაისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო და განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით 10%-მდე შეამცირა.

“სებ-მა გადაწყვეტილება დღევანდელი მდგომარეობით არ უნდა მიიღოს და მომავალში არსებული პროგნოზებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს”, - ამბობს ეკონომისტი, კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი ეგნატე შამუგია. ის ამ ეტაპზე განაკვეთის შემცირების წინააღმდეგია. თუმცა ისიც მოელის, რომ ეროვნული ბანკი წელს დაგეგმილ ბოლო სხდომაზე განაკვეთს შეამცირებს.

“თუ გავითვალისწინებთ ეროვნული ბანკის წინა გადაწყვეტილებებს და მმართველის წინა განცხადებებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი, ვიდრე იგივე ნიშნულზე დოტვება ან ზრდა. სებ-მა წინა გადაწყვეტილების დროს პირობა გასცა, რომ წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს კიდევ უფრო მეტად შეამცირებდა”, - ამბობს შამუგია.

ეგნატე შამუგია

განაკვეთის შემცირება ლარის სესხებს აიაფებს?

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ბანკებში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მცირდება.

ოქტომბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 186 ათასზე მეტი სესხია გაცემული, რომელიც მიზნობრიობის მიხედვით ასე ნაწილდება:

სამომხმარებლო: 81.6 ათასი

იპოთეკური: 71 ათასი

ბიზნეს სესხი: 32.5 ათასი

სტატისტიკა აჩვენებ, რომ რეფინანსირებული სესხების 40%-ზე მეტი სამომხმარებლოს სესხებზე მოდის.

ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით რომ შეამციროს, თითქმის 200 ათას მომხმარებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

“ყველას ვისაც მიბმული აქვს რეფინანსირების ცვლად განაკვეთზე ლარში სესხი, მათ ავტომატურად 0.5 პროცენტული პუნქტით შეუმცირდებათ სესხზე პროცენტი [იმ დათქმით თუ ეროვნული ბანკი განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირებს]. ეს გადაწყვეტილება მათ ყოველთვიურ გადახდებზე აისახება. ვიღაცას შეიძლება ხუთი ლარით შეუმცირდეთ შესატანი, სხვას 100 ლარით. ეს დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე. არ არის გამორცხული საარჩევნო წელს [2024 წელი] მთავრობამ უფრო მეტი ლარი დახარჯოს ხელფასებისა და პენსიების ზრდაში, რაც ინფლაციურ პროცესებს პირიქით ახალისებს. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს მაინც მოუწევს გარკვეულად დაბალანსება და ამიტომ არ ველოდები განაკვეთი რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად შემცირდეს”, - ამბობს კეპულაძე.

გიორგი კეპულაძე

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსადრე ძნელაძე რეფინანსირების განაკვეთის10-9.5%-საც კი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკად აფასებს და შემსუბუქების აუცილებლობაზე ლაპრაკობს.

„ვფიქრობ, მომავალ წელს უფრო მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რომ იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვს პროგნოზირებული”, - ამბობს ძნელაძე.

მისივე განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება/ზრდით შესაძლოა ზოგიერთ მოქალაქეს სესხი მეორე თვიდანვე არ შეუმცირდეს/გაეზარდოს, რადგან სესხის კონტაქტები ამ საკითხს სხვადასხვაგვარად არგულირებს.

“რეალურად სესხზე თანხა იგივე პროცენტით უნდა შემცირდეს, რითაც რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა. მაგალითად 100 ლარზე თუ ერიცხებოდა 10% და მოქალაქე ყოვეთვიურად 10 ლარს იხდიდა, რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ის შემცირების შემთხვევაში 9.5 ლარის გადაიხდა მოუწევს”, - ამბობს ძნელაძე.