ვახშმით დასრულებული წინასაარჩევნო შეხვედრები - ვინ იხდის რესტორნის ფულს?

ორი შეხვედრის შემდეგ ქადაგიშვილი და კამპანიაში მონაწილე პირები, ამომრჩევლები სუფრასთან ერთად მოხვდნენ.

3 ოქტომბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 3 შეხვედრა გამართა.

აქედან ორი შეხვედრის შემდეგ ქადაგიშვილი და კამპანიაში მონაწილე პირები, ამომრჩევლები სუფრასთან ერთად მოხვდნენ. ვისი ორგანიზებით გაიშალა სუფრები, ვინ გადაიხადა თანხა და როგორ ხედავს ამ პროცესს არჩევნებზე მეთვალყურე ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”?

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაგოდეხის, თელავის, ახმეტის, ყვარლის ოლქში ირაკლი ქადაგიშვილი 3 ოქტომბერს ლაგოდეხში 50-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესმენს, მეწარმესა და ფერმერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთი რესტორნის ღია სივრცეში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ყველამ ერთად, ერთ სივრცეში ივახშმეს.

შეხვედრის მონაწილეები

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაშინ როცა მასშტაბური ღონისძიებები და წვეულებები აკრძალულია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სტუმრებთან ერთად დახურულ სივრცეში რამდენიმე საათის განმავლობაში ვახშმობდა. სტუმრებს შორის იყვნენ ლაგოდეხის მერი, მისი მოადგილე და ყვარელი-ლაგოდეხის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

სუფრა გაიშალა 3 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალშიც, სადაც ქადაგიშვილი ბაგა-ბაღების პედაგოგებს, ადგილობრივებსა და საჯარო მოხელეებს შეხვდა.

თავად ირაკლი ქადაგიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ლაგოდეხში ბიზნესმენებმა თავად გამოთქვეს სურვილი წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიღება გაემართათ, რაზეც ის დასთანხმდა. რაც შეეხება სოფელ კაბალს, ქადაგიშვილის თქმით, „კაბალში ის დაპატიჟეს ჩაიზე, წყალზე და კანფეტზე“.

„დღისით ორ სოფელში გვქონდა შეხვედრები, საღამოს კი ლაგოდეხში ადგილობრივ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და ფერმერებს შევხვდი. ბიზნესმენებთან ვისაუბრე იმაზე, თუ რა გაკეთდა მათთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ვისაუბრეთ პროგრამებზე: "აწარმოე საქართველოში", "იაფი აგროკრედიტი", "დანერგე მომავალი" და მრავალი სხვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ იყო გაშლილი სუფრა შეხვედრის მონაწილეებისთვის, ქადაგიშვილმა ასე უპასუხა: „შეხვედრის სექტორს (ბიზნესმენებს) თვითონ ჰქონდა სურვილი, რომ გარკვეული, მცირე მიღება გაემართათ. ჩვენ თანახმა ვართ მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მიღებაში. რაც შეეხება კაბალს, როდესაც ჩაის, წყალს და კანფეტს მოგართმევენ, გნებავთ სუფრა დაარქვით, გნებავთ ბანკეტი, ეს თქვენი ნებაა“.

ვინ გადაიხადა თანხა სარესტორნო მომსახურებაში - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ის სტუმარი იყო იმ სუფრებზე, რომელიც წინასაარჩვენო შეხვედრების შემდეგ გაიმართა. რადიო თავისუფლება რამდენიმე ბიზნესმენს ესაუბრა იმის გასარკვევად, თავად იყვნენ მასპინძლები დეპუტატობის კანდიდატის, თუ პირიქით.

ბიზნესმენმა ჯუმბერ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პირადად ის მხოლოდ შეხვედრას დაესწრო და სუფრაზე არ დარჩენილა, თუმცა ამბობს, რომ ის ამ სუფრის არც ორგანიზატორი იყო და არც თანხა გადაუხდია.

კიდევ ერთი ადგილობრივი მეწარმე, გოჩა ყარალაშვილი, საარჩევნო შეხვედრასაც დაესწრო და სუფრასაც. ისიც ამბობს, რომ სარესტორნო მომსახურებაში პირადად მას თანხა არ გადაუხდია.

ჩვენ შეხვვედრის მონაწილე, ლაგოდეხის მერსაც დავუკავშირდით და ვკითხეთ, ვინ გადაიხადა საფასური სუფრისა, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ გაიშალა.

„ვერ გეტყვი ვერაფერს, არ მაქვს ინფორმაცია. კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგ საკითხზე“, - თქვა ჯონდო მდივნიშვილმა.

ელენე ნიჟარაძე

არჩევნებზე მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები კითხვის ნიშნებს აჩენს, მაგალითად, იმის შესახებ, ხომ არ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა და მათზე ზეგავლენის მოხდენა.

„გასაგებია, რომ კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიები ბევრ სხვადასხვა ჯგუფს ხვდებიან, მაგრამ როდესაც ეს შეხვედრები იმართება რესტორნებში და შემდეგ სუფრასთან, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, ხომ არ არის ეს ამომრჩევლის მოსყიდვა. სასურველია, შეხვედრებმა ასეთი სახე არ მიიღოს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ელენე ნიჟარაძემ.