ვასკა ჯალაღონია - ცხრა წელი პრაღის „დუკლაში“

ვასკა ჯალაღონია ცხრა წელია, პრაღის საფეხბურთო კლუბ „დუკლას“ ბავშვების მწვრთნელია.

ვასკა ჯალაღონიას პრაღაში, შესანიშნავ „გრებოვკის“ პარკში შევხვდი იმ დღეს, როცა საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ესპანეთის გუნდს უნდა შეხვედროდა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში. 

ის დროც გავიხსენეთ, როცა ექვსი წლის წინ ვასკაზე ფილმი გადავიღეთ, „შინ - უცხოეთში“, და მის აღსაზრდელებს ვკითხე, ვინაა სათაყვანებელი ფეხბურთელი-მეთქი? - უმეტესობამ რონალდუ დაასახელა.

ვასკა ჯალაღონია ცხრა წელია პრაღის საფეხბურთო კლუბ „დუკლას“ ბავშვების მწვრთნელია. წელს „დუკლას“ პირველი გუნდი უმაღლეს ლიგაშია და ძველ პოპულარობას კვლავ იბრუნებს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი პრაღაში.

ბავშვების მწვრთნელს, რომელიც ამავე დროს ფსიქოლოგიცაა, გარდა ფიზიკური თუ ტექნიკური მომზადებისა, ევალება ბავშვის სულიერებას მიაქციოს ყურადღება, მის ქცევას, თავდაჯერებულობის განვითარებას.

ვასკა ჯალაღონიას ბიჭები, ყმაწვილები, “დუკლას” იუნიორები, ევროპაში ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ტურნირზე, “კორდიალ კაპის” გათამაშებაზე მიიწვიეს ავსტრიაში. ამ ყმაწვილებმა უნდა შეცვალონ პაველ ნედვედი და პეტრ ბაროში.

ბევრი ვისაუბრეთ ფეხბურთზე ადრე და ახლა, ქართულ და ჩეხურ ფეხბურთზე, წვრთნის თავისებურებებზე მაშინ და ახლაც - იმაზე, როგორ ალამაზებს შემოქმედებითობა სპორტის ამ სახეობას და იმის შესახებ, რომ ქართული ფეხბურთი იყო და რჩება ამ ტიპის ფეხბურთად.

ფეხბურთელთა ანაზღაურებაც არის ჩვენი თემა, რაშიც ვასკას ასევე აქვს გამოცდილება და მითხრა, ახლა ფეხბურთელებს აღარ აკმაყოფილებთ მხოლოდ კარგი ხელფასი, რაც ადრე უფრო იყო ტენდენცია, ახლა ურჩევნიათ, როგორც სპორტსმენი განვითარდნენ და მომავალი იქონიონ, ვიდრე წლები კარგონ კარგი ანაზღაურებით.

ახლა ვასკას დიდი გეგმები აქვს: გარდა იმისა, რომ უკვე ჭაბუკების წვრთნას მიანდობენ, სურს, საქართველოს საფეხბურთო კლუბებთან დააკავშიროს „დუკლა,“ გაცვლითი თამაშები ჩაატარონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

ვასკა ჯალაღონია თავის ჩეხ ცოლთან ერთად ესწრებოდა საქართველო-ჩეხეთის ნაკრებების მატჩს ჰამბურგში და სხვადასხვა დროშაშემოხვეული წყვილი გაკვირვებას იწვევდა თურმე სხვა გულშემატკივრებში.

შემოდგომაზე უკვე ჩეხეთში მოუწევთ საქართველოს ნაკრების თამაშზე წასვლა, კვლავ წყვილი ასე, ორი დროშით...

ვასკას ოჯახი, დედა, მანჩო თოიძე და მამაა, მერაბ ჯალაღონია პრაღაში ცნობილი ქართველები არიან. ვინ არ იცის “მანჩოს პოლევკარნა,” ქართული ბისტრო, სადაც ოჯახის უკლებლივ ყველა წევრს უწევდა ხოლმე სხვადასხვა დროს მუშაობა. მერაბი მხატვარია და მისი წვლილიც დიდია: ბისტროს ინტერიერს მისი მხატვრული ნამუშევრები ამკობს.

როცა ვასკა თვითონ თამაშობდა ფეხბურთს, საოჯახო ბიზნესს არ გამოჰკლებია, ამის ფუფუნება არ გვქონდა, მე მეთამაშა და ოჯახს კიდევ ჭაპანი ეწიაო, მიამბო.