აქტივისტები სამოქალაქო გაერთიანებისა „რუსეთი ოკუპანტია“ ქუთაისში მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ. წითელარმიელი მეთაურის ძეგლი მისივე სახელობის სკვერში დგას.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს ქუთაისშიც მართავენ, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციების მთავარ მოთხოვნებს კიკვიძის ძეგლის დემონტაჟიც დაამატეს. აქტივისტებმა ძეგლს გადააფარეს პლაკატი წარწერით: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ამბობს, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლი თანამედროვე საქართველოში არ უნდა იდგეს, მით უმეტეს, რომ საბჭოთა სიმბოლოებს კრძალავს კანონი - „თავისუფლების ქარტია“. აკაკი საღინაძე მიიჩნევს, რომ„საბჭოთა რუსეთის სახელით მებრძოლი ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი და მისი ოკუპაციის მუზეუმში განთავსება უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატულებაც იქნება, რადგან კიკვიძე წითელი არმიის სახელით იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობდა ჟიტომირის აღებაში, რომელიც დღეს ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია. ვითხოვთ ძეგლი გადაიტანონ საბჭოთა წარსულის მუზეუმში ან სხვა ადგილას“.
ასევე ნახეთ ვასილ კიკვიძის ძეგლი - საჯილდაო მონუმენტი ქუთაისშისამოქალაქო აქტივისტ აკაკი საღინაძისვე განცხადებით, მიუხედვავად იმისა, რომ ბოლო წლებში ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების არც ერთი მოთხოვნა კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის შესახებ, სამოქალაქო გაერთიანება „რუსეთი ოკუპანტია“ წერილობით ისევ მიმართავს მერიას და კიდევ ერთხელ მოითხოვს ძეგლის დემონტაჟს.
ქუთაისის მერიას ძეგლის საკუთარი თანხებით დემონტაჟი რამდენიმე წლის წინ შესთავაზა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“, თუმცა მაშინ ორგანიზაციის წევრებმა ნებართვა ვერ მიიღეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ქუთაისელი დღესაც მზად არის, რომ ძეგლის დემონტაჟისთვის თანხა გაიღოს. მათ შორისაა ერთ- ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.მისი განცხადებით, თანამოაზრეებიც ჰყავს და სურთ, რომ კიკვიძის ძეგლი რომელიმე მუზეუმში განთავსდეს: „ ეს არის სიმბოლური განაცხადი და რჩება პოლიტიკური ნება, რომელიც უნდა გამოხატოს ხელისუფლებამ, სურთ თუ არა იდგეს ძეგლი ქალაქში. ერთი მხრივ, მოიპატიჟო ტურისტები უკრაინიდან, გააცნო ქუთაისი და, ამავე დროს, დაახვედრო ჯალათის ძეგლი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დანაშაულს სჩადიოდა, არ გამოდის“.
ასევე ნახეთ ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენსამოქალაქო აქტივისტების საპასუხოდ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომგეგმავენ მოსახლეობის გამოკითხვას, რადგან მიაჩნიათ, რომ ძეგლის ადგილსამყოფელიმოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ, განსაკუთრებით კი ე.წ. „ზასტავის“ დასახლებაში, სადაც კიკვიძის ძეგლი დგას. ამ ძეგლთან დაკავშირებით მოქალაქეების აზრის შესწავლის საჭიროებაზე მერიაში თებერვალშიც განაცხადეს - მაშინ, როდესაც ქუთაისის საკრებულოსთან მოქმედმა გენდერული თანასწორობის საბჭომ საკრებულოს მიმართა ძეგლის დემონტაჟის რეკომენდაციით. როგორც საბჭოს ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია განმარტავს,ვასილ კიკვიძის მონუმენტი საქართველოს კანონს - „თავისუფლების ქარტიას“ - ეწინააღმდეგება და მისი ამ ფორმით არსებობა გაუმართლებელია: „ჩვენ რეკომენდაცია გავაგზავნეთ წლის დასაწყისში და მასზე ქალაქის მერის თანხმობაც გვქონდა მიღებული. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ქმედებას. ახალგაზრდების მოთხოვნა დადებითი პროცესია და აჩქარებს ამ პროცესს და ცალსახად ვეთანხმები, რომ კიკვიძის ძეგლი არ იდგეს ქუთაისში“.
ვასილ კიკვიძე ქუთაისში დაიბადა. ის, 24 წლის ასაკში, თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ძეგლი, რომლის ავტორი ვალერიან მიზანდარია, 1959 წელს დაიდგა. მონუმენტის დემონტაჟის იდეაპირველად 30 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ეროვნული მოძრაობის წევრებმა ქუთაისში ლენინის ძეგლი დაამსხვრიეს. მაშინ ვასილ კიკვიძის ძეგლი დემონტაჟს გადაურჩა.ბოლო ხანებში მონუმენტი რამდენჯერმე წითლად შეღებეს და არაერთხელ დატოვეს წარწერა: „ჩამომიღეთ“.