საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტზე პასუხი, საქართველოს სახალხო დამცველმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისგან (ოდირისგან) 5 თებერვალს მიიღო.
ნინო ლომჯარიამ საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების პროექტი, ოპოზიციური პარტიების თხოვნით, ოდირს 9 დეკემბერს გაუგზავნა.
კანონპროექტის ოდირში გაგზავნის თხოვნით, ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველს მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის ამოიწურა დისკუსიის რესურსი იმის თაობაზე, შეესაბამებოდა თუ არა კონსტიტუციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი (ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანულ მოდელზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს. 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულით ჩანაცვლების საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდეს).
ასევე ნახეთ "ოცნება" და არჩევნების ოპოზიციური, ე.წ. გერმანული მოდელი5 თებერვალს ჩამოსული ოდირის დასკვნა ინტერპრეტაციების ნოყიერ ნიადაგად იქცა. საზოგადოების მოლოდინი იმისა, რომ ოდირის დასკვნის საფუძველზე გახდებოდა ცნობილი, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი, არ გამართლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ოდირის პრეროგატივა არ არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების კონსტიტუციასთან შესაბამისობის განსაზღვრა. ეს პრეროგატივა ვენეციის კომისიას ეკუთვნის.
„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიცია „ორმაგ არაკომპეტენტურობაში“ სწორედ იმის გამო დაადანაშაულა, რომ მან ცვლილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად ოდირს მიმართა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად ვენეციის კომისიისთვის მიმართვასაც მოითხოვდა. ვენეციის კომისიისათვის მიმართვა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.
„ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით - ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და მეორე - მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ „ოდირის დასკვნის შემდეგ, ოპოზიცია ნოკაუტშია“:
„რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტის კონსტიტუციურობაზე ლაპარაკობდნენ და ამბობდნენ, ამას იტყვის, ეუთო/ოდირიო, დღეს ამბობენ, თურმე, ეს სადავო საერთოდ არ ყოფილა. წარმოუდგენელ და საოცარ განცხადებებს აკეთებენ“.
ხელისუფლებისაგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კანონპროექტის ავტორებს, ოპოზიციის ლიდერებს. ოდირის დასკვნაში მათ ამოიკითხეს, რომ ეუთოს „ქართული ოცნებისათვის“ შეთავაზებული სისტემის კონსტიტუციურობის მიმართ შეკითხვები არ აქვს.
ამას ამბობს პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი:
„ეუთოს არ აქვს არც ერთი კითხვა ამ მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მას აქვს ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, ისეთი, როგორიცაა, ბიულეტენის შევსების წესი ხომ არ დაიხვეწოს, ცესკოს რამდენიმე დღე ზედმეტი ხომ არ მიეცეს შედეგების შეჯამებისთვის და ასეთი საკითხები. „ქართული ოცნება“ გვეუბნება, აბა, სად წერს ეუთო, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას შეესაბამებაო?! ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასამართლო წყვეტს ნებისმიერ დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არც ერთ საკითხს არ სვამს, ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო. იქ, სადაც ეუთოს ასეთი კითხვა ებადებოდა მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ მორიდებია და დოკუმენტში ჩაწერა“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით კი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ მოქმედი კონსტიტუციით, 73 მაჟორიტარია დადგენილი და არსებული კანონმდებლობით 73 მაჟორიტარი აირჩევა ერთმანდატიანი, ხოლო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელით - მრავალმანდატიანი სისტემით: „ანუ, მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში, ანუ კონსტიტუციურობის ფარგლებშია ჩვენი პროექტი“.
კახიძის თქმით, ეუთოს შეფასებაა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელს სჭირდება ორგანული კანონის და არა კონსტიტუციის შეცვლა.
„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ეუთოს დასკვნა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაგრძელებლად.
ოდირის დასკვნის რამდენიმე ასპექტი
5 თებერვლით დათარიღებულ ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ:
- საარჩევნო სისტემის არჩევანი, ეს არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა იყოს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს განიხილონ რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და მიღებული უნდა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად.
- შეიცვალოს დებულება ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების წესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის სურვილი ნათლადაა გამოხატული, ბათილად არ იქნას ცნობილი;
- გადაიხედოს ის დებულება, რომელიც უგულებელყოფს იმ ამომრჩევლების მიერ პარტიული სიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარულ რბოლაში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შესაჯამებლად მიცემული ვადა არ აღემატებოდეს საჭირო პერიოდს და საარჩევნო დავების ვადებთან შესაბამისობაში იყოს;
- პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმის უზრუნველსაყოფად, გადაიხედოს იმ ქვეოლქის შერჩევის მეთოდი, რომელშიც ჩატარდება შუალედური არჩევნები;
- გაანალიზდეს და საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს დებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანდატების თანაბარი განაწილება ახალ მრავალწევრიან ოლქებს შორის;
- გადაიხედოს კანონპროექტი, განისაზღვროს, რომელი დებულებები იცვლება და უზრუნველყოფილი იქნას ცვლილებების თანმიმდევრობა საარჩევნო კოდექსის არსებულ დებულებებთან.
ამასთანავე, ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კანონის, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ელემენტების ცვლილებას. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით კი, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა იყოს ღია ცვლილებისთვის მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი. ცვლილება უნდა განხორციელდეს ორგანულ კანონში შესწორებების შეტანით, რაც კონსტიტუციის თანახმად, შეიძლება შეიცვალოს პარლამენტში ხმების მარტივი უმრავლესობით.
როგორ წაიკითხეს ოდირის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა?
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ოდირის დასკვნაშია მითითებული, ეს არის პასაჟი, როდესაც დასკვნის ავტორები წერენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.
რაც შეეხება ცვლილებების კონსტიტუციურობის საკითხს, ის მიუთითებს:
„დასკვნაში ცალსახად და გამოკვეთილად არაფერია ნათქვამი კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, უარყოფითად არ არის შეფასებული შეთავაზებული ცვლილებები. ამასთანავე, კომისიამ შეთავაზებული მოდელი განიხილა დეტალებში, ასევე ჩამოაყალიბა რეკომენდაციები. ჩვენი აზრით, კომისია არ შევიდოდა ამგვარ განხილვაში, თუკი ის თავიდანვე ჩათვლიდა, რომ ეს მოდელი ცალსახად და აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.
ხოლო რეკომენდაციაზე, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებები არ უნდა იქნას მიღებული მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, ცხადია, გასათვალისწინებელია, მაგრამ ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ერთი მხრივ, საქმე ეხება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილებების ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში არათუ ერთი წლით, არამედ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრეც კი ხორციელდება ხოლმე:
„ეს სტანდარტი იმისთვის არის დადგენილი, რომ ხელისუფლებამ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების საწინააღმდეგოდ არ განახორციელოს ისეთი ცვლილება, რომელიც მოულოდნელი იქნება და არახელსაყრელ პირობებში ჩააყენებს ოპოზიციურ პარტიებს თუ დანარჩენ აქტორებს, ვინც არჩევნებშია ჩართული. მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა, რათა გვქონდეს სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს სტანდარტი არასდროს არის დაცული საქართველოს შემთხვევაში და წინა წლებშიც, ცვლილებები ხორციელდებოდა არჩევნების წელს და მეტიც, რამდენიმე თვით ადრეც კი, რაც, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის და უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი მანამდე განხორციელდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ მივიღოთ გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემა“.
ის, რომ ოდირი ცვლილებების კონსტიტუციურობაზე არ იმსჯელებდა, ცხადი იყო ლევან ნატროშვილისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერისთვის. მისი თქმით, დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პრობლემა კვლავ ღიად რჩება, რადგან არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული, სამართლიანი გზით გამართვას უზრუნველყოფს:
„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კვლავ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაა, ვინაიდან ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდება ვერც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე და ვერც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შერეულ მოდელზე. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. იმდენად მაღალია პოლარიზაცია და დაძაბულობა, რომ არჩევნებამდე მშვიდად მისვლის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ გამოსავალი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. სურვილის შემთხვევაში, პარლამენტს შეუძლია მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში მიიღოს ცვლილებები და, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები სამი მოსმენით. 31 ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი“.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ დღეს, ქვეყნის შიგნით არსებობს გამოსავალი, რომელიც განმუხტავს შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას და ეს გამოსავალი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე გადის:
„როდესაც პოლიტიკურ პროცესში ინტერპრეტაციების ადგილი ჩნდება, ერთ მხარეს რჩება პარტიული ინტერესები, მეორე მხარეს სახელმწიფოებრივი ინტერესები. სამწუხაროა, რომ რეალურად, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ორივე მხარემ, სწორედ ეს, პარტიული გზა აირჩია. ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვამბობდი, რომ არ გვინდა ქვეყნის გარეთ გასვლა. თუკი ხელისუფლებას აქვს მზაობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაშინ პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, დაუჭიროს მას მხარი სამი მოსმენით და უკვე შემდეგ, მიღებული მოდელი განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. შესაძლოა მცირედით, მაგრამ დღესაც არის გამოსავალი. თუკი ამ საკითხზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და თუკი ის იტყვის, რომ არა, ეს ცვლილება არის ანტიკონსტიტუციური, ამ შემთხვევაში, მივიღებთ იმ მდგომარეობას, როდესაც ქვეყნის დემოკრატიული მექანიზმი იქნება ამუშავებული და ყველა დაემორჩილება მას. ხოლო, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციის შესაბამისია, არჩევნები ჩატარდება ე.წ. გერმანული მოდელით და ტაშს დავუკრავთ უმრავლესობას, რომ დაუჭირა ამ მოდელს მხარი“.
„ქართული ოცნებისათვის“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი დღის წესრიგში 14 ნოემბრის შემდეგ აღარ დგას. ე.წ. გერმანულ მოდელს ისინი ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციურად მოიაზრებენ. ერთადერთი შეთავაზება, რაც მმართველ გუნდს ოპოზიციასთან აქვს, ეს არის მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, თუმცა, მაჟორიტარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირება, რასაც ასევე ესაჭიროება საკონსტიტუციო ცვლილებები. „ქართული ოცნების“ შეთავაზებას არ ეთანხმება ოპოზიცია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით გამართვის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აგრძელებს.