„განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს. მე ვფიქრობ, ცოტა მიწყნარდება სიტუაცია და გამოუშვებენ. პრობლემა იმაშია, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი პატიმრობა აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, მალე გამოუშვებენ. მას კარგად ექცევიან, ამ მიმართულებით სანერვიულო არაფერია. ის აქ განსაკუთრებულად არ გვჭირდება, მისი აქ ყოფნა ჩვენთვის პრობლემაა“, - ამ შინაარსის გზავნილს რადიო თავისუფლებას ცხინვალელი წყარო უგზავნის. საქმე ეხება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას. ეს წყარო დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია და კარგად იცის, როგორია ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესები.
20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა გაფრინდაშვილის საპატიმროში მონახულება მხოლოდ ორჯერ შეძლო. ბოლო გზავნილი ოჯახმა 28 ნოემბერს მიიღო. წერილი ერთაბზაციანია და ექიმი ოჯახისგან არაფერს ითხოვს.
„განვახორციელეთ მეორე ვიზიტი ბატონ ვაჟასთან. ცხინვალის ციხეში ამ ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ბატონ ვაჟას და მის ოჯახს მივცეთ კომუნიკაციის საშუალება. ამჯერადაც „წითელი ჯვრის“ საბარათე ბლანკი, შევსებული ოჯახის მიერ, გადაეცა მას, მანაც საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა. მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის
დამაკმაყოფილებელი”,- აცხადებს მაია ქარდავა, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„წითელი ჯვრის“ პირველი ვიზიტი ცხინვალის ციხეში გაფრინდაშვილის მოსანახულებლად 18 ნოემბერს შედგა. ვიზიტის შემდეგ „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ოჯახსაც ჰქონდა. ექიმის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი, რადიო თავისუფლებას ამ ბოლო შეხვედრის დეტალებს აცნობს.
28 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, გრიგორი კარასინს, ესაუბრა. პრაღაში გამართული მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წლამდე დატოვებს ცხინვალის ციხეს და დღესასწაულს ოჯახთან ერთად შეხვდება.
ასევე ნახეთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავსაბაშიძე-კარასინის შეხვედრამ ექიმის ოჯახს იმედი გაუჩინა, რომ გათავისუფლების პროცესი მალე დაიწყება. კარასინის განცხადება ბოლო 20 დღის განმავლობაში პირველი იყო, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირის მხრიდან გაკეთდა. ირინა გაფრინდაშვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ასევე ნახეთ ექიმი: ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმკურნალობდი რუს ტყვეებს
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი და სამედიცინო ორგანიზაციები, უკვე დიდი ხანია, ითხოვენ, თუმცა ცხინვალი ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც ამ თემაზე ილაპარაკეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს. ასეთი იყო ცხინვალელი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი. „ეხო კავკაზასთან“ საინტერესო კომენტარი გააკეთა რუსეთში გავლენიანმა პოლიტოლოგმა, ნიკოლაი სილაევმა. მისი თქმით, ბიბილოვის ხელისუფლება ყოველდღიურად იფუჭებს რეპუტაციას და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში თავის თავს არაჰუმანურ და არაადამიანურ მმართველად წარმოაჩენს: „ამ შემთხვევაში რთული პოლიტიკური გათვლები არ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სერიოზული საგარეო პოლიტიკური შეცდომაა. დღეს ისინი გამოიყურებიან ადამიანებად, რომლებმაც ცარიელ ადგილზე თავი წარმოაჩინეს არაგულმოწყალე და სასტიკ ხალხადაც კი. ვინ რა დაარღვია, ამაზე თბილისსა და ცხინვალში სხვადასხვა შეხედულება აქვთ. მაგრამ არსებობს საერთო ადამიანური ცნება, რომ ექიმი ხელშეუხებელია. რეალური თუ მოჩვენებითი პოლიტიკური პრობლემების მოგვარება ექიმის ხარჯზე ლამაზი საქციელი არ არის. თუ საზღვარი დაარღვია, ოქმი უნდა დაუწერო და გაუშვა. ეს რეპუტაციის საკითხია, რეპუტაცია კი მორიგ ჯერზე შეილახა. დღეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი აუარესებს იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ერთადერთი გონივრული გამოსავალი მისი გათავისუფლებაა“.
სილაევის აზრით, არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთის რეპუტაციაც ზიანდება, რადგან ცხინვალის მოკავშირე და მფარველი მოსკოვია და ვერ ხვდება, ამას აცნობიერებენ თუ არა ცხინვალში. გრიგორი კარასინის მხრიდან უკვე გაკეთდა ღია გზავნილი, რომ ექიმი გათავისუფლდება და ეს გზავნილი უკვე ცხინვალშიც გაიგეს. ახლა შესაბამისი პროცედურების დაჩქარების დროა.
ასევე ნახეთ ცხინვალისა და მოსკოვისთვის რეპუტაციული ზარალი და ვაჟა გაფრინდაშვილის საქმევაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს ახალგორის სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი ცხინვალელი გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ აღიარებს ე.წ. საზღვრის დარღვევას და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.