სტრასბურგი: ვანო მერაბიშვილის საქმის დეტალები

ვანო მერაბიშვილი

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი „ამჟამად“ საჭიროდ არ თვლის საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას. თუმცა კომიტეტი პრინციპულად მოითხოვს ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის საკნიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტის დამოუკიდებელ გამოძიებას, ყველა დამნაშავე პირის გამოვლენას, დასჯას და იმის დადგენას, რა ზეგავლენა მოახდინა ამ ფაქტმა პატიმარ მერაბიშვილის საქმეებში.

საკნიდან გაყვანის ფაქტი და ზეგავლენები

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1331-ე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის (2013 წლის 14 დეკემბერი) ფაქტი „საფუძვლიანად და სწრაფად“ უნდა იქნას გამოძიებული ევროპული კონვენციის "მე-18 მუხლის დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე“, უნდა გამოვლინდეს დაკავებულის ზეწოლაში მონაწილე ყველა სავარაუდო დამნაშავე და დადგინდეს „ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს რაიმე სახის ზეგავლენა სისხლის სამართლის საქმეებზე.“

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველმა ორგანომ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იმსჯელა. ტექსტში კიდევ ერთხელ არის გამეორებული ის გარემოება, რომ საკნიდან გაყვანილ ვანო მერაბიშვილს იმჟამინდელი მთავარი პროკურორის სავარაუდო მონაწილეობით აიძულებდნენ ინფორმაციის გაცემას განყენებულ საქმეებზე (ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით). მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის განხილვა წინასწარ პატიმრობას შეეხებოდა, როგორც დაკავებულის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აღნიშნავს:

  • კომიტეტმა, თავისი გადაწყვეტილებით, ეჭვქვეშ დააყენა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის ყველა საქმე და განაჩენი.
  • კომიტეტმა ხელისუფლებას საკნიდან გაყვანისა და პატიმარზე ზეწოლის საქმის გამოსაძიებლად 6-თვიანი ვადა მისცა (კომიტეტის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ის ამ საქმეს, სულ გვიან, 2019 წლის ივნისში დაუბრუნდება).

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, რომელსაც ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სახელსაც უკავშირებენ, ხელისუფლებამ ხელახალი გამოძიება სულ ახლახან დაიწყო.

ასევე ნახეთ რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან?

7 დეკემბერს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და საკმარისი იქნება თუ არა 6 თვე საქმის გამოსაძიებლად. მინისტრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ კომიტეტი მიესალმება ხელახალი გამოძიების დაწყებას საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.

მოსალოდნელია თუ არა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება?

„თუკი გუშინ (6 დეკემბერს) გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა ჩვენს მთავრობას დაავალა, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში?!“, - ეს შეკითხვაც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დასვა და ამ დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მთავრობას სტრასბურგი არ თხოვს ყოფილი პრემიერის გათავისუფლებას.

ასევე ნახეთ მერაბიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებენ

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა ჩამონათვალში, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, მართლაც არაფერია ნათქვამი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე. თუმცა ვრცელ განცხადებაში, რომელიც ასევე კომიტეტის სახელით ვრცელდება, ნათქვამია, რომ გათავისუფლების მოთხოვნის საჭიროება „ამჟამად“ არ არსებობს.

„განმცხადებელი საპატიმრო სასჯელს იხდის სხვადასხვა განაჩენის მიხედვით და მათ შორის არის კავშირი მკვლელობის დანაშაულთან „ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეში“... ამ და სხვა ბრალდებების გამო მერაბიშვილი საპატიმროში დარჩება 2020 წლის 21 თებერვლამდე . ამ მიზეზების გამო, ამჟამად არ არის მიზანშეწონილი და აუცილებელი ხელისუფლებისთვის მიმართვა, ბატონი მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.“

ტექსტში განმარტებული არ არის, ნიშნავს თუ არა სიტყვა „ამჟამად“ იმას, რომ მოგვიანებით, მაგალითად - საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიების შემდეგ, შესაძლოა ისევ დადგეს დღის წესრიგში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი.

ფაქტია, რომ კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ახალი გამოძიების დასრულების შემდეგ, შედეგების მიხედვით განიხილოს შემდგომი ზომების საჭიროების საკითხი.

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ (2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით) დამაჯერებლად მიიჩნია მტკიცება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტის შესახებ.
  • ასევე, დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო ორგანოები წინასწარ პატიმრობას კონვენციის მე-18 მუხლთან შეუსაბამო მიზნებისთვისაც იყენებდნენ.
  • კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა თავისუფლების უფლებასთან კავშირში.
  • ასევე, დიდმა პალატამ საქართველოს სახელმწიფოს ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
  • დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ვერ დადგინდა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში კიდევ ერთხელ მეორდება ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ დასმული აქცენტი შესაძლო პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.

„სასამართლომ უარყო განმცხადებლის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისი პატიმრობა და წინასწარი პატიმრობა მიმართული იყო პოლიტიკური სცენიდან მისი ჩამოშორებისკენ და რომ იყო პოლიტიკური მოტივის ნიშნები გათავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრისა და 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებების უკან “, - ვკითხულოვთ მინისტრთა კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში.