ვალების განულება ხმების სანაცვლოდ?

ამომრჩეველთა მოსყიდვაა, მათ შორის - დაპირების გაცემაც და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელად თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ „ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევის“ ნიშნებს ხედავს არასამთავრობო სექტორი არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ გახმოვანებულ დაპირებაში, რომელიც 600 000 მოვალისთვის "სესხის განულებას" ისახავს მიზნად. შეკითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს, ხოლო როგორც მთავარ პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გაცემული ვალების განულება „კერძო ხასიათის შეთანხმებაა“ და საკითხი შესწავლის სტადიაზეა.

გულის მოგება და კანონი

ჯერ კონკრეტულად არავინ არაფერი იცის და ხელისუფლების მიერ გაცემულ დაპირებებსაც ჯერ მხოლოდ სიტყვაზე შეიძლება ენდოს ადამიანი, მაგრამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ ვალების განულების პერსპექტივის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ემადლიერება და ბევრი იმასაც ამატებს, რომ მადლიერებას 28 ნოემბერს არჩევნებზეც შესაბამისად გამოხატავს. რამდენიმე მოქალაქემ მადლიერება რადიო თავისუფლებასთანაც გამოხატა:

  • ლია 52 წლის: ყოველ წუთას მაწუხებდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მოდიოდნენ, მირეკავდნენ და თუკი ამ ვალისა და შავი სიის ჯოჯოხეთს მომაშორებენ, ცხადია, „ოცნების“ კანდიდატს მივცემ ხმას... მაგრამ მე ისედაც „ოცნებას“ ვემხრობოდი.
  • ლადო 35 წლის: ვისი აზრიც მტკიცედ ოპოზიციური არ არის, ვფიქრობ, მათ გულს ამ დაპირებით იოლად მოიგებს „ქართული ოცნება“. მეც მაქვს სესხი აღებული და ველოდები განულებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვაა „საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.“

ვისთვის რას ამბობს კანონი

სწორედ სს კოდექსის ამ განმარტებების შესაბამისად ხედავს არასამთავრობო სექტორი იმ მასშტაბის მოსყიდვის ნიშნებს, რომელიც „უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე“. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, არასამთავრობო სექტორი ხალხის დახმარებას არასოდეს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს კამპანიურად, არჩევნების წინ და დახმარებაც არ უნდა იყოს პოპულიზმზე აგებული.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ბენიძე "ვალების განულების" გეგმაზე

  • ბენიძის თქმით, ამ ინიციატივაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფული რომ იხარჯებოდეს, მაშინ ლაპარაკი იქნებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე;
  • მაგრამ ამ შემთხვევაში ეჭვია ამომრჩევლის მოსყიდვაზე, რადგან უშუალოდ მეორე ტურის წინ სესხების განულების გეგმას აანონსებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და მათ შორის, თავად ბიძინა ივანიშვილიც არის გამოსახული წინასაარჩევნო ბილბორდებზე.
ასევე ნახეთ რა ითქვა ინიციატივის პირველ დღეს

ინიციატივის გახმაურების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ ვალების განულების ინიციატივა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსდა და უბრალოდ, გეგმის განხორციელების ეტაპი დაემთხვა არჩევნების მეორე ტურს. „ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ რესურსი არ არის სახელმწიფო. კანონი რას ამბობს ის არის მთავარი. კანონი კრძალავს ადმინისტრაციული და სახელმწიფო რესურსების გამოყენებას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. აქ საუბარია ვალდებულებაზე, რომელიც უნდა განახორციელოს ფონდი "ქართუს" გადაწყვეტილებით თავად ამ ორგანიზაციამ, რაც არ არის ადმინისტრაციული რესურსი და სახელმწიფო ბიუჯეტი. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ივნისის თვემდე გაკეთებული განცხადებები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ აქვს და კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის",- განაცხადა 20 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ კანონი არ დაურღვევია, რადგან ამ შემთხვევაში ლაპარაკია გარიგებაზე კერძო სუბიექტებს შორის. თუმცა არავინ მალავს, რომ ყველა გზა მაინც „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მიდის:

  • კვლავაც ფონდ „ქართუს“ დამფუძნებლად მოიხსენიებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ამ პროცესში მის უშუალო ჩარევაზეც ლაპარაკობს ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი.
  • ეკა ბესელიამაც განაცხადა, რომ „კერძო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას“ და „ეს არის უდიდესი სიკეთე.“
  • ფონდი „ქართუ“ ყოველთვიურად უხდიდა და დღემდე უხდის ფულს საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს და თუკი ვინმე ლაპარაკობს ამ ფონდზე, მის მიღმა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს - მადლიერებაც მისკენ არის მიმართული და პრეტენზიებიც.

ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაზე ლაპარაკობს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. როგორც პოლიტიკური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა 20 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ მსგავსი დაპირებებით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. „მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე“ - ასეთია ვაშაძის მოწოდება.

მართალია, სესხების განულების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თუკი სესხების განულების ინიციატივის განხორციელების პროცესში „კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან“, მაშინ „ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის სამართალადამცავი ორგანოების თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს მთავარ პროკურატურაში, საკითხი შესწავლის ეტაპზეა და „დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება". თუმცა უწყება ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს - "ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს“.