რადიო თავისუფლებას, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჰქონდა რამდენიმე ინტერვიუ „ქართული ლეგიონისა“ და „კავკასიის ლეგიონის“ მეთაურებთან, მამუკა მამულაშვილთან და ლადო გამსახურდიასთან. ამჯერად კობა ლიკლიკაძე სპეცდანიშნულების რაზმ „შავი არწივის“ მეთაურ ვაკო სულაძეს ესაუბრა. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ უკვე წელიწად ნახევარია თავის ქვედანაყოფთან ერთად, ბახმუტის მიმართულებაზე ასრულებს სპეციალურ დავალებებს.
შერჩათ თუ არა უწინდელი მოტივაცია ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინაში მყოფ ქართველ მოხალისეებს? როგორ ხედავს უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულს სპეცდანიშნულების რაზმ „შავი არწივის“ მეთაური ვაკო სულაძე? და რატომ უწოდებენ მას აბუ მარიამ ალ გურჯს?
„შავი არწივი“ მრავალეროვანი ქვედანაყოფია.
რადიო თავისუფლება: თქვენ და თქვენი ქვედანაყოფი, დიდი ხანია უკრაინაში ხართ. და მე როგორც ვიცი, გყავთ დაჭრილი და დაღუპული მებრძოლები. თავდაპირველად მათზე გვიამბეთ ორიოდე სიტყვა.
ვაკო სულაძე: ბახმუტის მიმართულებაზე ერთ-ერთ ბრძოლაში, ეს იყო დივერსიულ-სადაზვერვო ოპერაცია, დაჭრილ იქნა ქვედანაყოფი „შავი არწივის“ ალფა ჯგუფის მეთაური კოკა მურაჩაშვილი. ოპერაცია დასრულდა წარმატებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ალფა ჯგუფის მეთაურმა დაკარგა კიდური, კერძოდ, მარჯვენა ფეხი.
ასევე ნახეთ
„კამიკაძე დრონმა ამაფეთქა“ - როგორ იბრძოდა და დაიჭრა ბახმუტთან ქართველი მეთაური კოკარა თქმა უნდა, ქვედანაყოფ „შავ არწივში“, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, როგორც ყველა საბრძოლო და მოქმედ საბრძოლო დანაყოფში. თან, მით უმეტეს, მარტო წლინახევრის განმავლობაში „შავი არწივი“ იმყოფება ბახმუტის მიმართულებაზე, დონეცკის ოლქში და ამ პერიოდის განმავლობაში შეუჩერებლად არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. გვქონდა დანაკარგი, სამწუხაროდ, „შავ არწივში“ დაჭრილებიც გვყავს და მსხვერპლიც გვქონდა. მაგრამ „შავი არწივი“ აგრძელებს საბრძოლო დავალებების შესრულებას და გააგრძელებს იქამდე, სანამ არ გაიმარჯვებს.
რადიო თავისუფლება: ერთ-ერთ ვიდეოზე, თქვენი ქვედანაყოფის ფეისბუკის გვერდზე რომაა გამოქვეყნებული, თანამებრძოლებს ქართულად მიმართავთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ დანაყოფში, „შავ არწივში“, მხოლოდ ქართველები გყავთ?
ვაკო სულაძე: არა, რა თქმა უნდა. „შავ არწივში“ არის როგორც ქართველი, ისე სხვა ერის წარმომადგენელი. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ რადგან მე ქართველი ვარ მეთაური, მარტო ქართველები იყვნენ ქვედანაყოფში. გვყავს როგორც ბელარუსები, ისე აზერბაიჯანელები, კავკასიის წარმომადგენელი, ჩვენი მოძმე ერები. თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. ამიტომ „შავი არწივი“ მრავალეროვნული ქვედანაყოფია.
ასევე ნახეთ
ცოტა რამ უკრაინაში მებრძოლ ბელარუს მოხალისეებზე
"არ ვთვლი, რომ „შავი არწივი“ ვინმესთან უნდა გაერთიანდეს"
რადიო თავისუფლება: უკრაინაში რამდენიმე ქართული ქვედანაყოფი მოქმედებს: „ქართული ლეგიონი“, „კავკასიის ლეგიონი“, თქვენი „„შავი არწივი“... ცოტა ბევრი ხომ არაა პატარა საქართველოსთვის? უფრო სწორად, იცით რის თქმა მინდა, ვაკო, რატომ ვერ ახერხებთ ბრძოლის ველზე გაერთიანებას? თუ ასეთი გაერთიანება ხელოვნურია და არ არის აუცილებელი, რომ მოხდეს?
ვაკო სულაძე: ბატონო კობა, თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბევრი ქართული ქვედანაყოფი მოქმედებს. ეს კარგი სიტყვაა. ხოლო რაც ბრძოლას შეეხება, ბრძოლა, ალბათ, უფრო ისეთი სიტყვაა, რომელიც დროთა განმავლობაში ხალხმა უნდა შეაფასოს, თუ ვინ, როგორ იბრძვის და როგორ უბრძოლია ამ ომის განმავლობაში. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ „შავი არწივი“ ვინმესთან უნდა გაერთიანდეს, როგორც ქვედანაყოფი და სამხედრო ძალა. ხოლო თუ ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ შემოუერთდეს „შავ არწივს“ - ჩვენი კარები ღიაა ყოველთვის.
რადიო თავისუფლება: თქვენი ნაწილის, „შავი არწივის“ ფეისბუკის გვერდზე არის საინტერესო ფოტო. მასზე თქვენ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრ აჰმედ ზაკაევთან ერთად ხართ გამოსახული. ეს მარტო სამახსოვრო ფოტოა, ვაკო, თუ უფრო სხვა კავშირიც გაქვთ ჩეჩნეთის იატაკქვეშეთის ლიდერთან?
ვაკო სულაძე: რა თქმა უნდა, კავშირი გვაქვს აჰმედ ზაკაევთან. მჭიდრო კავშირი გვაქვს, ჩვენს მოძმე აბდულ ჰაკიმ ალ-შიშთან, რომელიც არის იჩქერიის სამხედრო პოლკოვნიკი და ერთ-ერთი ძლიერი ჩეჩნური სამხედრო ქვედანაყოფის მეთაური (ემირი). ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი მათთან, როგორც საბრძოლო, ისე ძმური და მეგობრული. ამიტომ ძალიან ხშირად ვართ კავშირზე ზაკაევთან, აბდულ ჰაკიმთან და სხვა ჩვენს ძმებთან, ვინც იბრძვის ამ ბოროტების და ტირანიის წინააღმდეგ.
"აბუ მარიამ ალ გურჯი", ანუ მარიამის მამა საქართველოდან
რადიო თავისუფლება: ორი რამ მაინტერესებს კიდევ თქვენ შესახებ. პირველ ყოვლისა, რაკი ბევრჯერ ვახსენეთ, რატომ დაარქვით თქვენს ქვედანაყოფს „შავი არწივი“, რადგან აფხაზეთის ომის დროს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობდა „თეთრი არწივი“. და მეორე, თუ რატომ გიწოდებენ თქვენ, ქართველ ვაკო სულაძეს, აბუ მარიამ ალ გურჯს?
ვაკო სულაძე: სახელ „შავ არწივზე“ დიდხანს ვფიქრობდი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ არ დაწყებულა 2022 წელს. 2014 წლიდან მე ვიყავი ჩართული ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რომლებსაც ახორციელებდა უკრაინა, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ხოლო ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკვე ჩამოყალიბდა „შავი არწივი“, რომელსაც ქვედანაყოფის სახელი და სახე მიეცა. რაც შეეხება ჩემს სახელს, მე ვარ ვაკო სულაძე, ეს ჩემი დაბადების სახელია. ხოლო აბუ მარიამ ალ გურჯი... მარიამი არის ჩემი შვილი, გოგო, და არაბულად მიღებულია ასეთი სახელის ქონა. და ასე მოგვმართავენ ჩვენი მუსლიმი ძმები - „მარიამის მამა საქართველოდან“.
რადიო თავისუფლება: ახლა ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რადგან ომი გრძელდება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ომი და თავად თქვენ რას აპირებთ, როცა ეს ომი დასრულდება? სად წახვალთ, რას გააკეთებთ, თუ გაქვთ თქვენთვის ასეთი გეგმის მონახაზი?
ვაკო სულაძე: დღესდღეობით ომი მწვავე ფაზაშია და იყო აქამდეც. სამწუხაროდ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ომი შეჩერდა და გადაინაცვლა სხვა ტერიტორიაზე, - ძალიან ცდება. მიმდინარეობს ბრძოლები ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად, ყოველწუთიერად. თუ რა აქვს ჩვენს მტერს გონებაში, რას ფიქრობს ჩვენ წინააღმდეგ და რას გეგმავს, - ეს შეიძლება მხოლოდ მიხვედრის დონეზე გავშიფროთ. უნდა ვიყოთ ჩვენ მზად ყველაფრისთვის, ყველანაირი სიტუაციისთვის. კონკრეტულად, „შავი არწივი“ არის მზად სიტუაციის ნებისმიერი შემობრუნებისთვის და შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია, ნებისმიერი მიმართულებით. ომის დამთავრების შემდეგ, არ ვიცი, არ მიფიქრია და ალბათ ადრეა ამაზე ლაპარაკი.
რადიო თავისუფლება: როდესაც ვკითხულობთ და გვესმის, რომ ვერ ხერხდება კონსენსუსი, შეთანხმება უკრაინისათვის ფინანსურ დახმარებაზე, როდესაც [პრეზიდენტი] ზელენსკი ლაპარაკობს იმაზე, რომ თუ არ მოგვცემთ იარაღს, ჩვენ შეიძლება დავმარცხდეთო, ვაკო, მოტივაციას ეს რაღაცნაირად ასუსტებს? აისახება ეს მებრძოლების მორალურ-ფსიქოლოგიურ განწყობაზე, მოქმედებს მათზე ნეგატიურად?
ასევე ნახეთ
თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ - უთქვამს ზელენსკის აშშ-შივაკო სულაძე: იცით რა არის, კობა, კონკრეტულად „შავი არწივის“ მაგალითზე გაგცემთ პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით, ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი, აბსოლუტურად არანაირი განცხადება, ნებისმიერი პოლიტიკოსის, ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისა ჩვენზე ვერ იმოქმედებს და არც მოქმედებს. „შავ არწივს“ აქვს სათანადო შეიარაღება, „შავ არწივს“ აქვს სათანადო საბრძოლო მასალები, რომ აწარმოოს სათანადო ბრძოლა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. და ეს გარკვეული პერიოდი არ არის მოკლე. ამიტომ ყველაფერი კარგადაა ჩვენს ქვედანაყოფში, მხოლოდ და მხოლოდ წინ მივიწევთ და ჩვენი ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. ეს აუცილებლად.