ვაკის პარკის ნაწილი სასტუმრო “ბუდაპეშტისთვის” ისევ ძველი მფლობელების ხელშია. მერიასა და კერძო ინვესტორს შორის შეთანხმება ისევ არ არის გაფორმებული.
25 იანვარს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მიულოცა „ვაკის პარკის“ გამარჯვება და იქვე განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაირკვეოდა რას შესთავაზებდა მერია სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას ვაკის პარკში ტერიტორიის სანაცვლოდ.
ასევე ნახეთ რას მიიღებს “ბუდაპეშტის” მშენებელი ვაკის პარკის ნაცვლად?კახა კალაძის ბრიფინგიდან ერთი თვის თავზე, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „მიმდინარეობს მოსანაცვლებელი ქონების შერჩევა-შეთანხმების პროცესი“.
მერიაში არ აკონკრეტებენ, რა იგულისხმება მოსანაცვლებელ ქონებაზე მიმდინარე მოლაპარაკებაში ან რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი.
სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გიორგი ზაქაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ დრომდე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია მისი საკუთრებაა და მშენებლობის ნებართვაც აქვს. „დანარჩენი მერიასთან გაარკვიეთ“,- ამბობს გიორგი ზაქაიძე.
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ სანამ სანაცვლო ადგილი არ შეთანხმდება, მანამდე პარკის ტერიტორის ნაწილი ინვესტორის საკუთრებაში რჩება.
გიორგი ზაქაიძემ 25 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მისთვის მთავარია მიიღოს კომპენსაცია, დანარჩენი კი მოლაპარაკების საკითხია.
„ჩვენ უნდა მივიღოთ კომპენსაცია. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კომპენსაციას თანხით ავიღებთ თუ კონკრეტული ობიექტით. ჩვენ შემოგვთავაზეს ერთიც და მეორეც, ჩვენ უნდა დავკონკრეტდეთ და შევარჩიოთ. ამის ადგილი კაბინეტში არ იყო“.
ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობას წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება. მათი დაჟინებული მოთხოვნის და პერმანენტული აქციების შემდეგ კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა. დღეს ისინი ამბობენ, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელ კომპანიასა და თბილისის მერის შორის მოლაპარაკება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოება მოლაპარაკებების შესახებ ბევრი არაფეი იცის.
„ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი, რომელიც მერიის გადაწყვეტილებას კომპენსაცია შეეთავაზებინა ვაკის პარკის ტერიტორიის სანაცვლოდ ინვესტორისთვის, წარმატებად აფასებდა და იმედოვნებს, რომ მერია ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც მომავალში სადაო გახდება.
„გაწელილი პროცესი მოულოდნელი არ არის, მაგრამ კარგი იქნებოდა მერიას ჩაერთო საზოგადოებრივი მხარეც, თუნდაც თავისი პოზიციის გამყარების მიზნით, რომ მხოლოდ მერიის გადაწყვეტილება კი არ ყოფილიყო, ეს ყოფილიყო იმ ხალხის გადაწყვეტილებაც, ვინც წლების განმავლობაში იცავდა ვაკის პარკს. მაგრამ რადგან მერიამ ეს შანსი არ გამოიყენა, ლოგიკურად, როგორც ჩანს, ის მყარად გრძნობს თავს.“
ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება მოლაპარაკებები მერიასა და ინვესტორს შორის და რას შესთავაზებს მერია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელ კომპანიას.