ადვოკატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც წუხანდელი დაპირისპირების შემდეგ პოლიციას ჰყავს დაკავებული, ნაცემია.
იგი სპეციალური საგამოძიები სამსახურისგან პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამოძიებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“ ეძგვერაძის დაკავებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს და საარჩევნო კამპანიას უკავშირებს.
„როდესაც ირაკლი მოვინახულე, ვნახე, რომ ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები. ასევე, ეტყობა დალურჯებები კისრის არეში“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 5 სექტემბრის დილას ჟურნალისტებთან საუბრისას.
დაკავების ოფიციალური ვერსია
ირაკლი ეძგვერაძე, საკრებულოს წევრი, რომელიც ამავე დროს ენმ-ის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წინა საღამოს, 4 სექტემბერს დააკავეს გლდანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საღამოს გლდანში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, ატარებდნენ „საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით“.
ამ დროს, პოლიციის მტკიცებით, ირაკლი ეძგვერაძემ შსს-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
შსს-ში ასევე ამბობენ, რომ დეპუტატს არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით.
ამავე ინციდენტისას პოლიციამ მისი თანაგუნდელი, ირაკლი ნადირაძეც დააკავა იმავე ადმინისტრაციული მუხლებით. ის გვიან ღამით ხელწერილით გამოუშვეს.
ეძგვერაძე კვლავ საპატიმროშია.
გარემოებები
ადვოკატის თქმით, ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა „ავტოფარეხში იძალადეს“.
„ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ირაკლი ცხოვრობს გლდანში, გუშინ მას სახლში შეუვარდნენ და სახლში ძალადობდნენ“, - თქვა ადვოკატმა.
მისი მტკიცებითვე, არ მისცეს საშუალება, დასწრებოდა ეძგვერაძის დაკავებას და შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეუბნებოდნენ, თუ სად გადაიყვანეს.
ეძგვერაძის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე მოუწოდებს:
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: „დაუყოვნებლივ გამოიძიოს პოლიციის არაკანონიერი ქმედება - უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება“‘
- სახალხო დამცველს - „აიყვანოს პირად კონტროლზე ეძგვერაძის საქმე“.
ადვოკატის თანახმადვე, ეძგვერაძემ „იცის, ვინ იძალადა მასზე“ და ამოცნობა შეუძლია.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კითხვით, დაიწყეს თუ არა საქმის გამოძიება ან მოკვლევა და პასუხს ელოდება.
ენმ: „პოლიტიკური დევნა“
ნაციონალური მოძრაობა ეძგვერაძის დაკავებას „ქართული ოცნების“ მიერ ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
„ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის არაერთი გამოსვლა, ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელთაც დააანონსეს ოპონენტების დევნა. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, დააშინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ოპოზიციის ლიდერები“, - ამბობს ირაკლი ნადირაძე, ენმ-ის საკრებულოს წევრი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს „ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის რისკებზე“ ისაუბრა. მან ჯერ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვა საარჩევნო შეკრებებზე შუშის ბარიერით იმიტომ არის უზრუნველყოფილი, რომ იგი თავდასხმის რისკის ქვეშაა. შემდეგ კი თქვა:
„თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული“.
ენმ-ის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტებთ ამბობს: „ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა რეპრესიები, თქვა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს დაესმხებოდნენ თავს და „გაიპრავა“, ჩვენი ბრალი არ იქნებაო. რამდენიმე საათში შეგვისრულა დანაპირები“.
„არჩევნები ახლოვდება და [კობახიძემ] იცის, რომ გლდანში ის აგებს. არაერთხელ მოაგზავნეს ქუჩის შპანა. გუშინაც ასეთი სპეცოპერაცია ჩაატარეს, თითქოს ვიღაცას იჭერდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო კობახიძის მიერ“, - ამბობენ პარტიაში.
ეძგვერაძის დედაც „ირაკლის წინასაარჩევნო აქტიურობას“ უკავშირებს დაკავებას.
ვინ არის ეძგვერაძე
ირაკლი ეძგვერაძე თბილისის საკრებულოს წევრია 2021 წლიდან - VII მოწვევის საკრებულოს წევრი. საკრებულოში არის გარემოს დაცვისა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების წევრი.
პარტიული თანამდებობა ენმ-ის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ამჟამად არის ენმ-ის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. 2023 წლიდან არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც.
ეძგვერაძე 2023 წელს ერთ-ერთ რეზონანსულ ინციდენტშიც ფიგურირებდა.
2023 წლის 22 სექტემბერს საკრებულოში, საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს; დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
მოგვიანებით უცხო პირები ირაკლი ეძგვერაძეს სახლთან დახვდნენ და სცემეს.
პოლიციამ ამ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავა „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით. სასამართლომ ექვსიმე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
ეძგვერაძე თავდასხმას „ქართულ ოცნებას“, კერძოდ, დეპუტატ კოტე ზარნაძესა და თბილისის მერს კახა კალაძეს უკავშირებდა.
კახა კალაძემ ეძგვერაძეს „კრიმინალად“ მოიხსენია, უწოდა მას „ქუჩაში [ნიკა] მელიას დასაყრდენი“, და თქვა, რომ მომხდარი მის წარსულს უკავშირდებოდა. კალაძემ განაცხადა, რომ ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას არ ჰქონია და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს.