ექსპერიმენტი გრძელდება: მეორე კვირა საარსებო მინიმუმზე

უკვე ორი კვირაა, ვცდილობ, საარსებო მინიმუმი (170.80 ლარი) თვის ბოლომდე ვიმყოფინო. წინა კვირას 100 ლარი დავხარჯე - რაში და როგორ, ყველაფერი აქ წერია. ამ კვირას კი საქმე გაცილებით გართულდა.

დღე მერვე

ვერ გავიგე, საარსებო მინიმუმი ზამთარ-ზაფხულ ნაძვივით ერთი და იგივე რატომ არის?! ზამთარში აშკარად ორმაგს ხარჯავ. მეორე კვირა ისე დაიწყო, ხილი ვერ ვიყიდე, როცა ზაფხულში ერთი ყუთი ვაშლატამა შეიძლება ხუთ ლარად მოგცენ.

დღეს პატარა (სამლარიანი) პიცა და ნამცხვარი მქონდა. ეს მენიუ მალე შიმშილობად დამიჯდება, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მზესუმზირაც მოვხალე, არ განაყრებს, მაგრამ ყურადღება კარგად გადააქვს. ეს ყველაფერი 5.70 ლარი დამიჯდა.

დღე მეცხრე

მე რომ პომიდვრის კონსერვი მეგონა, სინამდვილეში ტომატ-პასტა აღმოჩნდა. იხტიბარი მაინც არ გავიტეხე და „ჩიჟი-პიჟი“ მოვამზადე. პურთან ერთად ურიგო არ იყო.

სტაფილო გამომელია და აღარც ტუალეტის ქაღალდი და ჭურჭლის სარეცხი ჟელე მაქვს. თან, ორი დღეა მაკრატელს ვეძებ. დამეკარგა და არ მინდა ახალი ვიყიდო. მთელი სახლი გადავაქოთე.

ნაცნობის მონაყოლი მახსენდება. ზამთარში თოვლისგან მოწყვეტილ სოფელში მარტო ჩარჩა. ცერზე ფრჩხილი ჰქონდა ჩაზრდილი. ვერტმფრენს ხომ არ გამოიძახებდა ფრჩხილების დასაჭრელად და: „ავიღე ქლიბი, გავლესე ქვაზე, გავატარე ცეცხლზე და ჩემით ამოვიძრე“... მთაში თუ მოხვდით, ასეთი ხალხური ოპერაციების ამბებს ბევრს მოგიყვებიან, იქ მწარე რეალობა ერთგვარ ფოლკლორად ჩამოყალიბდა. მით უმეტეს, სწორედ რეგიონებში ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცები, ვისი პენსიაც 180 ლარია - იგივე, რაც საარსებო მინიმუმი.

დღე მეათე

გუშინ სტაფილო ვიყიდე, ასე რომ, დღეს ისევ სტაფილოიანი ბრინჯი მაქვს. დიდი ქვაბით გავაკეთე - მაინც ერთსა და იმავეს ვჭამ და ყოველდღე რატომ ვხარშო?! კიდევ ზეთში შემწვარი პურიც მივაყოლე, ერთგვარი ფოკაჩა. რა თქმა უნდა, რასაც იტალიური ფოკაჩა ჰქვია, ის სულ სხვაგვარად მზადდება და ბევრად გემრიელიც არის, მაგრამ გაჭირვებაში ესეც წავა. ჩვეულებრივი პური დავჭერი, ზეთში შევწვი და ნივრისა და თავშავას ნარევი გადავუსვი.

დღე მეთერთმეტე

ყავაში 2.50 ლარი დავხარჯე. მეტი დღეს არაფერი შემიძენია - რაც მქონდა, იმას დავყაბულდი.

O, falsely, falsely murder'd
Desdemona

უკვე კარგა ხანია, თმა შესაღები მაქვს, მაგრამ როგორ შევიღებავ, როცა ორლარიანი მაკრატელი ვერ მიყიდია. სალონში თმის შეღებვას 35 ლარი სჭირდება. დავფიქრდი, არსებობდა თუ არა რამე ხალხური მეთოდი და სწორედ აქ მივხვდი, რატომ იმდუღრებიან გოგონები ლეღვის ნახარშით. მიუხედავად იმისა, რომ მალე ჩემი ჭაღარით დამბლადორს დავემსგავსები, გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ. არადა, საზოგადოება ქალისგან ყოველთვის ფორმაში ყოფნას მოითხოვს. მაგალითისთვის შეგვიძლია დეზდემონა გავიხსენოთ, რომელიც დახრჩობის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გამოდის სიტყვით და ეს ყველას ნორმალური ამბავი ჰგონია.

დღე მეთორმეტე

დღესაც სტაფილოიანი ბრინჯის დღეა. კვერცხიც შევიწვი. თუმცა უკვე მიფუჭდება ჯანმრთელობა და მასთან ერთად ხასიათიც. კიდევ ერთი, რაც ამ მინიმუმს ახასიათებს, ისაა, რომ სტუმარი თუ მოგივა, დიდი-დიდი ყავა შესთავაზო, ხოლო მაღაზიაში ვალი თუ აიღე, მის დასაბრუნებლად ახლა სხვაგან მოგიწევს ვალის აღება.

დღე მეცამეტე

დღეს დაბადების დღეზე მოვხვდი და ერთბაშად ტორტის ორი ნაჭერი გადავსანსლე. უგემრიელესი მარწყვის ტორტი იყო, მაგრამ, როგორც დარტანიანის მსახური პლანშე იტყოდა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს სადილი, მხოლოდ ერთხელ გაძღები. ის წიწიბურა, დღეს რომ უნდა მეჭამა, ხვალისთვის შევინახე.

საღამოს ახალი განსაცდელი დამატყდა თავს: შარვალი, რომელიც ყველაზე მეტად მიხდებოდა, ტანზე შემომეხა. იმ ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დავდექი, რომლის წინაშეც პერიოდულად ყველა ქალი დგება - კარადა ტანსაცმლითაა სავსე, მაგრამ ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს, რადგან ეს დაძველდა, იმაში ვეღარ ეტევი, ის მოგბეზრდა, ეს „გამოსასვლელია“, ის - გასაუთოებელი, კიდევ ის „ამაზონიდან“ გამოიწერე და „რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდა“ დაგემართა... მაგრამ ახლა მინდა-არ მინდას დრო არ არის - ერთ-ერთს ვიცვამ. ახალი ტანსაცმლის საყიდლად, თუნდაც მეორადებში, ფული, უბრალოდ, არ მაქვს.

ასე შეიძლება 90-იანელების პრაქტიკას დაუბრუნდე - მახსოვს, იმ წლებში ჩემმა ნათესავმა ქალმა როგორ ითხოვა მეზობლისგან მუყაოს თაბახზე გამოჭრილი თარგი და შავი ნაჭრისგან თავის ბიჭებს საცვლები შეუკერა. წარსულიდან კიდევ ერთჯერადი და 20-თეთრიანი შამპუნები მენატრება. ახალი ფლაკონი დღემდე არ მიყიდია.

დღე მეთოთხმეტე

დღეს ორი რამ მაქვს: გუშინ მოხარშული წიწიბურა და დაბალი წნევა, ამიტომ თავი გავინებივრე და ლარნახევრიანი ხაჭაპურიც დავაყოლე. ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი სითხეც. საღამოს ყიყლიყო შევიწვი ბევრი პურით და ერთი კვერცხით. კვერცხი მეტ პურს რომ ჰყოფნოდა, წყალიც ჩავამატე.

საბოლოოდ, ამ კვირაში 42.87 ლარი მაქვს დახარჯული, რაც წინა კვირის 100 ლართან ერთად 142.87 ლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საარსებო მინიმუმი მხოლოდ 170 ლარია, გამოდის, რომ ორი კვირა მხოლოდ 29 ლარი უნდა ვიმყოფინო. ნეტავ, ჭურჭლის ჟელეს რაღაზე ვყიდულობდი, საჭმელი მე აღარ მექნება და ჭურჭელი რამ უნდა გახადოს გასარეცხი?!