ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ.

25 მაისს ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში თითქმის ისე წვიმდა, როგორც გარეთ. იქ მომუშავე ადამიანები ჰყვებოდნენ, რომ სადენებიდან, განათებიდან, ყველაფრიდან ჩამოდიოდა წყალი ოთახებში, კადრში კი ჩანდა პოლიეთილენის პარკებში შეფუთული არქივი, კომპიუტერები, სერვერი, წყლით სავსე ვედროები და ტილოებით მოსიარულე ხალხი. ცენტრში ამბობენ, რომ შენობაში ასე წვიმს ყოველი წვიმის დროს და რომ ეს სურათი ნანახი აქვს პრემიერ-მინისტრსაც. გიორგი გახარია 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, პანდემიამდე, დაჰპირდა თენგიზ ცერცვაძეს, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას მოაგვარებდა და ინფექციური საავადმყოფოსთვის სახელმწიფო ახალ შენობას გამოყოფდა. დღეს, დაპირებიდან 6 თვისა და რამდენიმე ათეული კოვიდპაციენტის მკურნალობის შემდეგ, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირობა ცენტრისთვის ახალი შენობის მიცემის შესახებ კვლავ ძალაშია და ეს დაპირება ახლა უფრო დამაჯერებლად ჟღერდა, ვიდრე წინა წლებში, როცა სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჰპირდებოდნენ ამას.

“ის რაც იყო, იყო, ახლა ნამდვილად კეთდება - ასეთია მათი პასუხი”, - გვეუბნება თენგიზ ცერცვაძე. უფრო კონკრეტულად კი, მან იცის, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გადატანა ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ სამედიცინო ინოვაციების ცენტრში იგეგმება, თუმცა როდის და როგორ, ან რაზეა ეს პროცესი დამოკიდებული, ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, წლებია, იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში ფუნქციონირებს. ცენტრი ქვეყანაში კოვიდ19-ის პირველი შემთხვევიდან იღებს და მკურნალობს კორონავირუსის მქონე პაციენტებს. მათი ნაწილი მედიას ღიად და ნაწილი ანონიმურად უყვებოდა ამ დროის განმავლობაში შენობაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, განსაკუთრებული აქცენტით მოუწესრიგებელ სველ წერტილებზე. იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, რომ ვერ შეძლო დაბანა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჰოსპიტალში გაატარა.

ასევე ნახეთ რატომ ვერავინ მოაგვარა ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა

შენობაში არსებულ მძიმე მდგომარეობას არავინ უარყოფს. თენგიზ ცერცვაძე იმასაც გვეუბნება, რომ შენობის მდგომარეობა ართულებს სამედიცინო პროცედურებსაც, მაგალითად, ვერ იყენებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის ორ ახალ აპარატს, რომელსაც სპეციფიკური უსაფრთხოების ნორმების მიხედვით მოწყობილი ოთახი სჭირდება, შენობაში რემონტის გაკეთების საშუალებას კი მფლობელი არ აძლევთ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, “კატეს” აპარატურა მათ საწყობში ინახება, პაციენტები კი, მათ შორის კოვიდინფიცირებულები, კომპიუტერული ტომოგრაფიის გასაკეთებლად სხვა კლინიკებში გადაჰყავდათ, რაც ცენტრისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯია, პაციენტისთვის კი - დისკომფორტი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოცხადებული ტენდერით ირკვევა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის სხვა კლინიკისგან შეძენის სერვისი ნახევარი წლის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი უჯდება. ამავე პლატფორმაზე იძებნება მაისის თვეში გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც კლინიკა კომპიუტერული ტომოგრაფიის ოთახს არემონტებს, რაც შეუსაბამობაში მოდის, ერთი მხრივ, თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან, რომ შენობაში ამ ტიპის ოთახის მოწყობის საშუალება არ ეძლევათ და, მეორე მხრივ, გაცხადებულ გეგმებთან, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ უახლოეს მომავალში ადგილი უნდა შეიცვალოს და ახალ შენობაში გადავიდეს. ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის გარემოება, რომ ტენდერის ერთადერთი მონაწილე და პრეტენდენტი შპს ყვარელრემმშენია, კომპანია, რომლის სახელთანაც იყო დაკავშირებული ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაცია. ახლად რეაბილიტირებულ სადგურში 2018 წლის იანვარში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

იმას, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადაყვანა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, ადასტურებს მთავრობის 2020 წლის 7 მაისის დადგენილებაც, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს და რაც გულისხმობს ინფექციური საავადმყოფოს არსებულ შენობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის 407 800 ლარის ოდენობით იჯარის გადახდას მისი მეპატრონისთვის. როგორც გაირკვა, ეს გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ თავად ინფექციურ საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა. არც ისაა ცნობილი, საბოლოო გადაწყვეტილებით ნამდვილად ლუბლიანას ქუჩაზე არსებული სამედიცინო ინოვაციების ცენტრი განიხილება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ახალ მისამართად, თუ არა. მაისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, ახალი შენობა აშენდება თუ არსებულ შენობაში გამოიძებნება ინფექციური საავადმყოფოსთვის ადგილი. საკითხის გადაწყვეტის პირობას დებს ჯანდაცვის მინისტრიც, თუმცა როგორი შეიძლება იყოს გადაწყვეტა, ამას ვერც ის აკონკრეტებს.

Covid19-ის გავრცელების პარალელურად, არსებობდა იმედი, რომ საქართველო მიიღებდა ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების გადაწყვეტილებას და დრო, რომელიც მოქალაქეებს იზოლაციისთვის, ქვეყანას კი პაუზისთვის მიეცა, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული გეგმების შესადგენად იქნებოდა გამოყენებული.

ასევე ნახეთ ინტერვიუ: "თუ გერმანულ მედიცინას სჭირდებოდა მაქსიმალური მობილიზება, ვფიქრობ, ქართულს მეტად სჭირდება"


თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სექტორის გაძლიერება მხოლოდ ინფექციურის გაძლიერებას არ გულისხმობდა და ის, რომ ინფექციური საავადმყოფო კვლავ გაურკვევლობაშია და პანდემიამდელი პრობლემებიც არსად წასულა, არ ნიშნავს იმას, რომ სექტორის გაძლიერება არ მომხდარა.

“წყალი ისევ ჩამოდის, ყველა პრობლემა, რომელიც იყო, ისევ არის. სექტორის გაძლიერება არ გულისხმობს აუცილებლად ჩვენი საავადმყოფოს გაძლიერებას. ჩვენი საავადმყოფოს გაძლიერება არ მომხდარა, თორემ სექტორის გაძლიერება როგორ არ მოხდა. მთელი რესპუბლიკური დაცალეს და გახადეს კოვიდცენტრი, დაცალეს პირველი საუნივერსიტეტო და გახადეს კოვიდცენტრი, ბოჭორიშვილის კლინიკის ნახევარი დაცალეს და გახადეს კოვიდცენტრი, გორის სამხედრო ჰოსპიტალი გახადეს კოვიდცენტრი, რუხის საავადმყოფო, რომელიც აშენებული იყო და არ ფუნქციონირებდა, გახსნეს და გახადეს კოვიდცენტრი, კიდევ არის ასეთი რამდენიმე - ქუთაისში, მაგალითად. ჩვენ არ გავძლიერებულვართ, თორემ ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გაძლიერდა. გაძლიერდნენ, როგორც გადმოკეთდნენ კოვიდზე. თუ აქამდე სხვა პაციენტებს იღებდნენ, მოხდა მათი გადაპროფილირება, ასე ვთქვათ. მაგალითად, რეპუბლიკური აღარ იღებს სხვა პაციენტებს და იღებს მხოლოდ კოვიდპაციენტებს, რუხის საავადმყოფო არ იყო გახსნილი, გაიხსნა და იღებს მხოლოდ კოვიდპაციენტებს, ბოჭორიშვილის კლინიკა კოვიდს არ იღებდა და ახლა ნახევარი ბოჭორიშვილი იღებს კოვიდპაციენტებს. რესურსი საკმაოდ გაიზარდა, ხუთმაგი რეზერვით ვმუშაობდით ახლა ჩვენ. რამდენი ავადმყოფიც გვეწვა, ხუთი ამდენი შეგვეძლო გაგვეტარებინა. მაგრამ ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი საქმე პროტოკოლის შედგენა და მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური მეთოდების გამოყენებაა, რასაც წარმატებით ვაკეთებდით კიდეც”, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე, რომლის თქმითაც, ფართომასშტაბიან ჯანდაცვაში გასაუმჯობესებელი, მართლაც, ბევრია და მათი შენობაც ამის დასტურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად კორონავირუსის დასახვედრად სექტორი მზად არ იყო.

თენგიზ ცერცვაძე თვლის, რომ ინფექციური საავადმყოფოს გაძლიერება არსებულ შენობაში წარმოუდგენელია და სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, აზრიც არ ექნება იმაზე ლაპარაკს, როგორ შეიძლებოდა პანდემიის დროს მისი უკეთ აღჭურვა, ვინაიდან არსებულ შენობაში რისი შესაძლებლობაც არის, ის უკვე გამოყენებულია, ყველაფერ დანარჩენს კი ახალი შენობა სჭირდება.