ექიმის მხარდამჭერებმა ახალგორისკენ თეთრ ბუშტებზე გამობმული ხალათი გაუშვეს

სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გაიმართა ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია. საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

ექიმის ოჯახის წევრებმა და კოლეგებმა თეთრი ბუშტები და მათზე გამობმული თეთრი ხალათი სიმბოლურად, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაუშვეს ჰაერში და მიმართეს ოს ექიმებს:

„ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. ჩვენ გვინდა, გავუშვათ ეს თეთრი ხალათი ჰაერში, რათა გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ ყველას, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს. დააბრუნეთ ექიმი სახლში“.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ცოცხალი ჯაჭვი დაახლოებით 200 მეტრზე გაიჭიმა.

საოკუპაციო ხაზისკენ ავტობუსები, მოტოციკლეტები და ავტომობილები, თბილისიდან 12 საათისათვის დაიძრნენ.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.